დაიწყებს თუ არა უსაფრთხოების სამსახური დაკავებების სერიას? - როგორც ცნობილი ხდება, უწყებამ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო. „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ 5 ნოემბერს სუს-ში დაკითხვის შემდეგ, იმ სიის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ქვეყანაში „გადატრიალებას“ გეგმავდა. კობახიძემ თქვა, რომ ამ გეგმის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი არიან. ასევე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კობახიძე ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია „შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავდა“. საუბარია ასევე 5 პირზე, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ. უწყებამ დღეს დაკითხვაზე ორგანიზაცია „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის“ და „ანტიკორუფციული საბჭოს“ დამკვირვებლები დაიბარა.
აკაკი ბურჯიშვილი, რომელიც არჩევნებს სამგორის 41-ე უბანზე აკვირდებოდა დესტრუქციულ ქმედებებთან რაიმე კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ ის დამკვირვებლად მეზობელმა წაიყვანა. რა მიზეზითაა დაბარებული სუს-ში აკაკი ბურჯიშვილი, უცნობია მისი უფლებადამცველისთვისაც.
ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს დევი ჭანკოტაძე, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც ირაკლი კობახიძემ არეულობის ორგანიზატორთა შორის დაასახელა.
„არავითარი საფუძველი ამისი არაა, არის პოლიტიკური მოტივი, უნდა ვუთხრა სუს-ს ჯობია კობახიძე დაიბარონ იმ საქმეზე, როდესაც მან ჩამოიყვანა კომუნისტი გავრილოვი და ლამის აქედან მოხდა მთელი არეულობა და დესტაბილიზაცია. არავის არაფერი არ ჰქონდა, მანქანები გაჩხრიკეს და ერთ-ერთ მათგანში იპოვეს ე.წ. შოკი, მაგრამ რეალურად ელექტროშოკი კი არა ელექტროფანარი“, - განაცხადა ჭანკოტაძემ.
„ნაციონალურ მოზრაობაში“ კი სუს-ში ადწყებულ გამოძიებას ივანიშვილის მიერ ხალხის დაშინების მორიგ მექანიზმად აღიქვამენ. მათი აზრით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემომტანი თავად მმართველი პარტიაა.
„ეს ზუსტად იმ ზღაპრებიდანაა, რომელიც ჯერ იყო „საბურავების რევოლუცია“, „ნაციონალური მოძრაობა“ საბურავებს რომ ასაწყობებდა, მერე ამას მოყვა „ბარიკადების რევოლუცია“, ახლა „ელექტროშოკების რევოლუცია“, მალე, ალბათ, „ბრელოკების რევოლუცია“ მოხდება. სასაცილოა ეს ყველაფერი, ისიც კი არ იციან, რა უნდა თქვან, კობახიძე უკვე, პრაქტიკულად, დამთავრებულია და ცდილობს რაღაც თემებით გადაფაროს ეს. დღეს ხალხის მოთხოვნა არის სხვა - დააბრუნეთ მოპარული ხმები და ეს ხმები დაბრუნდება მხოლოდ ხელახალ არჩევნებზე“, - ამბობს ზაალ უდუმაშვილი, „ენმ“-ს პოლიტიკური საბჭოს წევრი.
„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძემ საგამოძიებო უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა როგორც წყაროს, ასევე ფიგურანტი პირების შესახებაც. პროგნოზი, რომ ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავდა, რეალურადაც განხორციელდა.
„ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან რევოლუციური სცენარის მცდელობა ღიად ჩანს და უკვე აღარავის უკვირს, რომ ეს ადამიანები ამისთვის ემზადებიან. ვოლსკი ამბობს, რომ სუს-ში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით მას დამატებით ინფორმაციები აქვს, თუმაც ამაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ისაუბრებს.
დიდუბე-ჩოღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ როგორც ირაკლი კობახიძეს, ასევე მასაც ოპოზიციის კულუარებიდან მისდის ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს და ის დესტრუქციული ქმედებებისთვის ემზადება. მისი თქმით, ნინო ბორჯანაძე, შალვა ნათელაშვილი და ნაციონალები რევოლუციური სცენარისკენ საზოგადოებას ღიად მოუწოდებენ და ესაუბრებიან.
