„საქართველო ძალზედ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება - სახეზეა ოთხი უმძიმესი გამოწვევა - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და დემოგრაფიული. ამას ემატება კორონავირუსის კონტროლიდან გასული მსოფლიო ეპიდემია. ამავე დროს, უკიდურესად გამწვავებულია სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში. საქართველოში კი ეროვნული კონსოლიდაცის ნაცვლად საქმე გვაქვს პოლიტიკური პროცესის უკიდურეს გამწვავებასთან, რომელსაც შიშისმომგვრელი სისწრაფით მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქაოსისკენ.
თუ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არ გააცნობიერებს არსებული საფრთხეების სიღრმეს, იმას, თუ საით მიექანება ჩვენი სახელმწიფო, არ გაითვალისწინებს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთას, არ მიაქცევს ყურადღებას არასამთავრობო სექტორის რჩევებს და იმას თუ რას გვთავაზობენ ჩვენი მოკავშირეები თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, ანუ აუცილებელი ცვლილებების უზრუნველყოფას დემოკრატიული პროცესის მშვიდობიანი განვითარების გზით, ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოს სტაბილური და უსაფრთხო განვითარების გზაზე გაყვანის შანსს.
მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.
ამისათვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ბოლომდე მივიყვანოთ სადავო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესი, რაც მოგვცემს საშუალებას, დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით. ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს.
მომავალ პარლამენტში კი, უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს და უზრუნველყოფს ისეთი საარჩევნო სისტემისა და გარემოს შექმნას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებებს და ამომრჩეველთა ხმების მითვისების შესაძლებლობას.
ჩვენ, პირველ რიგში, ვართ ქართველები, ანუ მრავალი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების საქართველოს მოქალაქეები, და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიტიკური პარტიების წევრები.
პირველ ადგილზე სამშობლოა და შემდეგ პოლიტიკა და პარტიული ინტერესები. გავაკეთოთ არჩევანი სამშობლოს უსაფრთხო და ბედნიერი მომავალის სასარგებლოდ.
არავის, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, მიუხედავად ოპოზიციის დასაბუთებული არგუმენტებისა და პროტესტისა, არ აქვს უფლება შეეგუოს უმართავი პროცესების განვითარებას. საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, როგორც აღმოჩნდა, საკუთარი და ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან დამოუკიდებლად გააკეთა, რამაც მთელ ოპოზიციურ სპექტრში დაბნეულობა გამოიწვია.
გაჩნდა მოსაზრება, რომ ნაციოანლებში ორი დაპირისპირებული ფლანგი არსებობს, ერთი ნიკა მელიას მეთაურობით, როელიც ქუჩის აქციების მომხრეა, ხოლო მეორე გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით, რომელიც პროცესების დიალოგის ფორმატში გადატანას ემხრობა.
ვაშაძის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან მკვეთრი და უკმაყოფილო განცახდებები მოყვა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ხალხის გადაწყვეტილებას და ბრძოლას ვერც ერთი პარტიის პოზიცია ან მისი ლიდერის მოსაზრება ვერ შეცვლის.
„ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა, რომელმაც თავისი პოზიცია ქუჩაში გააპროტესტა. ამიტომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ქუჩაში როგორ უნდა შეწყდეს? ერთადერთი მოლაპარაკება იქნება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა... ვფიქრობ, ეს ჟურნალისტური ინტერპრეტაციაა და „ნაციონალები“ დამატებით განცხადებას კიდევ გააკეთებენ“, - ამბობს გუგავა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია: „რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი განცხადებაა და დამაბნეველი და ველოდებით პარტიისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისგან მკაფიო განმარტებას, რას გულისხმობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილება ამით პოზიციაში თუ არა. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის უცვლელი და არ შეიცვლება“.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური: „გამოქვეყნდა გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომელიც შეთანხმებული არ იყო და ის, გარკვეულ ბუნდოვანებებს შეიცავდა იმ საკითხებზე დაკავშირებით, რომლის დეკლარირებაც ჩვენ არაერთხელ მოგვიხდენია. ცოტა ხნის წინ კი, მოვისმინეთ მისი მეორე განცხადება, კონკრეტიკა და ეს უკვე ნათელს ხდის ყველაფერს. კერძოდ კი იმას, რომ პარტიის გენერალური მხარისაგან, გრიგოლ ვაშაძეს განსხვავებული პოზიცია არ აქვს. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. აქ რაღაც შეთქმულებები არ უნდა ვეძებოთ. ვაშაძის მეორე განცხადება სრულ თანხვედრაშია პარტიის გენერალურ ხაზთან, რაც გულისხმობს გაყალბებულ არჩევნებთან არშეგუებას, ახალი პარლამენტის ლეგიტიმურად არ ცნობას და ახალი პარლამენტის არჩევნების მოთხოვნას. ასე, რომ ჩვენ მზად ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დიალოგისთვის. კრიზისის დასრულება მოხდება მას შემდეგ, რაც აღიარებენ, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო“.
