„ნაციონალებმა უფრო კარგად იმუშავეს თავის ელექტორატზე, მათი მხრიდან იყო აბსოლუტურად სრული მობილიზაცია, „ქართული ოცნების“ გარკვეული ნაწილი კი არ მივიდა არჩევნებზე, ან სხვა პარტიებს შორის გადანაწილდა“,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე.
ოპოზიცია რას მიაღწევს უწყვეტი საპროტესტო ტალღით და არის თუ არა რევოლუციური განწყობა ჩვენს საზოგადოებაში?
- გააჩნია, როგორი ერთსულოვნები იქნებიან ოპოზიციონრები. თუ იქნებიან შტრეიკბრეხერები და დაირღვევა მათი ერთიანობა, მაშინ იძულებულნი გახდებიან, შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ოპოზიციონრები არ შევლენ პარლამენტში და პროტესტს განაცხადებენ, ის ფულიც არ აიღონ, რაც მათთვის ბიუჯეტითაა განსაზღვრული. არ უნდა მოხდეს ისე, როგორც შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში იყო, რომელიც არ დადიოდა პარლამენტში, ამის მიუხედავად, დეპუტატობისთვის განკუთვნილ ანაზღაურებას იღებდნენ „ლეიბორისტები“ და ბოიკოტს აცხადებდნენ. ლეგიტიმური და სამართლებრივი იქნება, ეს ფული არ აიღონ, თუკი პროტესტს გააგრძელებენ. მაინც მიმაჩნია, თუ დაირღვევა ერთსულოვნება და ოპოზიცია შევა პარლამენტში, ამ შემთხვევაშიც, ძალიან ჭრელი იქნება პარლამენტი და სულ იქნება ეს კრიზისები. მთავარია, ყველაფერი არ ამოვარდეს სამართლებრივი ჩარჩოდან. ჩვენ ამის ძალიან თვალნათელი მაგალითი გვაქვს, რომ სამართლებრივი ჩარჩოდან ამოვარდნას არაფერი კარგი არ მოაქვს ქვეყნისთვის.
როგორ ფიქრობთ, მრავალპარტიულმა პარლამენტმა შესაძლოა, მესამე ძალის ჩამოყალიბებას დაუდოს საფუძველი? შეძლებს კი ეს პარლამენტი ამ მიზნის მიღწევას? თუ ისევ მესამე ძალის დროში გაწელილ მოლოდინში ვიქნებით?
- ხალხში ამის დაკვეთა არსებობს, რომ ჩამოყალიბდეს მესამე კონსტრუქციული ძალა, რადგან ეს ძირითადი ოპოზიციური ძალა, „ნაცმოძრაობის“ სახით, ჩემი აზრით, არ არის კონსტრუქციული, ეს არის დესტრუქციული ძალა და დროა, ჩვენ აღმშენებლობაზე ვიფიქროთ. თუ კონსტრუქციული თანამშრომლობა არ იქნება პოზიცია-ოპოზიციას შორის, პროცესი წინ ვერ წავა. ამიტომ მოხარული ვიქნები, თუ გამოჩნდება მესამე კონსტრუქციული, ავტორიტეტული ადამიანებით დაკომპლექტებული მესამე ძალა.
სოციალურ ქსელებში გაოცებას ვერ მალავენ, როგორ აიღეს ნაციონალებმა ამდენი ხმა, ნუთუ დაავიწყდა ხალხს 9-წლიანი მმართველობა? თქვენ რით ახსნით იმას, რომ ნაციონალები არ გაქრნენ პოლიტიკური არენიდან, როგორც მას მმართველი გუნდის ცალკეული მაღალჩინოსნები უწინასწარმეტყველებდნენ?
- სხვათა შორის, „პატრიოტებიც“ ლაპარაკობდნენ, რომ უნდა დასრულებულიყვნენ „ნაციონალები“, ახლახანს ამავე პათოსის მოძრაობაც ჩამოყალიბდა „დავასრულოთ“, ია მეტრეველის, სოსო მანჯავიძის, გია იაკობაშვილის თაოსნობით, ძალიან კარგი იქნება, თუკი ეს მოძრაობა გააქტიურდება, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, არა მარტო დავით გარეჯის საქმე უნდა იყოს გამოძიებული, არამედ 2008 წლის ომიც, როგორ მოხვდა ეს ტერიტორიები რუსეთის ხელში თავის ტექნიკასთან ერთად და მანამდე ამ ყველაფერს ჰქონდა სამართლებრივი გაფორმება. ოპოზიცია ახლა არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, არადა, ჩემი აზრით, ნაციონალებმა უფრო კარგად იმუშავეს თავის ელექტორატზე, მათი მხრიდან იყო აბსოლუტურად სრული მობილიზაცია, „ქართული ოცნების“ გარკვეული ნაწილი კი არ მივიდა არჩევნებზე, ან კიდევ „ოცნების“ ელექტორატი გაიყო სხვა პარტიებს შორის. ზოგიერთმა კომისიის წევრმა ისიც კი მითხრა, რომ ნაციონალების სასარგებლოდ მოხდა გაყალბება. ეტყობა, საარჩევნო შტაბების დონეზე იყო გაყალბება, რადგან ნაციონალების წარმომადგენლები ფართოდ იყვნენ იქ წარმოდგენილნი. თანაც, მათ გაყალბების ისეთი გამოცდილება აქვთ, საამისო ტექნოლოგიებიც აქვთ დამუშავებული, მათი მოგონილია ეს ყველაფერი.
როგორ ფიქრობთ, რა შედეგი ექნება მათ აქციებს?
- ჩვენს საზოგადოებაში ნაციონალების და მათი თანამოაზრეების ხვედრითი წილი ძალიან დიდი არ არის, მაგრამ კრიზისული სიტუაცია მაინც არის და სასურველი იქნებოდა, ეს კრიზისი დასრულდეს. თუმცა მთელი უბედურება იმაშია, რომ ეგენი მოტივირებულნი არიან კრიზისზე. მათი სასარგებლო როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ეგენი მაინც შეეცდებიან, სიტუაცია არიონ.