საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ჯო ბაიდენს დავურეკე და მას არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. ერთად ბევრის გაკეთება მოგვიწევს, რათა წინ წავწიოთ ისეთი საერთო პრიორიტეტები, როგორიც არის კლიმატის საკითხი, გლობალური ჯანდაცვა და საერთაშორისო უსაფრთხოება“, - დაწერა ემანუელ მაკრონმა Twitter-ზე.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევებს გამოიძიებს. 9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.