ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლას უკრაინიდან ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ხალხის მასობრივი მობილიზაცია უნდა მოხდეს. ამ ფაქტმა კი, ისედაც უკვე გაყოფილ ოპოზიციაში ბზარი კიდევ უფრო გააჩინა.
მართველ გუნდში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არასერიოზულად აღიქვამენ. როგორც for.ge-თან, „ქართული ოცნების“ წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, პომპეოს ჩამოსვლა დასტურია იმის, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი იყო, არის და ასევე დარჩება. „სააკაშვილის განცხადება კი იმას ნიშნავს, რომ მას არ სურს საქართველო იყოს ამერიკასთან დაახლოვებული. განსაკუთრებით, ექსპრეზიდენტთან დაახლოვებულ პირებს, კერძოდ, რუსებს არ სურთ, რომ საქართველო ამერიკის მოკავშირე იყოს“.
რატი იონათამიშვილი: ამერიკა ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და დემოკრატიული სამყაროს ლიდერია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს გაიმართება. ამის გაჟღერება არის უკვე ერთი კიდევ მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო აშშ-ს მტკიცე და ერთგული პარტნიორია. ჩვენი თანამშრომლობა დღეს ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
ამის ფონზე, როდესაც სააკაშვილი მასობრივ გამოსვლებს აანონსებს, ეს მიუთითებს იმას, რომ მასთან დაახლოვებულ პირებს ჩვენი ამერიკასთან დაახლოვება არ უხარიათ. ეს დაახლოვებული პირები კი რუსები არიან. მაგრამ, მათ რაც უნდა ეცადონ, არაფერი გამოუვათ, რადგან საქართველო-ამერიკის ურთიერთობა შეუქცევადი პროცესია.
სააკაშვილის განცხადებამ მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშრებით გაერთიანებულ ოპოზიციაშიც კი განხეთქილება გამოიწვია. მანამდეც იყო განცხადებები, რომელიც გარკვეული ოპოზიციის ნაწილს არ მოსწონდა. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის „შავმა კატამ გაირბინა“ და ოპოზიცია შუაზე გაიყო?
- ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ოპოზიციის „ერთობა“ ფასადური იყო. კარგად გვახსოვს წინასაარჩევნო პროცესების დროსაც ერთმანეთის მიმართ როგორი „მეგობრულები“ იყვნენ. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთს აღიქვამდნენ კონკურენტებად. ახლაც, მათი ერთობა ფარსია. გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ოპოზიციაში საკმაოდ მერყევი სიტუაციაა. უბრალოდ, ვფიქრობ, საკითხი ახლა ასე დგას - ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში არიან. ყველამ ნახეთ, რომ მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი ნიკა გვარამია ოპოზიციას დაემუქრა, რომ ვინც მერყევ პოზიციას აირჩევს, პოლიტიკურ ჯოჯოხეთს მოუწყობს. სწორედ, ამ შიშის გამო ვერ ბედავენ საკუთარი აზრი დააფიქსირონ. რაც უფრო მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მათთვის უკეთესი იქნება. დღეს ჩანს, რომ ოპოზიციაში დამოუკიდებელი პარტიები არ არსებობენ. თუ ვინმეს უნდა, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, მათ დამოუკიდებლად, საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების განცხადებაც გააკეთა და ოპოზიციის ნაწილს მისი ჩამოსვლის სჯერა კიდეც...
- სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება უკვე კომიკურ ჟანრად იქცა. მისი ადგილი ქართულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. მოგეხსენებათ, ის არის არაერთ უმძიმეს საქმეზე როგორც მსჯავრდებული, ასევე ბრალდებულიც. რა თქმა უნდა, თუკი გადაწყდა მისი ჩამოსვლის საკითხი, რეაგირებაც აუცილებლად იქნება. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ის უფრო კომფორტულად გრძნობს თავს თბილ ოთახებში, საიდანაც გვესაუბრება სხვადასხვა ტელევიზიების მეშვეობით. ეს ოპოზიციური პარტიები მისგან რაც უფრო მალე გათავისუფლდებიან, მით უკეთესი მათთვის, რადგან სააკაშვილი დანაშაულებთან და ყველანაირ ნეგატივთან ასოცირდება.
გრიგოლ ვაშაძის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის ნაწილი მაინც წამოვა მოლაპარაკებაზე და დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან?
- აღნიშნულ საკითხთან პოზიტიური მოლოდინი მაქვს. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით 1%-იანი ბარიერი 9 პარტიამ გადალახა და ეს ისტორიული ფაქტია. ასეთი მრავალპარტიული პარლამენტი არასდროს ყოფილა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები გვქონდა, მაშინაც ოპოზიცია არ მონაწილეობდა. ამან კი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გულდაწყვეტა გამოიწვია. ოპოზიციას ამ შეცდომების გამოსწორების შანსი აქვთ. თუმცა, თუ გავიხსენებთ ბოკერიას განცხადებას, რომ სააკაშვილს პროპორციული არჩევნები არ უნდოდა და იმ დროს ოპოზიციას მხარი არ უნდა დაეჭირა - ასეც მოხდა. თუ შეცდომებს გამოასწორებენ, შემოვლენ პარლამენტში, მათთვის იქნება უკეთესი, თუ არადა შორიდან მოუწევთ ჩვენი ქვეყნის პროგრესის ყურება.