გიორგი გახარიას შეფასებით, ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობას და ძალადობისკენ მოწოდებას, სჭირდება სამართლებრივი ანალიზი. როგორც პრემიერ–მინისტრი აცხადებს, არანაირი კომპრომისი არ უნდა მოხდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სადაც არის გადაცდომები, ყველაფერზე უნდა მოხდეს დროული, ეფექტური რეაგირება.
„ჩვენ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა – ხალხის, რომელზეც დღეს დგას ეს ქვეყანა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ექიმების შემდეგ, სწორედ საქართველოს პოლიციელები „ნაციონალური მოძრაობის“ სამიზნე გახდნენ. სწორედ ნაციონალების პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ჯერ ფარზე, შემდეგ კი, თავში ჩაარტყა. შემდეგ იყო ყოფილი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიციელზე ხელი აღმართა. აშკარაა, რომ ოპოზიცია ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს პოლიცია. მცდელობის მიუხედავად და არა ერთი საბოტაჟისა, სააკაშვილმა პოლიცია პოლიტიკურ პროცესებში ვერ ჩართო.
უკრაინის მოქალაქე, საქართველოს სასამართლოს მიერ ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებს ემუქრება. ამბობს, რომ ამ „დოქსოპულოებს დედა ჰყავთ“, ყველას სახელი და გვარი იციან, ყველას მისამართი და ცალ-ცალკე უნდა მიაკითხონ სახლში.
„დავღალოთ, დავღალოთ. ძალიან სუსტები არიან. ერთ ადგილას კონცენტრაცია მათ შეუძლიათ, მორეკავენ ამ კოსმონავტებს, მაგრამ ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს დედა ჰყავთ პრინციპში. ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, მივაკითხოთ ყველას ცალ–ცალკე, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ. ერთ ადგილზე რატომ უნდა შევეტაკოთ.
ყველგან უნდა გავუხსნათ ფრონტი, ყველგან უნდა გამოვფიტოთ, დავღალოთ, გავარცხვინოთ თითოეული ჩაფხუტის უკან დამალული, ოჯახის წევრებს დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, რაზეა საუბარი. ავუხსნათ, რომ საქართველო იკარგება და მათი სახელები არ უნდა შევიდეს ისტორიაში, როგორც საქართველოს დამსამარებელი სახელები, ამიტომ ყველას სახელი და გვარი უნდა გამოქვეყნდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პოლიციელებს უპირისპირდება ყოფილი შს მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის განცხადებით, ამას, რასაც ბოლო ერთი წელია ვუყურებთ, პოლიცია არ ჰქვია, ივანიშვილის კერძო დაცვის კომპანია გახდა.
„გაფრთილება არ ყოფილა წყლის ჭავლი ისე გამოიყენეს. პინოჩეტის, ნორიეგას თუ სხვების სადამსჯელო რაზმებსაც პოლიცია ერქვა, სხვა კი არაფერი. ამას, რასაც ბოლო ერთი წელია ვუყურებთ, პოლიცია არ ჰქვია. ეს ივანიშვილის კერძო დაცვის კომპანია გახდა. ივანიშვილთან „ზედმეტი“ თუ „ფსევდო“ კანონმორჩილური რიტორიკით და ქცევით ვერაფერს გავხდებით სანამ ადეკვატურად არ შევხედავთ ამ ყველაფერს. მოქმედებაა საჭირო და არა სისულელეები – გაფრთხილება არ ყოფილა წყალი ისე გამოიყენეს და ა.შ. 20 ივნისს რაღაც ხომ უნდა ესწავლებინა?“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
შს მინისტრის კახაბერ საბანაძის განცხადებით, წყლის ჭავლი გამოყენებული იყო აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ ცესკო–ს შენობაში შეჭრას.
„წყლის ჭავლი გამოიყენეს იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მიმართ საფრთხე. განსაზღვრა, თუ სად იდგა მედიის წარმომადგენელი, მერწმუნეთ, აქციის მართვის პროცესში იყო რთული, თუმცა დამიზნებით წყლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა. წყლის ჭავლი გამოიყენეს მხოლოდ იმ პროტესტანტთა მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ შეჭრას ცესკო–ს შენობაში“, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სააკაშვილი არის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, როცა ხედავს, რომ მას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. მისი თქმით, ამაზე მეტი პოლიტიკური ნაძირლობა რა უნდა იყოს, როცა ყოფილი პრეზიდენტი პოლიციელებს დოქსოპულოებს უწოდებს, ახალგაზრდებსა და მოქალაქეებს კი მოუწოდებს, სახლში მიუცვივდნენ და იძალადონ.
