არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის წარდგენას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Axios-ი დონალდ ტრამპის გარემოცვაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო პორტალი Axios-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებს განუცხადა, რომ ამგვარ შესაძლებლობას განიხილავს.
როგორც Axios-ი აღნიშნავს, საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგის მიუხედავად, დონალდ ტრამპს „რესპუბლიკური პარტიის“ შიგნით დიდი გავლენა ექნება.
აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი უკან დახევას არ აპირებს.
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.