„ქართული ოცნება“ ინარჩუნებს სახეს, დემოკრატიას უფრთხილდება, თორემ ნაციონალების გაჩერებას რა უნდა?!

„ქართული ოცნება“ ინარჩუნებს სახეს, დემოკრატიას უფრთხილდება, თორემ ნაციონალების გაჩერებას რა უნდა?!

„პანდემიის დროს კაცობრიობამ მეტი ვერაფერი მოიფიქრა -პირბადე და დისტანცირება. გარკვეული პირბადე და დისტანცირება ნაცებთანაც დაგვჭირდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

ვადამდელ არჩევნებში არის გამოსავალი, თუ ხელისუფლებამ არ უნდა დათმოს? რას მიაღწევენ ოპოზიციონრები საპროტესტო აქციებით?

- გასაგებია ოპოზიციის სურვილი, როგორმე ქვეყანა არიონ და „რევოლუციისკენ“ წაიყვანონ. სინამდვილეში, არც ვარდების რევოლუცია იყო რევოლუცია და, მით უმეტეს, ახლა ამის გაკეთება შეუძლებელია. მაშინ ეს იყო ტიპური გადატრიალება, რომელიც ტელეტრანსლაციით დაიდგა. 2003 წელს ეს მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სუსტი იყო სახელმწიფო ინსტიტუტები, დღევანდელ ვითარებაში კი წარმოუდგენელია, ტელევიზიით შექმნა კონტრძალაუფლება, დაამხო და მოახდინო ქვეყნის ოკუპაცია. რას მიაღწევენ ამით? უბრალოდ, ქვეყანას შეუქმნან პრობლემებს, რამდენადაც ეს შეეძლებათ. წარმოიდგინეთ, პანდემიის გააფთრების პირობებში ვცხოვრობთ, რაც დიდ ზიანს აყენებს ეკონომიკას, ასეთ დროს ეგენი დამხობას ვერ მოახერხებენ, მაგრამ ბარიერებს შეგვიქმნიან.

მათ თავის მოგიჟიანების გზა აირჩიეს, ეს ობიექტური რეალობის მიუღებლობაა. ეს ონტოლოგიური სიგიჟეა, როცა შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, ჯერ კიდევ ითვლება ხმები და უკვე მივარდნენ ცესკოში, რაც ჩვენ გვინდა, ის გამოაცხადეთ შედეგადო. თუკი ჭკუიდან არ გადავიდა მთელი ქვეყანა, ეს არ მოხდება. არსებობს ობიექტური რეალობა და არსებობენ სუბიექტები, რომლებიც ამ რეალობის მიღებას არ აპირებენ. ეს სადამდე მივა? ეს ყველაფერი გროტესკის ფორმას მიიღებს. ერთდროულად საზარელებიც იქნებიან და ძალიან სასაცილოებიც.

ხელისუფლების მხრიდან დათმობისკენ პირველი ნაბიჯები იდგმება. წვრილმანებშიც იგრძნობა უკანდახევა, თუნდაც ნიკა მელიასთვის სამაჯურის შებმა აღარ არის პრინციპული.

- ჯერ ჩვენ ისევ არჩევნების პროცესში ვართ. სანამ არჩევნები არ ჩათავდება, ჯერ მეორე ტურია წინ და შემაჯამებელი ოქმი უნდა იყოს მიღებული, პლუს საჩივრებია განსახილველი. ნორმალურ ქვეყანაში ასეთი სიგიჟის ყურება წარმოუდგენელია. ოპოზიციას დღეს აწყობს რაიმე ექსცესი, რაც უფრო მძაფრი იქნება დაპირისპირება, ეს იქნება, ვთქვათ, აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება, რაც სამართლებრივად სავალდებულოა ნიკა მელიას მიმართ, ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს.

ანუ სამაჯურის მოხსნის დრო სწორად შეარჩია მელიამ?

- რომ გითხრათ, ძალიან ეფექტური იყო ეს სამაჯური, ასე არ არის. სამაჯური არანაირად არ უზღუდავდა მას თავისუფლებას. როცა უნდოდა, სადაც უნდოდა, ისე დადიოდა. უბრალოდ, კონტროლდებოდა, რომ მელია არ მიმალულიყო. მიმალვას არც აპირებს. ოპოზიცია ახლა ფიქრობს, რომ უკრაინაში მყოფ სააკაშვილს ნატვრის თვალი აქვს, რაც სრული საგიჟეთია.

