დემონსტრანტები, რომლებიც ერევნის ქუჩებში ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამოვიდნენ, სომხეთის პარლამენტის სპიკერის, არარატ მირზოიანის ავტომობილს თავს დაესხნენ, დაუპირისპირდნენ მისი დაცვის წარმომადგენლებს და მირზოიანი მანქანიდან გადმოათრიეს.
სომხეთის მთავრობის წარმომადგენელი, ედუარდ აღაჯანიანი აცხადებს, რომ მირზოიანმა დაზიანებები მიიღო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გარშემო ომის შეწყვეტაზე შეთანხმების შესახებ. დოკუმენტს სომხეთის ლიდერთან ერთად, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები აწერენ ხელს.
ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან აღნიშნულ განცხადებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. მოგვიანებით ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტით უკმაყოფილო მოქალაქეები სომხეთის მთავრობის შენობაში შეიჭრნენ.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, რუსეთმა მთიან ყარაბაღში 1 960 მშვიდობისმყოფელი და სამხედრო ტექნიკის 470 ერთეული გააგზავნა.