აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ში ტრამპის შემდეგი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების შეუფერხებელი გადაცემა მოხდება.
ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მზად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯო ბაიდენის გუნდთან ითანამშრომლოს ხელისუფლების გადაცემის პროცესში, მაიკ პომპეომ უპასუხა:
„ტრამპის შემდეგი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების შეუფერხებელი გადაცემა მოხდება. ჩვენ მზად ვართ. მსოფლიო აკვირდება იმას, თუ რა ხდება. ყველა ხმა უნდა დავითვალოთ. როდესაც პროცესი დასრულდება, შეარჩევენ ამრჩევთა კოლეგიის წევრებს. ეს პროცესი კონსტიტუციაშია გაწერილი“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ხელისუფლების გადაცემის პროცესი შეუფერხებელი იქნება.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევებს გამოიძიებს. 9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.