დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ახლახან ვესაუბრე ჯო ბაიდენს, რომელსაც არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განმტკიცებასა და მასთან ერთად საერთო პრიორიტეტებზე მუშაობას, როგორიც არის კლიმატის ცვლილება, დემოკრატიის განვითარება და პანდემიის შემდეგ აღდგენა“, - დაწერა ბორის ჯონსონმა Facebook-ზე.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევებს გამოიძიებს. 9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.