როგორ გგონიათ, ამ საგიჟეთის ნაწილია გუბაზ სანიკიძის კიდევ ერთი მეტამორფოზა და ამჯერად ნიკა მელიასთან დაპირისპირება? მართლაც შეგზავნილი ხომ არ არის გუბაზი, როგორც მელია მიიჩნევს?

- გუბაზი არის ადამიანი, რომელიც მუდმივად საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. შიზოფრენია სხვა არაფერია, თუ არა პიროვნების დანაწევრება, დაშლა რამდენიმე პიროვნებად, რომელთა შორისაც მუდმივად კონფლიქტია. ამ გზას დაადგა გუბაზი. ეს ეპოქალური უბედურებაა, როცა რეალობის მიღება არ გინდა. ეს ქართველებს არქეტიპში გვაქვს, დიონისური საწყისები ქართულ ხასიათში არის, გაიხსენეთ ვაკხები. თვითონაც იძახის სააკაშვილი, გიჟს მეძახიანო. გარდა ყველაფრისა, სააკაშვილი კოვიდიდიოტიცაა, ახლა გვარწმუნებს, კორონა გადავიტანე და თქვენც ნუ შეგეშინდებათ, საპროტესტო აქციებზე მოდითო. ვიმეორებ, რეალობა ჩვენ არ გვიყვარს, ელიოზი რომ იყო, ნატვრისთვალს რომ ეძებდა, ასევე, გავიხსენოთ „შერეკილები“, ლიტერატურაში ეს პოზიტიურად გამოიხატა. ისე, „ქართულ ოცნებასაც“ კი ოცნება ჰქვია, რაც მე არ მომწონს, ოცნება კი არა, საქმეა მთავარი.

გამაოგნებელია, რომ შედეგები ჯერ არ დათვლილა და აპრიორშივე ამ შედეგებს ემიჯნებიან, ფუნდამენტურად უარყოფენ და, რაც მათ უნდათ, იმას აცხადებენ რეალობად. საერთაშორისო შემფასებლებმა არა მარტო ეს არჩევნები, არამედ ოპოზიციის მოქმედებაც შეაფასეს და პირდაპირ თქვეს, რომ არაადეკვატურობაა, როცა პროცესი არ დასრულებულა და ოპოზიცია ასეთნაირად იქცევა. პროცესი მოიცავს დათვლას, ოქმების გაფორმებას, მერე ამ ოქმების გასაჩივრებას, ხელახლა გადათვლას, საარჩევნო შეცდომების გამოსწორებას. სანამ ეს პროცესი არ დასრულებულა, იმის ძახილი, რომ არჩევნები გაყალბდა, სიგიჟეა. თუ შენ სხვა რამ გინდა, ქვეყნის გადარევა და თავზე დამხობა, ეს სხვა რამეა. კონტრძალაუფლება იკვრება „გლავკანალის“ მეშვეობით. ეს არ არის მედია, ეს არის პოლიტიკური ცენტრი. ტელეპატია რაც არის, ეს არის ამის მატერიალიზება, სიგიჟის ტრანსლირება, რომელიც ინფექციასავით ვრცელდება. ამ კონტრძალაუფლებაში დომინანტი მდგომარეობა მოიპოვა „ნაცმოძრაობამ“ და მიკროპარტიები ჩამოალაბორანტა.

გულისხმობთ იმას, რომ ოპოზიციური პარტიები ნაცების ტყვეობაში იმყოფებიან?

- ამას ტყვეობა არ ჰქვია, ისინი ნაცების „შნირებად“ იქცნენ. სააკაშვილი მათ ატყუებს, რომ ნატვრისთვალი აქვს და, რაც მათ უნდათ, იმას მიიღებენ, ახლა ბურჯანაძე 1%-საც ვერ იღებს და როგორი ნატვრისთვალიც არ უნდა ჰქონდეს მიშას, ამისგან არაფერი გამოვა. გამაოგნებელი იყო, როცა ბურჯანაძემ, ამ ვითომ რაციონალურმა ადამიანმა, ნიკა გვარამიას პირდაპირ ეთერში მადლობა გადაუხადა, ანუ ბურჯანაძე ხალხის გამგიჟებელს მადლობას უხდის. სიგიჟე თუ უნდათ, არავითარი მანდატი პარლამენტში არ ერგებათ. ქვეყნისთვის ეს საფრთხეა, ესენი პარლამენტში რომ მოხვდნენ, რა ხიფათს გადაგვყრიან? ეს არარაციონალური ხალხია.

