გაერთიანებული ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბარიერგადალახული პარტიები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების მიუხედავად, ოპოზიცია ქვეყნის მასშტაბით დაუმორჩილობას აცხადებს. ოპოზიციის ლიდერების მოთხოვნა კვლავ უცვლელი რჩება - ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადაყენება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
ოპოზიციის საპროტესტო აქციებსა და დაუმორჩილებლობის გამოცხადებას for.ge-თან ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს. მისი განცხადებით, თუკი ოპოზიციამ შეძლო და შეინარჩუნა ქუჩის აქციების მუხტი, მაშინ ისინი თავიან საწადელს მიაღწევენ. ვახტანგ ძაბირაძე ასევე არ გამორიცხავს, თუ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა, მაშინ პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი გახდება.
ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიცია თუ თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, შეუძლია ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვოს, ამაში გასაკვირი არაფერია და არც ისაა გასაკვირი, რომ საპროტესტო აქციებს მართავს. ამის კანონიერი უფლება აქვს. რომ გითხრათ, გაცნობილი ვარ ყველა იმ ოქმს, რომელზეც ოპოზიცია იძახის გაყალბდაო, არა, ამიტომ შეფასების გაკეთება გამიჭირდება. მხოლოდ შემიძლია ის ვთქვა, რომ პროტესტის უფლება აქვთ, თუმცა, რამდენად მძლავრი იქნება ეს პროტესტი, ამას ვნახავთ.
საპროტესტო აქციებს ოპოზიცია ერთად ატარებს და ოპოზიციის ლიდერებს ერთად ვხედავთ. როგორ ფიქრობთ ამ ერთობას შეინარჩუნებენ?
- მათ ყველას ერთი და იგივე მოთხოვნა აქვთ - ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ვინმე „ოცნებასთან“ წავა თუ არა თანამშრომლობაზე, ახლა ამის თქმა მიჭირს, თუმცა, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ეცდება, რომელიმე პოლიტიკური ძალა ან ცალკეულ პოლიტიკოსი თავის რელსებზე გადაიყვანოს, მაგრამ რამდენად შეძლებს ეს ცალკე საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები ოპოზიციას მოუწოდებენ პარლამენტში შევიდნენ და იქ ეცადონ საკუთარი სიმართლის დადგენას. ამას მეც ვეთანხმები და დიდად არც ის მგონია, რომ ამ ქუჩის აქციებს დიდი პერსპექტივა ჰქონდეს.
ბატონო ვახტანგ, თქვენ ახსენებთ, რომ „ოცნება“ შეეცდება პოლიტიკური პარტიები ან ცალკეული პოლიტიკოსები საკუთარ რელსებზე გადაიყვანოს. როგორ ფიქრობთ, ვის დაყოლიებას შეძლებს?
- რამდენადაც ვხვდები ყველასთან შეეცდება მოლაპარაკება აწარმოოს. არაა გამორიცხლი ცალკეულ დეპუტატებთან წარმართოს მოლაპარაკებები და ცალკეული დეპუტატები გადაიყვანოს თავის მხარეს. თუმცა, ჯერ მეეჭვება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ან დეპუტატი „ოცნების“ მოლაპარაკებას დათანხმდეს. ოპოზიციამ თუ დაინახა, რომ ქუჩაში აქციების პერსპექტივა ნულის ტოლი გახდა, მაშინ შანსი იქნება იმის, რომ მათი გარკვეული ნაწილი პარლამენტში შევიდეს. მაგრამ თუ ნახეს, რომ ქუჩას პერსპექტივა აქვს, მაშინ ქუჩაში დარჩებიან.
თქვენ კი ამბობთ, რომ „ოცნება“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებას შეეცდება, მაგრამ ვნახეთ, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციას მკვლელობაში, კერძოდ ისნის საოლქო თავმჯდომარის სიკვდილში ადანაშაულებს და ამის ფონზე მოლაპარაკებები იქნება?
