„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩათვალა, რომ 27% არის საკმარისი კრიტიკული მასა იმისათვის, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ. ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, მხარდაჭერის მიუხედავად, 27% „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გაჰყვა, მხარი არ დაუჭირა რევოლუციას, რაც 8 ნოემბერის მოვლენებმაც დაადასტურა. ანალიტიკოსის შეფასებით, სწორედ 8 ნოემბრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძისთვის აბსოლუტურად ცხადი გახდა, რომ ოპოზიციის სრული მარგინალიზაცია მოხდება, თუკი ქუჩაში დარჩებიან.
for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ დაშალა ოპოზიციის ე.წ. ერთობა, მისი განცხადებები ადასტურებს, რომ ვაშაძის ადგილი პარტიაში და ასევე გაერთიანებულ ოპოზიციაში არ არის?
დავით ზარდიაშვილი: არ ვიცი, გამიჭირდება ამის თქმა. ვაშაძე არის პარტიის თავმჯდომარე და როგორც წესი, თავმჯდომარის განცხადება პარტიის პოზიციად ითვლება ხოლმე. ამ ვითარებაში გაუგებარი ხდება რა პოზიციაზე არის „ნაციონალური მოძრაობა“.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებებიდან ჩანს, რომ პარტიის წევრებსა და თავმჯდომარეს შორის არ არის ერთიანი პოზიცია, ხედვა...
– თავისთავად ცხადია, პარტიაში არის ორი პოზიცია. ერთი პოზიცია, რომელიც ვაშაძემ გამოხატა, რომელიც ოფიციალურად არის პარტიის თავმჯდომარე და მას მხარი დაუჭირა სალომე სამადაშვილმა. საუბარია იმაზე, რომ არ შეიძლება მოხდეს ოპოზიციის მარგინალიზაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში აუცილებლად შევა ოპოზიცია და ეს ცხადია. სხვადასხვა ინტერპრეტაციები მესმის, მაგრამ რაც ვაშაძემ თქვა, სწორედ ეს არის, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, რომ მისი მარგინალიზაცია არ მოხდეს და უკვე საპარლამენტო ტრიბუნიდან წავა მსჯელობა არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობაზე. რეალურად ასეთი ვითარებაა და სამართლებრივადაც ასეა.
ხელახალი არჩევნები რომ დაინიშნოს ამისათვის საარჩევნო პროცესიში უნდა დაფიქსირდეს არსებითი ფაქტები გაყალბების შესახებ. პროპორციულ ნაწილში საარჩევნო ოლქების ნახევარი ნაწილი უნდა იყოს ბათილად ცნობილი და ამის შემდეგ ინიშნება თავიდან პროპორციული არჩევნები. ასეთი ვითრება არ არის. საარჩევნო პროცესი იმ ეტაპზე არის მისული, რომ პირველი ტურის შედეგები ჯამდება, საოლქოებმა ყველა საჩივარი განიხილეს, სასამართლო საჩივრების ჩათვლით და საბოლოოდ მიიღეს შესწორებული ოქმები. სამართლებრივად არ არსებობს მექანიზმი იმისა, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.
მაგრამ, რა მექანიზმი არსებობს იმისა, რომ ოპოზიცია დარწმუნდეს არჩევნების ლეგიტიმურობაში?
– ერთადერთი გზა არის, შევიდნენ პარლამენტში. შექმნან საგამოძიებო კომისია და იქ მიაღწიონ შედეგს. თუ საჭირო არის გადათვლა, ამაზე „ქართული ოცნება“ უარას არ ამბობს. თუ მნიშვნელოვანი დარღვევა იყო, საგამოძიებო კომისიას შეუძლია პასუხიც მოითხოვოს, გამოიძოს კიდეც და თუ საჭიროა, სათითაოდ გადათვალოს ყველა უბნის შედეგები. ოპოზიციას სხვა მექანიზმი მოთხოვების დასაკმაყოფილებლად სამართლებერივ სივრცეში არ აქვს. თუ გარეთ დარჩებიან, ეს მათი ნებაა. რევოლუციაც არ გამოსდით და ხელისუფლებას ესენი ვერ დაამხობენ. ცხადია, ეს გააცნობიერა ვაშაძემ.