ერთპარტიული პარლამენტიც ხომ ძალზე უინტერესო იქნება?

- რაღაც გამოსავალი ქვეყანას სჭირდება, რათა დემოკრატიული პროცესი არ შეჩერდეს, ოპოზიცია შეიქმნას. ცხადია, ერთპარტიული პარლამენტი პრობლემაა, მაგრამ არ შეიძლება პარლამენტს გარედან იყოს ოპონირება, კონტრძალა და მუდმივი დაპირისპირება. მით უმეტეს, ასეთი პრობლემის წინაშე ვდგავართ, ძალიან დიდი საფრთხეა პანდემია.

თუკი ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, ჩამოიშლება ეს პარლამენტი? ზოგიერთი ოპოზიციონერი გაზაფხულზე ვარაუდობს პარლამენტის ჩამოშლას.

- არაფერი არ ჩამოიშლება, მაგრამ პრობლემები რომ შეიქმნება, ეს უდავოა. განსხვავება ისაა, რომ ადრე ნაციონალებს არ ჰქონდათ კონტრძალაუფლების ინსტანცია - „მთავარი არხი“ წინათ არ არსებობდა. ახლა კი დემოკრატიაა, გვარამია ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ ის არის გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, ცესკო, ჟურნალისტი... „მთავარი არხი“ ცდილობს, კონტრძალაუფლება და კონტრსახელმწიფო შექმნას, ეს ნიშნავს დაპირისპირებას სახელმწიფოსა და კონტრსახელმწიფოს შორის, ეს არასასურველია და ბევრ პროცესს დააზარალებს, ეკონომიკას, პოლიტიკას... ამ პანდემიის პირობებში მასობრივი შეკრებები წახალისებულია, რაც დიდ საფრთხეებს უკავშირდება. ითქვა კიდეც რამდენიმე ექსპერტის მიერ, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი შეიძლება იყოს. ეს არის ნოყიერი ნიადაგი, რომ საგარეო მტერი ჩაერიოს ვითარებაში და სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. ეს არის ჰიბრიდული ომი. ვითომ მშვიდობაა, მაგრამ მხარეებს მიზნად აქვთ ერთმანეთის იდენტობის განადგურება. ეს რუსული სცენარია, რომ არ შედიან პარლამენტში. თუმცა ეს მარტო რუსეთის ინტერესში არაა, საქართველოს მტერი მარტო რუსეთი არაა, რუსეთი ყველაზე უფრო ეგზისტენციალური მტერია, მაგრამ ყველა არაკეთილმოსურნეს შეუძლია ამ სიტუაციით ისარგებლოს. ამიტომ პარლამენტი რომ შეიკრიბება, ამაზე უნდა იმსჯელონ.

სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ჩვენ ჯერ კიდევ საარჩევნო პროცესში ვართ, არჩევნები არ დასრულებულა. ჩვეულებრივი ამბავი არ არის, როცა ქვეყანაში პოლიტიკურ ძალებს შორის ჰიბრიდული ომის მდგომარეობაა. ჰიბრიდული ომი იდენტობებს შორის ომია. ის არ ცნობს სახელმწიფოს და თავის კონტრძალაუფლებას, კონტრსახელმწიფოს აყალიბებს და ყველა პროცესს ბლოკავს. საქართველოში არსებული სიტუაცია ყველაზე კარგად აღწერა ორმა ადამიანმა, ერთია გური სულთანიშვილი, რომელმაც ამ პროცესს უწოდა სიგიჟის დაფუძნება, ზუსტად ეგ ხდება „გლავკანალით“, მეორეა ზაზა შათირიშვილმა, რომელმაც ზუსტი დიაგნოზი დასვა, რომ, რასაც „ქართული ოცნება“ ახერხებს, ეს არის კულტურული მმართველობა ბარბაროსების პირობებში. ანუ „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს სახეს, დემოკრატიას უფრთხილდება, თორემ ამაზე ადვილი რა არის? ნაციონალების გაჩერებას რა უნდა? არაფერი, ოღონდ გააჩნია, მერე რა შედეგებს მიიღებ. დემოკრატიის ფარგლებში ცდილობს დარჩეს „ქართული ოცნება“, კულტურულად მართოს, მაგრამ საქმე აქვს ბარბაროსებთან. როგორც ჩვენ ვართ განწირულნი, ადაპტაცია გვჭირდება და უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან, ისე მოგვიწევს ადაპტაცია ნაცებთან. თუმცა ხელების ჩამოყრაც არ შეიძლება. დემოკრატია ლობიობა არ არის და რაღაც ზომები მისაღებია. პანდემიისას კაცობრიობამ მეტი ვერაფერი მოიგონა - პირბადე და დისტანცირება, გარკვეული პირბადე და დისტანცირება ნაცებთანაც დაგვჭირდება. ხელისუფლებაში მოსვლა კი არ არის მათი მიზანი, არამედ ხალხის გაგიჟება. დღეს არ არის ის ვითარება, რაც 2003-ში ხდებოდა, როცა სახელმწიფო იყო სუსტი, თიხის ფეხებზე იდგა შევარდნაძე, სული შეუბერეს და ჩამოიქცა. არც ახლა ვართ ძალიან ძლიერები, მაგრამ ეგრე არ გამოვა.

