საოლქო საარჩევნო კომისებთან განვითარებული მოვლენების პარალელურად, ხელისუფლება სულ უფრო დარწმუნებით ამბობს, რომ ოპოზიცია რევოლუციური სცენარის განვითარებისკენ მიდის და მათ რეალურად არანაირი ხმის გადათვლა არ აინტერესებთ. „ოცნება“ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ევროპული დონის არჩევნები ჩატარდა და ის, რაც ქუჩაში ხდება ახლა, საპროტესტო აქციის სახით რევოლუციის სახეს იღებს. მათი თქმით, დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ მზადდება, როგორ იბერება და როგორი ენერგიით იტვირთება ვითომ საპროტესტო და სინამდვილეში რევოლუციური პროცესები, რომელსაც სათავეში „ნაციოანლური მოძრაობა“ უდგას.
For.ge-სთან კი ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს კატეგორიულად უარყოფს და ამბობენ, რომ ხელისუფლებას თავისი ქცევით ქვეყანა რევოლუციური სცენარისკენ თავად მიჰყავს. მათ მოლოდინი აქვთ, რომ კვირას ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება, რომელიც პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ხელისუფლებას აიძულებს დათმობაზე წავიდეს. ოპოზიცია კონკრეტულ გეგმაზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ქუჩის აქციები ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალია.
პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ნათელაშვილია ერთ-ერთი ლიდერი და მეორე სააკაშვილი, რომელიც მუდმივად საუბრობს არეულობაზე. ისინი ამბობენ, რომ არ შეიძლება არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალოს. ამიტომაც სიტუაცია რევოლუციური სცენარის განვითარებისკენ მიდის.
„სამწუხაროა, რომ საქართველოში არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ უმრავლესობის ბევრი მხარდამჭერიც ცდილობს აქცია გამართოს თავისი ხმების დასაცავად. საქართველოა და შუაზე ხომ არ გავგლეჯთ არა?! საზოგადოებაში წითელი ხაზის გავლება და ანტაგონიზმი ვისი ხელწერაც იყო ვნახეთ ყველამ. სისხლისღვრას ვინ გეგმავდა ხომ მოვისმინეთ ყველამ, ხომ ხედავთ რაც ხდება და ვინ ვისი ენით საუბრობს?! ოპოზიცია იმ კალაპოტში ზის, რომელიც სააკაშვილმა გამოთხარა და რომელშიც შედის ნათელაშვილის თამადობით დანარჩენი კლასტერი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი წევრი თაკო ჩარკვიანი for.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიციამ ყველა შესაძლებლობა გამოიყენა იმისთვის, რომ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში არ შევიდეს და მისცემოდა საოლქო საარჩევნო კომისიებს საშუალება, რომ ხმების ხელახლა გადათვლა მომხდარიყო. თუმცა ჩარკვიანი ამბობს, რომ ხელისუფლება დათმობაზე წასწვლას არ აპირებს და შესაბამისად, დათმობაზე არც ოპოზიცია წავა.
ჩარკვიანი ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანია აქციების მეშვეობით ხელისუფლებაზე ზეწოლა მიიტანოს, რათა მან რიგაგრეშე არჩევნები ჩაატაროს. დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ მათი შეთავაზება ამომრჩევლისთვის ერთადერთია, ქვეყანაში პერმანენტული აქციები დაიწყოს, რომელიც ყველნაირი კანონის ფარგლებში უნდა ჩაჯდეს.