თუმცა მცდელობა არის...
– რასაკვირველია, მაგრამ იმდენად უსუსურია ეს მცდელობა, რომ არანაირად არ იქნება მხარდაჭერილი საგარეო კუთხით.
საერთაშორისო მხარდაჭერა ოპოზიციას არ ჰქონდა, ეს თავიდანვე ცხადი იყო, ისევე, როგორც რევოლუცია არ იქნებოდა მხარდაჭერილი. ვაშაძე, რომელიც დიპლომატია, არ აღმოჩნდა ის კადრი, რომელიც რევოლუციურ პროცესზე უარს ამბობს?
– ვაშაძე ქუჩაში არ დადგება და რევოლუციას არ მოაწყობს. სამადაშვილის სატელეფონი ჩანაწერი რომ გამოქვეყნდა, იქვე ჩანდა ეს პოზიცია, რომ ისინი სააკაშვილის მიმართულებას, როგორც აბსოლუტურად უპერსპექტივოს, მხარს არ დაუჭერდნენ, მით უმეტეს, რომ არავითარი მხარდაჭერა დასავლეთიდან არ ჰქონდათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ვაშაძე–სამადაშვილისთვის. ასეა თუ ისე, ორივეს გარკვეული დიპლომატიური გამოცდილება აქვთ. მით უმეტს მხარდაჭერა არ აქვთ შიგნით, ხალხის მხარდაჭერის გარეშე არიან.
იცით, რისი იმედი ჰქონდათ? – 27% რომ მიიღეს, ჩათვალეს, რომ ეს იქნებოდა საკმარისი კრიტიკული მასა ბუნტის მოსაწყობად. აღმოჩნდა, რომ ამ 27%–დან ბევრი ბოლომდე არ მიჰყვა. გასაგებია, რომ „ოცნების“ საწინააღმდეგოდ მისცეს მათ ხმა, გასაკუთრებით რადიკალურად განწყობილმა ნაწილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა მხარი, მაგრამ ხალხი სულელი არ არის, რომ ისევ თავიდან დაყვნენ რევოლუციაზე. ეს ფაქტია და ეს გამოაჩინა 8 ნოემბერმა. სწორედ, 8 ნოემბრის შემდეგ ვაშაძისთვის აბსოლუტურად ცხადი იქნებოდა, რომ მოხდება ოპოზიციის სრული მარგინალიზაცია, თუ ისინი დარჩებიან ქუჩაში.
პრინციპში, დაწყებულია კიდეც ოპოზიციის მარგინალიზაცია...
– გეთანხმებით, მაგრამ აქ ლაპარაკია არა მთლიანად ოპოზიციაზე, არამედ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. დანარჩენები, ეს წვრილ–წვრილი ოპოზიციური პარტიები მზად არიან უარი თქვან საპარლამენტო ტრიბუნაზე, ოღონდ ტრიბუნა ჰქონდეთ სამ „გლავკანალში“, და არ სჭირდებათ მათ მაინცდამაინც საპარლამენტო ტრიბუნა. ურჩევნიათ, რომ ტელევიზიაში გაახარონ თავისი ჭია, რაღაცა სისულელეები ილაპარაკონ, ვირდე პარლამენტში სერიოზულ პოლიტიკურ პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ეს მათი არჩევანია, მაგრამ ვაშაძისთვის და სამადაშვილისთვის, რომელთაც უფრო მეტი ამბიცია აქვთ, ვიდრე მელიას. მელიას რა ამბიცია შეიძლება ჰქონდეს, წავა რაღაცას დააფრქვევს და მეტი არაფერი. რეალურ პოლიტიკურ პროცესში მელიას ადგილი არ არის. მელიას რა პოლიტიკური ინტერესი შეიძლება ჰქონდეს, რა ინტერესის მატარებელი და გამომხატველი შეიძლება იყოს, დესტრუქციის გარდა მისგან არაფერი მომისმენია. სამადაშვილს და ვაშაძეს ამ მხრივ კიდევ აქვთ გამოცდილება. ასევე არ დაივიწყოთ ის ხალხი, ვინც ფული ჩადო საარჩევნო კამპანიაში. ეს არის კობა ნაყოფია, კახა ოქრიაშვილი, ცეზარ ჩოჩელი, დიდ ფულზეა ლაპარაკი და რასაკვირველია, ისინი თავის ფულს ითხოვენ. ის ხალხი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებს, სხვა რამეში დებენ ფულს და არა რევოლუციაში, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელიც რევოლუციაში დებს ფულს.
