ჯო ბაიდენი: აშშ-ში ხელისუფლების გადაბარებას ვერაფერი შეაჩერებს

ჯო ბაიდენი: აშშ-ში ხელისუფლების გადაბარებას ვერაფერი შეაჩერებს

ჯო ბაიდენის განცხადებით, ის, რომ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს უხერხული მომენტია და აშშ-ის პრეზიდენტის მემკვიდრეობაზე ცუდად აისახება.

„ვფიქრობ, რომ ეს უხერხული მომენტია, გულწრფელად რომ ვთქვა. ვფიქრობ, ეს ხელს არ შეუწყობს პრეზიდენტის მემკვიდრეობას“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ში ხელისუფლების გადაბარებას ვერაფერი შეაჩერებს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევებს გამოიძიებს. 9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.