წიკლაური სწორედ იმ მეორე განცხადებაზე საუბრობდა, რომელიც ვაშაძის განცხადებიდან მალევე გავრცელდა, ჯერ ნიკა გვარამიას, ხოლო 15 წუთის შემდეგ ვაშაძის ფეისბუკ გვერდზე და მას რამდენიმე პუნქტი დაემატა:
- მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; 2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; 3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
- ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძე რიგითი პარტიის წევრი არ არის და მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ის პარტიის ოფიციალურ თავმჯდომარედ ითვლება. შესაბამისად, ანალიტკოსს არ ჰგონია, რომ მან ეს განცხადება ერთპიროვნულად გააკეთა და ამაზე პარტიაში არ ისაუბრა. ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ვაშაძემ, შესაძლოა, ამ განცახდებით ნაციონალების ზომიერი ფრთის პოზიცია გაახმოვანა და პარტიაში გამოჩნდა, რომ ორად გაყოფილი ფლანგი არსებობს: ერთი ნიკა მელიას მეთაურობით, რომელიც ქუჩის აქციების და რადიკალური ქმედებების მომხრეა და სააკაშვილის განცხადებებიც მის პოზიციას პახუხობს, თუმცა მეორე ჯგუფი ჩნდება, რომელიც, დიდი ალბათობით, გრიგოლ ვაშაძის პოზიციას იზიარებს.
„უახლოეს საათებში და ამ დღეების განმავლობაში გამოჩნდება პარტია საბოლოოდ რა გზას აირჩევს. როგორც ჩანს, შიდა დაპირისპირებას აქვს ადგილი და პარტია ორ ფლანგად არის გაყოფილი. მაინც საბოლოო სიტყვას მიხეილ სააკაშვილი იტყვის. მისი განცხადებები რაც აქამდე მოვისმინეთ, ეჭვს არ ტოვებდა, რომ ის რევოლუციური სცენარისთვის ემზადებოდა. ვაშაძის განცხადება, როგორც ჩანს, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას ეხმაურება, რომლებიც საკამაოდ კატეგორიულებია არიან და ოპოზიციას ქუჩიდან მაგიდასთან მოალაპარაკებისკენ მოუწოდებენ. ისინი რადიკალურ სცენარს და ძალადობრივ ქმედებებს არ მიესალმებიან და დიალოგის რეჟიმში გადასვლის მომხრეები არიან“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ნაციონალების ამ პოზიციამ დანარჩენ ოპოზიციაშიც განხეთქილება გამოიწვიოს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ვაშაძე არ არის იმ ტიპის ლიდერი, რომ მან ემოციურ ნიადაგზე რამე განცახდება გააკეთოს, ამიტომაც მას კარგად აქვს ნაფიქრი და გააზრებული რასაც საუბრობს. ანალიტიკოსი იმასაც ვარაუდობს, რომ ნაციოანლებმა დაინახეს არა აქვთ დასავლეთისგან და ქვეყნის მოსახლეობისგან იმ დონის მხადაჭერა, რაიმე რევოლუციურ სცენარზე იფიქრონ, ამიტომაც არსებულ სიტუაციას ყველაზე რელურად ვაშაძე ხედავს.
„ვფიქრობ, მან ეს განცხადება გარკვეული ინფორმაციის, ტენდეციის და ანალიზის საფუძველზე გააკეთა. აქედან გამომდინარე, მისი განცახდება გამოხმაურება იყო იმაზე, რომ მოითხოვოს მაქსიმუმი და მიიღოს მინიმუმი. სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ პარლამენტში შესვლით და ბრძოლით ვადამდელი არჩევნების დანიშვნას უფრო შეძლებენ. რაც შეეხება პატარა პარტიების პოზიციას, თუ ისინი მაინც პარალმენტში შესვლაზე უარს იტყვიან, მათი, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციების მარგინაალიზება მოხდება. ამომრჩევლის იმ ნაწილსაც დაკარგავენ, რომელმაც მათ ხმა მისცა. ამ პატარა პარტიებს იმის მაგივრად, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ეწარმოებინათ, „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით თამაში დაიწყეს“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცახდება პოლიტიკურ ძალებში უკმაყოფილებას გამოიწვევს და, რა თქმა უნდა, პარტიის შიქნითაც დაპირისპირება იქნება. ძაბირაძე ამბობს, რომ ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გავლენის შედეგი, რომელთა მხრიდანაც ოპოზიციამ მხარდაჭერა ვერ მიიღო. ამიტომაც გრიგოლ ვაშაძემ საკამოდ სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და სიტუაცია რელურად შეაფასა. მისი თქმით, ცხადია, ქუჩაში აქციებს მოლაპარაკებები სჯობია თუ ულტიმაუტუმის ენით საუბარი არ იქნება. სხვაგვარად სიტუაცია ისევ ჩიხში შევა.
„შესაძლოა ნაციოანლებში რაღაცა გადათამაშება მოხდეს და ამაზე პასუხისმგებლობას რამდენიმე ლიდერი აიღებს. არ გამოვრიცხავ ამ პარტიის ნაწილმა პარლამენტს მიაშუროს, ნაწილი კი ქუჩაში დარჩეს. ვნახოთ, სიტუაცია როგორ განვითადება, არ გამოვრიცხავ, რომ შიდა პარტიული დაპირისპირება გაღრმავდეს. თუ პარტიის ნაწილი პარლამენტში მაინც შევა, მაშინ ქუჩის პროტესტი ძლიერი ვერ იქნება და საბოლოო ჯამში მაინც დაიშლება. სიმართლე გითხრათ, ამ აქციებდან დიდ შედეგს არც ველი. ზოგადად, მგონია, რომ ყველა პარალმენტში უნდა შევიდეს და ის გამოვიყენოთ. ასეთი ძალთა ბალანსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაც ახლა გვაქვს, არასდროს ყოფილა. ძალიან მყიფე ბალანსია და პარლამენტში შესვლით ოპოზიციას უფრო მეტის მიღწევა შეუძლია. ამას, როგორც ჩანს, ვაშაძე კარგად ხვდება და ამის პარალელურად მან საერთაშორისო პარტნიორებსიგან მხადაჭერა ვერ მიიღო“, - ამბობს ძააბირაძე for.ge-სთან.