დონალდ ტრამპი: ნევადის შტატში ხმების გაყალბების შესახებ შოკისმომგვრელი მონაცემები გამოქვეყნდება

დონალდ ტრამპი: ნევადის შტატში ხმების გაყალბების შესახებ შოკისმომგვრელი მონაცემები გამოქვეყნდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნევადის შტატში ხმების გაყალბების შესახებ შოკისმომგვრელი მონაცემები გამოქვეყნდება.

„ნევადა ყალბი ბიულეტენების ბუდე აღმოჩნდა. აშშ-ის კონსერვატიული კავშირის ხელმძღვანელმა მეტ შლაპმა და ნევადაში საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარემ ადამ ლაქსალტმა ისეთი რაღაცები გამოავლინეს, რაც გამოქვეყნების შემდეგ შოკისმომგვრელი აღმოჩნდება“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პენსილვანიის შტატში მის მხარდამჭერებს ხმების დათვლის პროცესის მონიტორინგის საშუალებას არ აძლევენ.

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.