Aburjga Tasmanieli ბატონი ზარდიაშვილი - "რაღაც გამოსავალი ქვეყანას სჭირდება, რათა დემოკრატიული პროცესი არ შეჩერდეს, ოპოზიცია შეიქმნას"...
ბატონო კახელო რაც ბოლო 32 წელია(1988 წლიდან ვითვლი) საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესი ქვეყანა განადგურდა -ტერიტორიების 22% დავკარგეთ, მათ შორის ის "დავით გარეჯა" რომელიც იმ 1988 წელს იქცა მომავალი უბედურების კატალიზატორად, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომები, ასევე 2008 წელს ადრე რომ მოყვარე იყო ის სახელმწიფო მტრად მოვიკიდეთ და შემოგვესია ჯარით!!! დემოკრატიის განვითარების პროცესს მოყვა პოლიტიკური პარტიების წარმოქმნა, რამაც თავის მხრივ დაშალა ქართული საზოგადოების ეროვნული ერთიანობა. მოსახლეობა 40%-ით შემცირდა ძირითად ქართველების ემიგრაციის ხარჯზე, დემოგრაფიულ კატასტროფაში ვართ. განადგურდა სახალხო მეურნეობის ყველა დარგი (მძიმე და მსუბუქი მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, ჩარხმშენებლობა, საყოფაცხოვრებო მრეწველობა), სოფლის მეურნეობა დაეცა (ახლა, მორიგ სახელმწიფო გადატრიალებამდე, ოდნავ დაეწყო რაღაც უკეთესობის ნიშნები), ამასთან დაკავშირებით კატასტროფულად შემცირდა სამუშაო ადგილები, ზოგადად დაეცა კულტურა , რაც ყველაზე სამწუხაროა დემოკრატიის ერთ-ერთმა ძირითადმა ფასეულობამ-პლიურალიზმმა ბოლო მოუღო საზოგადოებაში ადამიანთა შორის ურთიერთობის მრავალ საუკუნოვან კულტურასაც (ქართველ ხალხს წუუხთა სიტყვა-პასუხი), განათლების და მედინის ჩართვამ საბაზრო ეკონომიკის სექტორში გააუფასურა უმაღლესი განათლების დიპლომი, მეცნიერება აღარც კი არსებობს. 3,7 მილიონ მოქალაქეში 1 მილიონამდე ღატაკია საბანკო ვალებით (რომ არა იმ "შავბნელ"სოციალისტურ წარსულში კერძო სექტორში აშენებული უამრავი სახლი, დღეს უსახლკარობის პრობლემა წალეკავდა ქვეყანას), ყველაფერს, ყველა უბედურებას ვერ ჩამოვთვლი. ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ტერიტორიების დამრცობის პარალელურად კატასტროფულად შემცირდა საქართელოს სუვერენიტეტის ხარისხი!!!
დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს ყველაფერი დაგვემართა დემოკრატიის დანერგვისა და განვითარების პროცესში.
და განა რაა ეს დემოკრატია, რა იდეაფიქსია, რომლის დანერგვა-განვითარებასაც ამდენი უბედურება მოაქვს სახელმწიფოსათვისაც და ხალხისათვისაც!!!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რომ არა ამ დემოკრატიული პროცესისი საერთო სისტემაში არ მყოფი, სისტემის გარეთ მყოფი ბიძინა ივანიშვილის ინდივიდუალური მუშაკობა და პირადი სახსრების უშურველი ხარჯვა სამშობლოს შენარჩუნებისათვის, სამშობლოს მოვლა პატრონობისათვის, გაჭირვებაში მყოფი ქართველი ერის (ხალხის?) უანგაროდ დასახმარებლად შედეგები, დემოკრატიის დანერგვის პროცესით გამოწვეული შედეგები კიდევ უფრო სავალალო იქნებოდა! გაცილებით სავალალო!!!
4 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი დემოკრატიის ნაკლი საყოველტაოდ ცნობილია და ისიც, რომ მასზე უკეტესი ჯერ არაფერი მოუფიქრებია კაცობრიობას. ოღონდ ეს არის - "გიჟი ბაბაზეც ფეხს მოიმტვრევსო" და ის არის გასაკვირი, ამდენი გიჟის ხელში კისერი რატომ არ წავიმტვრიეთ აქამდე... დემოკრატია რა შუაშია? გიჯები რომ გყავს სახლში უნდა მიხედო, ან გიჟის პერანგი ჩააცვა და დააბა, ანდა ბროწეულის ოყნები და გლუკოზა გამოიყენო...ჩვენ კი ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ მეტად გაგიჟდება.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბატონო ჩემო მე ჩემი და თქვენი საქართველოს მდგომარეობა მაწუხებს თორემ დანარჩენ განვითარებულ დემოკრატიებზეც ბევრი რამ ვიცი! ))) საქებარი ბევრი არაფერი და სავალალო მრავალი. ყველგან, ანტიკური ხანიდან დაწყებული დღემდე დემოკრატიის გამოჩენა-დამკვიდრება და ქვეყნის გარდაუვალი ჯერ ზნეობრივი და მერე პოლიტიკურ-ეკონომიკური დაცემა გარანტირებული იყო და არის!
20 ოქტომბერს მთელი ნორვეგია შოკში იყო იმ ამბებისგან, რაც მათ ნახეს სატელევიზიო ახალ ამბებში. 15 წლის სკოლის მოსწავლე შუა გაკვეთილზე შევარდება საკლასო ოთახში და იწყებს მასწავლებლის ცემას. ამ დროს, მისი თანამოაზრე მოსწავლე კამერით იღებს ყოველივეს რაც ხდება. შემდეგ თინეიჯერებმა ეს ატვირთეს You Tube- ზე.
..... კვირას სკოლის რექტორმა პოლიციისგან მიიღო შეტყობინება ფილმის შესახებ და იქ საკუთარი თვალით სანახავად წავიდა. მე -10 კლასის ორივე მოსწავლეს სამი დღით შეუჩერეს სკოლა, აცნობეს მშობლებს და არასრულწლოვანთა კომიტეტს.
სკოლის რექტორითავის მართლებასავით ამბობს, რომ მოსწავლეებს აქვთ კარგი მეგობრული გარემო და ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ასეთი რამ გაიზარდოს კარგი, ტკბილი ბავშვებისგან. ნორვეგიელებს არ ესმით, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო მათ წყნარ, წესიერ, არა სკანდალურ, არააგრესიულ, მსოფლიოში პირველ ქვეყანაში. ბოლოს და ბოლოს, ისინი იმდენად დემოკრატიულად არიან დაკავებულნი ბავშვების აღზრდით. ბავშვებმა არ იციან სიტყვა "არა", ისინი სახელით მიმართავენ მასწავლებელს, კლასში შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც უნდათ, ფეხები დაულაგონ ცხვირწინ მასწავლებლის მაგიდაზე.
4 წლის უკან