„სიღრმისეულად საქმეში ჩახედული ადამიანი ყველა მიხვდება, რომ ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო რამ მოხდა, არაერთი უბანი გაიხსნა. ასევე ბევრი საკამათო საკითხი სასამართლოში გაიმართა. რასაკვირველია, მე პირადად იმითაც უკმაყოფილო ვარ, ეს უბნებიც არ უნდა გახსნილიყო. თუმცა არც ის არის სასურველი, რომ მცირე დარღვევა მაინც გავატაროთ. ყველამ კარგად იცის, რომ „ოცნების“ ინტერესში არანაირად არ შედის საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯის გაფუჭება და მათ თვალში ცუდად წარმოჩენა. ამიტომაც ყველას ვაჩვენეთ, რომ ასეთი გადაცდომები მხოლოდ მცირეა, რომელიც რიგი მიზეზების გამო მოხდა.
ამასთანავე არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ოქმებზე, რომლებსაც ასე აფრიალებენ ოპოზიიცის დამკვირვებლების ხელმოწერებიც არის. თუ ოქმები შეცდომით არის, ეს ყველას პასუხისმგებლობის საკითხია. რელურად დაუბალანსებლობის რამდენიმე შემთხვევაა და ამისთვის უფრო დიდი სამსჯავრო სასამართლო არსებობს. ამიტომაც სასამართლოს რომ არ ელოდები და წინასწარ რევლოლუციას აანონსებ, ამას რაღა დამატებით ინფორმაცია სჭირდება. აგერ, ღიად და გახსნილად საუბრობენ. დასვენებულმა სააკაშვილმა ენერგია აიღო და პირდაპირ ამბობს, რომ სანამ ქართველებს დედას არ გაუბახებ და სანამ თავში არ ჩასცხებ, არ ესმითო. ეს განცახდებები ხომ კეთდება? მეტი რა მტკიცებულებებია საჭირო“?! - ამბობს გია ვოლსკი for.ge-სთან.
მისივე თქმით, იმ გეგმის რეალიზაცია ხდება, რომელიც სააკაშვილმა დასახა. ახლა ის თავისი სატელიტი მედიის, ენჯეობის და ოპოზიციური პარტიების მეშვეობით ამ გეგმის განხორციელებას ცდილობს. ვოლსკი ამბობს, რომ მას აყვა შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე დ სხვები, რომლებიც ადრე ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით იხსენიებდნენ. ეს არის წმინდა რევოლუციური სცენარი, რომელსაც კონკრეტული დეტალები აქვს და სწორედ ჩვენი ძალოვანი უწყებების ვალდებულებაა და ყველაფეერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს აღიკვეთოს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა გარკვეული პროვოკაციების შესახებ მოსახლეობა წინასწარ უკვე გააფრთხილა და, როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძეს, „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე ოპოზიციის შიდა კულუარებიდან ინფორმაცია მიაწოდეს, რომ რაღაცისთვის ემზადებიან. აბაშიძე ამბობს, რომ ეს ყველა ინფორმაცია სამართალდამცველებს გადაეცა, ისინი კი პროცესს აკვირდებოდნენ და, როგორც ჩანს, მათ იმაზე მეტი მტკიცებულება აქვთ, ვიდრე ეს საჯაროდ ჩანს.
„გამოძიებას, როგორც ჩანს, გარკვეული ინფორმაციები აქვს და კობახიძის გამოკითხვაც ამიტომ გადაწყდა. გვახსოვს ყველას არჩევნებამდე საზოგადოებას მმართველმა გუნდმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაციარ არეულობა როგორ უნდა მომხდარიყო. არჩევნების გაყალბების იმიტაცია იგეგმებოდა და ამით საზოგადოებაში მუხტის აწევა უნდოდათ.
ჩვენ ვნახეთ ასევე, ბევრი ფეიკ ვითომ გაყალბებული ოქმები, რომლებიც, როგორც ცესკომ განაცხადა, რელობაში არ არსებობს. ამიტომ, როგორც ჩანს, სუს-ს უკვე კონკრეტული მტკიცებულებები აქვს, თუ ვინ, როგორ და რას აპირებს. საქმის მასალებს ნამდვილად არ ვიცნობ, მაგრამ ფაქტია, რომ საქმე დაიძრა. თუკი არსებობს მყარი მტკიცებულებები იმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დევი ჭანკოტაძე და სხვა პირები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ, რა თქმა უნდა, მათ სათანადო პასუხი უნდა აგონ“, - აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.