აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თეთრი სახლის აპარატის უფროსის კანდიდატურა უკვე შეარჩია. ამის შესახებ გამოცემა New York Times იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, პოსტს 59 წლის რონ კლაინი დაიკავებს, რომელიც ბარაკ ობამას მრჩეველი იყო და ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში მის აპარატს ხელმძღვანელობდა.
საერთაშორისო საზოგადოებამ ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ ცნობს და რამდენიმე შტატში, მათ შორის ჯორჯიასა და უისკონსინში ხმების ხელახლა დათვლას ითხოვს.