„თუ რაიმე პროცენტი შეიცვალა და უბნების გადათვლის შედეგად დადგინდა, რომ რადიკალური სხვაობებია, მაშინ ეს გაყალბების აღიარებას ნიშნავს. შესაბამისად, თუ ეს ასეა, მაშინ ვინც ეს ჩაიდინა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნად მიეცეს. თუმცა დიდი ალბათობით, ხელისუფლება რა პროცესებიც ახლა ვითარდება, ამის აღიარებას არ აპირებს. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და არავინ არავისთან პროცენტების გამო ვაჭრობას არ აპირებს. ჩვენი საბოლოო გეგმაა, რომ პერმანენტული აქციები იქნება და ოპოზიცია ყოველდღიური ბრძოლის რეჟიმზე გადადის. ჯერჯერობით არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს, რომ ვინმესთან რამე გარიგებაზე წავიდეს. მერე არ ვიცი, რა თქმა უნდა, ყველას მაგივრად ვერ ვისაუბრებ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ აქციების საშუალებით ხელისუფლება ვაიძულოთ დათმობაზე წამოვიდეს და რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს“,-აცახდებს ჩარკვიანი for.ge-სთან.
ჩვენს კითხვაზე თუკი კვირას აქციაზე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მივა და არ იქნება ფართომასშტაბიანი აქცია, ეს გარემეობა შეცვლის თუ არა ოპოზიციის გეგმებს? ჩარკვიანი გვპასუხობს, რომ მათი მოლოდინი დიდია. ბევრი ადამიანი ურეკავთ რეგიონებიდან, რომლებიც აქციაზე დასწრების სურვილს გამოთქვამს. შესაბამისად, მას მოლოდინია ქვს, რომ მოსახლეობის საპროტესტო მუხტი დიდი იქნება, რაც საშუალებას მისცემთ, რომ აქციებმა მასობრივი სახე მიიღოს.
„აბსოულუტურად კანონის ფარგლებში ვაპირებთ ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას. ეს იქნება ყოველდღიურ რეჟიმში და ხელისუფლება იძულებული გახდება, დათმობაზე წავიდეს. ამის პარალელურად კი, ვხედავთ უცხოეთმა რიტორიკა შეცვალა და ველით, რომ ჩვენი აქტიურობით კიდევ უფრო შეიცვლება. როდესაც ქუჩაში ამდენ ხალხს დაინახავენ, რა თქმა უნდა, მიხვდებიან, რომ არჩევნების ტოტალური გაყალბება მოხდა“, - ამბობს ჩარკვიანი.
For.ge-ს კითხვაზე ხელისუფლება ოპოზიციას სიტუაციის რევოლუციური სცენარისკენ წაყვანაში ადანაშაულებს და არის თუ არა დარწმუნებული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებში ეს არ შედის? - ჩარკვიანი გვპასუხობს, რომ ოპოზიციის ინტერესი არაა სიტუაცია რევოლუციური სცენარით განვითარდეს. ჩარკვიანი ამბობს, რომ ჯერჯერობით რევოლუციისკენ ყველაფერი თავად ხელისუფლებას მიჰყავს.
„ოპოზიციის ინტერესი რაში ჩანს, რომ რევოლუციური სცენარი გვინდა? - საერთოდ არაფერში. ვიცით, რომ პროკურატურა, სასამართლო ყველა ორგანო ივანიშვილის მიერ უზურპირებულია, მაგრამ უცხოელებს მაინც ვეუბნებით, რომ აი ბატონო, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც სამართლებრივი გზით ვიბრძვით. განა არ ვიცით, რომ ამ ყველაფერს აზრი არა აქვს, მაგრამ კანონის ფარგლებში მაინც ვჯდებით. ჩვენ რუსები არ ვართ, კავკასიელები ვართ და ამას არავის შევარჩენთ. როგორ გვაკადრა, რომ ვითომ მისი დეპუტატობა მინდა?!“, - ამბობს ჩარკვიანი for.ge-სთან.
კითხვაზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლება კულუარულად რიგ პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა პარალმენტში შევსლაზე დაითანხმოს და ჰქონია თუ არა მის პარტიას მსგავსი შემოთავაზება თაკო ჩარკვაინი ამბობს, რომ მსგავსი რამ არ სმენია. მეტიც, ის ზუსტად არის დარწმუნებული, რომ ხელისუფლებასთან არანაირი მოლაპარაკებაზე არც მისი პარტია და არც „ევროპელები“ არ წავლენ, თუმცა დაზუსტებით საბოლოოდ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე თავს ვერ დადებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე კი for.ge-სთან აცხადებს, რომ მსგავსი მასშტაბური ტოტალური გაყალბება საქართველოში არასდროს ყოფილა, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიები მათ საჩივრებს ფორმალურადაც კი არ იხილავს. ისანში არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მოუწოდებენ, რომ სასამართლოში წავიდნენ. ხოლო იქ წასვლას, დეკანოიძის აზრით, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომაც ის ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანია ქუჩაში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გამოვიდეს და ხელისუფლება იძულებული გახდეს დათმობაზე წავიდეს.
კითხვაზე წავა თუ არა ოპოზიცია რევოლუციური სცენარისკენ, რასაც ხელისუფლება პირდაპირ ნაციონალებს აბრალებს, დეკანოიძე გვპასუხობს, რომ მას „კობახიძის ბოდევებზე“ კომენტარის გაკეთება არ სურს.
„ჩვენ კორდინირებული მოქმდებეით საჯარო პროტესტს ვაპირებთ და ეს იქნება ყოველდღიურ რეჟიმში. ივანიშვილს და მის მარიონეტულ ხელისუფლებას სიმშვიდის საშუალებას არ მივცემთ. ეს პარალმენტი ისედაც არალეგიტიმურია და ახლა ნებისმიერი გზით ცდილობენ, რომ ვინმე პარლამენტში შეათრიონ. ჩვენს ამომრჩეველს იმას ვეუბნებით, რომ ყველაფრის ფასად მათი ხმების დაცვას შევეცდებით. მოთხოვნები იგივე იქნება, მოხდეს ახალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. „ოცნებას“ ახლა პოლიტიკური კრიზისი აქვს, ამიტომაც დარწმუნებული ვარ რომ ვერც შეიკრიბებიან.
ივანიშვილი რომ უკან დაიხევს, ამაში დარწმუნებული ვარ და ეს იქნება დიდი რაოდენობით ხალხის ქუჩაში გამოსვლის შედეგად. მას, უბრალოდ, სხვა გზა აღარ ექნება. რაც შეეხება სიტუაციის რევოლუციური სცენარით განვითარებას, ჩვენ არჩევნებს ვითხოვთ და აქ რევოლუცია სადაა? ამიტომ კობახიძე ბოდავს, რადგან სხვა სათქმელი არ აქვს. ზეწოლა იქნება, როგორც საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, - ამბობს დეკანოიძე for.ge-სთან.
„ლელოს“ ერთ-ერთი წევრი ლევან კობერიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ მათ პარტიას რევოლუციაში ვერავინ ჩაითრევს და ისინი ბრძოლას მხოლოდ სამართლებრივი გზით აპირებენ. კობახიძე ამბობს, რომ იმ ძალის მიმართ, რომელიც, ზოგადად, რევოლუციურ სცენარებს არის ნაჩვევი, მისი დამოკიდებულება შეცვლილი არ არის და ასეთ შემთხვევაში მათი პარტია წითელ ხაზებს ყოველთვის გაავლებს.
„ლელო“ მხოლოდ სამართლებრივი გზით იბრძოლებს და ვერანაირ თამაშში, რევოლუციურ სცენარში ან არაკანონიერ ფორმატებში შეთრეული, შეტყუებული ვერ და არ იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა, ამიტომ არსებობს წითელი ხაზები, რომლის იქითაც ჩვენ მონაწილეობას აღარ მივიღებთ. მხოლოდ მშვიდობიანი აქციების მომხრე ვართ და იმ ძალას, რომელიც, ზოგადად, არის ნაჩვევი რევოლუციურ სცენარებს, რა თქმა უნდა, არ ავყვებით“, - ამბობს კობერიძე.