არსებული მძიმე მდგომარეობის, სამომავლოდ დიდი ადამიანური დანაკარგისა და არცახის სრულად დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობა გავეცი, - ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის, არაიკ არუთუნიანის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
მისი თქმით, სომხეთის პრემერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად საომარ მოქმედებებს მთელი დღის განმავლობაში განიხილავდა.
„ღრმა მწუხარებას და პატივისცემას გამოვხატავ დაღუპულთა ოჯახის წევრების და მთელი ქვეყნის წინაშე. ჩვენ კიდევ გვექნება დრო ჩვენი დაღუპული გმირების ნათესავებთან დიალოგისთვის“, - აცხადებს არუთუნიანი.
ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან აღნიშნულ განცხადებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, რუსეთმა მთიან ყარაბაღში 1 960 მშვიდობისმყოფელი და სამხედრო ტექნიკის 470 ერთეული გააგზავნა.