პენსილვანიის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის სარჩელი დააკმაყოფილა და ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების ის ნაწილი გააუქმა, რომელიც ამომრჩევლებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით 9 ნოემბრამდე უნდა დაემოწმებინათ, თუმცა ეს ვერ მოხერხეს.
მანამდე, პენსილვანიის სახელმწიფო მდივანმა, კეთი ბუკვარმა ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დამოწმების ვადა 12 ნოემბრამდე გაახანგრძლივა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მას ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნდა.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ბიულეტენის გაუქმებაზე შეიძლება იყო საუბარი.
ბოლო მონაცემებით, პენსილვანიის შტატში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 40 ათასზე მეტი ხმით უსწრებს.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.
9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.