სესიაშვილის შეფასებით, ეს სამარცხვინო საქციელია და მიხეილ სააკაშვილის სასოწარკვეთილებაზე მეტყველებს, რომლის მიზნებსაც საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით, სამართალდამცველების მიერ მოვალეობის ღირსეულად შესრულება ხელს უშლის.
„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი პოლიციელები იცავენ ქვეყანას, უსაფრთხოებას, წესრიგს, თითოეულ ჩვენგანს, ეს არის მათი მოვალეობა, რისთვისაც მე პირადად მადლობას ვუხდი. ეს რეალურად არის იმ ფაქტის დემონსტრირება, რომ სააკაშვილი არის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, როცა ხედავს, რომ მას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს და გადადის ისეთ თავდასხმებზე, სადაც თავდასხმის ობიექტები არიან ღირსეული ინსტიტუტები, პირველ რიგში, პოლიცია და თავდაცვის უწყება. მისთვის ეს არის ყველაზე მძიმე დარტყმა, რომ პოლიციელები ღირსეულად, კანონის შესაბამისად, იცავენ ქვეყანას და ცხადია, ეს მის პოლიტიკურ სურვილს ძალაუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით უქმნის პრობლემებს და ეს არის მისი სასოწარკვეთილების გამოვლინება“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
კანონი პოლიციის შესახებ, მუხლი 31. „იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება“ პუნქტი 3. – პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია“.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ერთ–ერთი პირველი, რითაც იწყება რევოლუციები, ეს არის პოლიცია. პოლიტოლოგი იხსენებს როგორ ცდილობდნენ მაშინდელი ოპოზიციონრები ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი შს მინისტრის, კახა თარგამაძეს დაეთმო შს მინისტრის თანამდებობა.
„იმდენად მწვავე იყო ეს ბრძოლა, რომ ჟვანიამ თავისი პორტფელიც კი დათმო, ვინაიდან თარგამაძემ თქვა, რომ თუ ჟვანია გადადგება, მეც გადავდგებიო და გადადგა, იმდენად საკვანძო მნიშვნლობა ჰქონდა შს მინისტრის პორტფელს. ასეა ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, რადგან სახელმწიფოს იცავს შს სამინისტრო.
ამდენად, ან უნდა გადმოიბიროს ოპოზიციამ ეს უწყება, ან უნდა გააფუჭოს. თუკი აპირებს ძალისმიერი, უკანონო მეთოდებით მოქმედებას, მაშინ მისი ხელისშემშლელი შს სამინისტროა. ოპოზიცია, რომ აპირებდეს კანონიერი გზებით, არჩევნებით მოქმედებას, მაშინ პოლიციელი არ შეუშლიდა ხელს. დღეს პოლიციელი ხელს უშლის, რადგან კანონიერ მოქმედებას არ აპირებენ და დესტრუქცია უკვე სახეზეა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ბრალდებული სააკაშვილის განცხადებები არის მუქარა და მცდელობა იმისა, რომ დააშინოს ადამიანები. მისი თქმით, ეს ის პოლიცია არ არის, რომელიც 2007 წლის ნოებერში, 20 ივნისს, 2011 წელსაც სწორედ ასე იქცეოდა, როგორც დღეს, რადგან, პოლიციელი ასრულებს ბრძანებას.
„თუკი ვინმეს უნდა, რომ პოლიციამ არ შეასრულოს ბრძანება, მაშინ გამოდის, რომ პოლიცია ყოფილა დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც არ ასრულებს ბრძანებას. სახელმწიფო ბრძანებას არ ასრულებდა მხედრიონი, არაფორმალური გაერთიანებები, საძმოები და ა.შ. ძალიან მარტივია, არსებობს ნიუნრბერგის პროცესი, სადაც ითქვა, რომ ჯარისკაცი დამნაშავე არ არის. დამნაშავე არის ის, ვინც გასცემს ბრძანებას.
