სომხეთის პრემიერის მეუღლემ, ანა აკოპიანმა განაცხადა, რომ ქალთა რაზმი, რომელშიც თავადაც ერთიანდება, საბრძოლო დავალებების შესასრულებლად მზად არის.
„ათდღიანი წვრთნების შემდეგ, ჩვენი რაზმი მზად არის საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად. რაზმს სომეხი დედოფლის პატივსაცემად „ერატო“ ჰქვია“, - დაწერა სომხეთის პრემიერის მეუღლემ Facebook-ზე.
26 ოქტომბერს სომხეთის პრემიერის მეუღლემ, ანა აკოპიანმა განაცხადა, რომ „სამხედრო მომზადების გავლასა და მთიან ყარაბაღში სამშობლოს საზღვრების დასაცავად წასვლას აპირებს“.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.