ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეპ ბორელი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შექყვეტას მიესალმება. ამის შესახებ ის ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„მივესალმები საომარი მოქმედებების შეწყვეტას მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შედგა, ხელს შეუწყობს სამომავლოდ, ადამიანთა მსხვერპლის თავიდან აცილებას და არის პირველი დამაიმედებელი ნაბიჯი, რომ საკითხი საბოლოოდ მოგვარდება. ახლა საჭიროა, ყველა შეთანხმების მდგრადობა იყოს უზრუნველყოფილი.
ევროკავშირი განაგრძობს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფორმატის მხარდაჭერას, მზადაა, წვლილი შეიტანოს ამ ძალისხმევაში და მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მშვიდობიანი და სასიკეთო განვითარებისთვის, შეთანხმებების განხორციელებაში“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან აღნიშნულ განცხადებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. მოგვიანებით ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტით უკმაყოფილო მოქალაქეები სომხეთის მთავრობის შენობაში შეიჭრნენ.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, რუსეთმა მთიან ყარაბაღში 1 960 მშვიდობისმყოფელი და სამხედრო ტექნიკის 470 ერთეული გააგზავნა.