ცხადია, ისინი პასუხს მოსთხოვენ ამათ და არავითარ შემთხვევაში არ გაგრძელდება ისე, რომ ესენი ქუჩაში იდგნენ და ჩოჩელმა, ან ოქრიაშვილმა ამაში ფული იხადონ, ეს არის აბსურდი, არ მჯერა ამის. ასევე წარმოუდგენელია ვინმემ დიდხანს გააგრძელოს ამ სამი „გლავკანალის“ დაფინანსება, ესეც წარმოუდგენელია, ძვირი ჯდება მათი შენახვმა. „გლავკანალი“ თვეში მილიონზე მეტი ჯდება. ვინ არის მაგის გადამხდელი, როცა არავითარი პერსპექტივა და რეალურ პოლიტიკაზე ზეგავლენა ქუჩას არ აქვს. ცხადია, მიხვდნენ ამას. მათ დაანონსებული აქვთ, რომ არ შევლენ პარლამენტში, რომ გარედან იქნება ხელისუფლებაზე ზეწოლა და ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას ქუჩიდან შევცვლითო. ახლა კი, რადგან ეს ნათქვამი აქვთ, მძევლები არიან თავისი სიტყვის და არ უნდათ, რომ სახე დაკარგონ და ცდილობენ, რაღაცნაირად, დელიკატურად გამოვიდნენ ამ ვითარებიდან. ფიქრობენ იმ ხალხზე, ვისაც ეს დაპირება მისცეს, ვინაიდან პასუხს მოსთხოვენ, ეს ხაბეიშვილი იქნება მელია თუ ა.შ. ესენი ამაში ხელფასს იღებენ, იმიტომ, რომ ამ საქმეს ასრულებენ. ამიტომ, გაუჭირდებათ გადაწყობა. აქედან რაღაც პროცესი უნდა წავიდეს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდნენ და ეს ხდება ახლა. მაგრამ არ მჯერა, რომ ვაშაძე თავის პარტიას აუჯანყდა. შიგნით არის პროცესი, როდესაც პარტიამ ნელ–ნელა უნდა მიიღოს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება, ცხადია ყველაფერი.
თუმცა ცხადია ისიც, რომ ვაშაძეს პარტიაში მხარდაჭერა არ აქვს...
– ეს არის საერთოდ გაუგებარი. საჯაროდ ასე ითქმევა, საუბარი მიდის. ფაქტია, რომ დაიწყო დიალოგი. ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესში შევიდა არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მთელი ოპოზიცია და ეს ფაქტია. ეს არის ვითარება, საიდანაც გამოსავალი არის პარლამენტში შესვლა. სხვა გამოსავალი არ არის, სხვა შედეგი აქ წარმოუდგენელია.
მთელი ოპოზიცია დაიბარეს ამერიკის საელჩოში და არ მგონია, რომ ძალიან მშვიდი საუბარი ყოფილიყო იქ. პირდაპირ, მაგრამ დიპლომატიური ფორმით იქნებოდა გამოხატული აშშ–ის და დასავლეთის პოზიცია, რომ არეულობა ამ ქვეყანაში დასავლეთს არ უნდა და არავითარ შემთხვევაში არ იქნება მხარდაჭერილი. ეს ისედაც რამდენჯერმე თქვეს, მათ განცხადებებში პირდაპირ ჩანს, რომ არჩევნები ლეგიტიმურად არის აღიარებული. სხვა რა შეიძლება მოხდეს?!
ლაპარაკი არის იმაზე, რომ თუ ოპოზიციას ოდნავ მაინც აქვს ეჭვი, რომ არჩევნები გაყალბდა, დავა შეიძლება გაგრძელდეს და ის, რომ პარლამენტში შევლენ, ეს საკითხი არ დაიხურება. ამისთვის არსებობს ძალიან მძლავრი მექანიზმი, როგორიც არის საგამოძიებო კომისია. ამის პრეცედენტი გვაქვს და გაიხსენეთ სარალაძის პროეცესი, როდესაც საგამოძიებო კომისიამ ბევრი რამე შეცვალა.