- ეს ფაქტი მოლაპარაკებებს ხელს არ შეუშლის.
ასევე, ჩვენ ვნახეთ ფარული ჩანაწერები სალომე სამადაშვილისა და გუბაზ სანიკიძის, რომელსაც მმართველი გუნდი ასევე მათ წინააღმდეგ იყენებს და ამის ფონზე ოპოზიცია მოლაპარაკებას დათანხმდება?
- 70 წლის განმავლობაში უამრავი ასეთი ჩანაწერი და უამრავი დაპირისპირება იყო, მაგრამ ერთმანეთში მშვენივრად გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ. ამიტომ ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა. ამის კარგი მაგალითია, თუნდაც დღევანდელი ოპოზიცია - გასულ წელს როგორი ურთიერთობა ჰქონდათ და დღეს კიდევ როგორი აქვთ. ასე რომ, მსგავსი პრობლემები ქართულ პოლიტიკაში არ მუშაობს.
და თავად ამ ჩანაწერებზე რას იტყვით?
- ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერები, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა, გუბაზ სანიკიძემაც და სალომე სამადაშვილმაც განაცხადეს, რომ გარკვეული მონტაჟია. მაგრამ, როგორც ჩანს, მსგავსი საუბრები იყო.
ბატონო ვახტანგ, მსგავსი ფარული ჩანაწერები ოპოზიციაში დაპირისპირებას არ გამოიწვევს?
- ჯერჯერობით არანაირი დაპირისპირება არ წავა და ეს ქუჩის აქციებიდანაც ჩანს.
დაუმორჩილებლობა, აქციები როგორ გაგრძელდება, როდესაც ხელისუფლებამ პანდემიის გამო დიდ ქალაქებში კომენდატის საათი გამოაცხადა. ამ შეზღუდვების გამო და ოპოზიციის მხრიდან არდათმობის გამო, ხომ არ ვიხილავთ უკვე სამართალდამცველების გამოყენებით აქციების დაშლას?
- შეზღუდვები 22:00 საათის შემდეგ დაწესდა და თუ ოპოზიცია ამ დრომდე შეწყვეტს აქციებს, მაშინ პრობლემები არ იქნება. ოპოზიციას შეუძლია ყოველდღე 10 საათამდე აქციები გამართოს. მაგრამ თუ ოპოზიციამ დაარღვია კომენდატის საათი, თავისთავად, მაშინ აქციის დაშლაც იქნება.
აქციების ფონზე ოპოზიციაში ლიდერად ვის ხედავთ?
- როგორც თავად იძახიან, ყველა ლიდერი ვართო. თუ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა, დიდი ალბათობით პრემიერი მიხეილ სააკაშვილი იქნება.
სამართლებრივად როგორ მოხდება ეს? მის წინააღმდეგ საქმეებია აღძრული?
- ოპოზიცია თუ ხელისუფლებაში მოვა, მეორე დღესვე დეკრეტს გამოუშვებს და მიშას ყველა ბრალდებას მოუხსნის.
თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას პრემიერ-მინისტრობა არ სურს...
- თუ ვინმეს ამის სჯერა, მისი ნებაა. დარწმუნებული ვარ, თუკი ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა, მიხეილ სააკაშვილი პრემიერი გახდება.
მაგრამ, დღეს გაერთიანებულ ოპოზიციაშიც სხვებსაც სურთ პრემიერ-მინისტრობა და ამ თანამდებობას როგორ გაინაწილებენ?
- პრემიერობა კი ბევრს სურს, მაგრამ რეალობა ესაა. მაშინ ისევ ვადამდელ არჩევნებზე უნდა წავიდნენ. კი, თითქოს დღეს ბევრი პარტიაა და საპარლამენტო ბარიერიც რამდენიმემ გადალახა, მაგრამ სხვა რეალობაა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ორი ძალაა - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. თუკი ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, ის დანარჩენი ოპოზიცია იმ ხმების ნახევარს მიიღებს, რაც ახლა მიიღო.
ბმული