სომხეთში ჩასული რუსი სამხედროები მთიან ყარაბაღში, ოპერაციის ზონისკენ გაემართნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამხედრო კოლონებმა უნდა გაიარონ 250 კილომეტრზე მეტი და განათავსონ სამშვიდობო კონტინგენტი მთიან ყარაბაღში შეხების ხაზის გასწვრივ და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რუსული სამეთვალყურეო პოსტების მოწყობით“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
მანამდე, სომხეთში ილ-76-ის ტიპის 20 თვითმფრინავით 400-ზე მეტი რუსი სამხედრო ჩავიდა.სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის შეთანხმების თანახმად, მთიან ყარაბაღში საერთო ჯამში, 1 960 სამხედროს, 90 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორსა და 380 ერთეულ ტექნიკას გაგზავნიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამშვიდობო მისიის სამეთაურო შტაბი სტეპანაკერტის რაიონში განთავსდება.
ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან აღნიშნულ განცხადებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. მოგვიანებით ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტით უკმაყოფილო მოქალაქეები სომხეთის მთავრობის შენობაში შეიჭრნენ.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, რუსეთმა მთიან ყარაბაღში 1 960 მშვიდობისმყოფელი და სამხედრო ტექნიკის 470 ერთეული გააგზავნა.