თუ არჩევნები გაყალბდა, რასაკვირველია, ეს არ დაიმალება და თუ დადასტურდა, რომ გაყალბდა, ამას მოჰყვება საპარლამენტო კრიზისი და დაინიშნება ხელახალი არჩევნები. ვაშაძეც მაგას ამბობს, გამოვიყენოთ ეს ლეგალური საშუალება და არა ქუჩა. მე ამ პოზიციას არ ვეთანხმები და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
კონსულტაცია დაიწყო და, ანუ გაქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში?
– სხვა მოლოდინი არ მაქვს. იმიტომ, რომ როგორც კი ისინი მივიდნენ ამერიკის საელჩოში, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ეძებენ გამოსავალს. ამ მძიმე მდოგომარეობიდან სჭირდებათ გამოსავალი, რაც თვითონ შეუქმნეს თავიანთ თავს.
ქუჩაში დარჩენის შემთხვევაში არსებობს შანსი იმისა, რომ ისისნი პოლიტიკიდან გარიყოს ამომრჩეველმა?
– ქუჩაში რომ არ დარჩნენ და პოლიტიკიდან არ გაირიყონ, იმიტომ მივიდნენ ამერიკის საელჩოში. ამის მერე მივლენ პარლამენტში, ოღონდ ამას დროს სჭირდება. ქუჩაში დარჩენის შემთხვევაში ტრიბუნა ექნებათ ტელევიზიიდან, კონტრძალაუფლების სახით. ეს ინკვიზიტორი გვარამია შეუქმნიდა მათ ამ ტრიბუნას, მაგრამ ცხადია, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.
ოპოზიციას ძალიან დიდი ფუნქცია აქვს პარლამენტში – ეს არის ოპონირება და ხელისუფლების კონტროლი. თუ ამაზე უარს იტყოდნენ, აქ შეიძლება ჩართულიყო სხვა მექანიზმი. კერძოდ, პირდაპირი მონაწილეობითი დემოკრატია. იმ ხალხმა, ვინც მათ მანდატი მისცა, მათ შეიძლება პარლამენტისგან მოითხოვონ, რომ პარტიების მეშვეობით კი არა, პირდაპირ მომეცი უფლება ვაკონტროლო ხელისუფლება და ამის მექანიზმები არსებობს.
თუ პარტია არ სჭირდება, მაშინ მარგინალი ხდება და ქუჩაში მათ ყოფნას, რამდენიმე ტვინგაცხელებულის გარდა, არავინ გაყვება. მათ აქციებს პერსპექტივა არ აქვს, მილევადია, რადგან მიზნად აქვთ ხელისუფლების დამხობა, რაც წარმოუდგენელია. 50 ათასი კაციც რომ მოვიდეს, ხელისუფლებას ვერ დაამხობენ. სახელმწიფო არის ინსტიტუციონალიზებული, ძალოვანი სტრუქტურები მონოპოლიზებულია, სრულად არის სახელმწიფოს ხელში. შეიარაღებულ აჯანყებას ესენი ვერ მოაწყობენ, ქუჩიდან პოლიციას ვერ გადაუვლიან.
ბატონო კახელო სრულიად გეთანხმებით, მაგრამ ამ სულელებმა პარლამენტშიც რომ შევიდნენ და იქაც იკრიახონ ამისათვის მათ ის სამი-ოთხი სიცრუის მანქანა ტელევიზიები მათ საეთერო სივრცეს ვერ დაუხშობენ იმიტომ, რომ ისედაც მორალურად გაკოტრებული და გამარგინალებული არიან, და მერე საერთოდ გადაცემებს ვეღარ შექმნიან. "მსახიობები" სპექტაკლზე თუ არ მივიდნენ "რეჟისორები" რაღა სპექტაკლს გამართავენ??!!
აი საერთოდ რომ მოისპოს ეს პოლიტიკური პარტიები მაშინ, მაშინ კი უცილობლად გაკოყრდებიან და მოგვცილდებიან ეს ყვავ-ყორანა ტელევიზიებიც! დაისვენებს ხალხი!