თუ რაიმე გადაცდომა აქვს პერსონალურად პოლიციელს, ის პერსონალურად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ბრძანება არ შეასრულოს და პოლიციამ დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს, ეს არის ყოვლად გაუგებარი. ეს ნიშნავს სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლას. კი, ბატონო ვინც ბრძანებები გასცა, გინდა დოქსოპულოები დაუძახონ, გინდა დედა მოუძებნონ, მაგრამ არა რიგით პოლიციელს, რომელიც ასრულებს ბრძანებას. ასე, ერთი ხელის მოსმით მონების ძახილი, რბილად რომ ვთქვათ, არის აბსოლუტურად არასწორი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ნაცოპოზიციის“ პარტიებს, გადაწყვეტილი აქვთ, ან ყველაფერი, ან არაფერი. არ ჯერდებიან იმ შედეგებს, რაც მათივე ეგზიტპოლებზე დაიდო, თუმცა მაინც გააფრთებული იბრძვიან. თუმცა მისი თქმით, ხმებს მაინც ვერ მიიღებენ იმიტომ, რომ სააკაშვილის ჩრდილის ქვეშ არიან.
„მათ გადაწყვეტილი აქვთ აბსოლუტურად დესტრუქციული გზით წავიდნენ. ამ დესტრუქციის აღკვეთაში წინა რიგებში დგას შს სამინისტრო, რომ ამ პოლიტიკანებმა ქვეყანა თავზე არ ჩამოგვაქციონ. ამიტომ, ისინი ებრძვიან არა მარტო პოლიციას, არამედ ებრძვიან საქართველოს საზოგადოებას, მას ჩაუდგნენ ჯიბრში და დადგნენ კორონავირუსის მხარეს. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი დესტრუქციული ოპოზიციური ძალები არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, უნდა ჰყავდეს კონსტრუქციული ძალები და არა მოღრიალე და მორბენალი ე.წ. პოლიტიკოსები. ჩემი ვარაუდით იყვირებენ რამდენიმე დღე, გააფუჭებენ რაღაცას, ბოლოს უკვე მილევადი იქნება, რადგან, როგორც ვატყობ, ოპოზიციაში ქიშპობა აქვთ.
რატომ პოლიცია? – წინა ხაზზე დგანან და არ აძლევენ კანინოს დარღვევის უფლებას, სადმე შეიჭრან, ბიულეტენები მოიპარონ, ჩვენი პოლიციელები ქვეყანას და კონსტიტუციას იცავენ. იქნება ეს ცესკოს შენობა, პარლამენტი, თუ სხვა ადმინისტრაციული დაწესებულება“, – აცხადებს აბაშიძე.
რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, რომელიც პოლიციელებს დოქსოპულოებს უწოდებს და მოქალაქეებს კი მოუწოდებს, სახლში მიუცვივდნენ პოლიციელებს და იძალადონ მათ ოჯახებზე, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ სააკაშვილში არაფერი არ შეცვლილა სიკეთისკენ, პირიქით ბოროტობისკენ ჩაღრმავდა, ვერ აღწევს სასურველ შედეგს და ყველანაირად ცდილობს დესტრუქციას.
„უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის გადასაწყვეტი ნადვილად არ არის, რა იქნება საქართველოში. მიხედოს თავის უკრაინულ რეფორმებს. სამწუხარო მოცემულობაა, მას უკრაინაში არ ელის კარგი პოლიტიკური მომავალი და, ადრე თუ გვიან, ზელენსკი დაითხოვს და ისევ შეიძლება ირბინოს სახურავზე. ბარამიძემ თქვა, რომ სააკაშვილს უნდა დაელაპარაკოს ივანიშვილიო.
სააკაშვილს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა დაელაპარაკოს პენიტენციალური დაწესებულების სამსახური წარმომადგენელი, მაგრამ ისეთი მხდალი და მშიშარაა, რომ არ ჩამოვა. ერთ–ერთი სცენარი იყო ასეთი – შემოჭრის უკრაინული სცენარი უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ვარშალომიძეს საზღვარზე უნდა მოეგროვებინა მხარდამჭერები, მაგრამ არ ჰყავთ ეს ამდენი მხარდამჭერები“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძემ.