პარტიები, რომლებიც საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს აცხადებენ, დაფინანსება შეუწყდებათ. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ კანონში შესაბამისი ცვლილებები შევიდეს. ჩნდება სერიოზული კითხვა – პარტია, რომელიც პატივს არ სცემს მისი ამომრჩევლის ნებას და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, უნდა იმსახურებდეს თუ არა შესაბამის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან?
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე იმ პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას, ვინც პარლამენტში არ შევა, „ლოგიკურს“ უწოდებს და აცხადებს, რომ თუ პარტია მანდატებზე უარს ამბობს, მან სახელმწიფოსგან პარტიის დაფინანსებაც არ უნდა მიიღოს.
„კარგი იქნება ამასთან დაკავშირებაში კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი გუნდის შეფასება, რომ ოპოზიციის წარმომადგენელების მიერ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაფინანსება უნდა შეუწყდეს, „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე ოპოზიციის შანტაჟად აფასებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა გავლენას ვერ მოახდენს პარლამენტში შესვლასთან დაკავშრებით ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებაზე.
„ამ თემაზე ივანიშვილმა გასცა დავალება, რომ მისმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა და მისმა დაქირავებულმა ექსპერტებმა ეს თემა აწიონ იმისთვის, რომ გარკვეული შანტაჟი მოუწყონ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ შედიან პარლამენტში. მას ჰგონია, რომ ასე დააშანტაჟებს პოლიტიკურ პარტიებს. ივანიშვილს ჰგონია, რომ ეტყვის პოლიტიკურ პარტიებს, თუ არ შეხვალთ პარლამენტში, მაშინ შეგიწყდებათ დაფინანსებაო, პარტიები გადაიფიქრებენ და შევლენ პარლამენტში და დათანხმდებიან არჩევნების გაყალბებას.
გასაგებია, ასე რატომ ფიქრობს – იმიტომ, რომ ასეა მენტალურად მოწყობილი თვითონ, მას ჰგონია, რომ შანტაჟი ყოველთვის მუშაობს. ასე იშოვა თავის დროზე ფული, ასე მართავს თავის პარტიას და ასე უნდა რომ მართოს ოპოზიციური პარტიები, მაგრამ ეს არ გამოუვა. ივანიშვილს თუ უნდა, რომ შეუწყვიტოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ეს შეუძლია გააკეთოს, ოღონდ შანტაჟით თუ დაგველაპარაკება, ბუნებრივია, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
„დემოკრატიული პარტიის“ წევრის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ივანიშვილი ცდილობს მინიმალური სახსრებიც წაართვას პარტიებს, თუმცა ბურჯანაძე ამბობს, რომ როგორც თავად, ასევე სხვებიც მოახერხებენ როგორმე გაძლონ მათი გადმოდგებული მათხოვრული გროშების გარეშე. მისი თქმით, ივანიშვილის ერთადერთი ძალა ფულია, რომელიც ცდილობს პარტიებს მინიმალური ფინანსური სახსრებიც კი წაართვას.
„მე მეცინება ეგეთ რაღაცეებზე, მაგათი ტვინი ხომ ფულის იქით არ მიდის. ოღონდ გოგა ხაინდარავა გარეწარმა, თვითონ 4 მლნ რომ წაიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არ უნდა რომ დააბრუნოს?! ჯერ გოგა ხაინდრავამ დააბრუნოს 4 მლნ, რომელიც მოპარა ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილის თანხმობით და შემდეგ ილაპარაკონ სხვების დაფინანსებაზე.
დაფინანსების არმიღებას შეგუებულები ვართ. ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ძალა ფულია, კაცმა თქვა, რომ ამ ქვეყანაში ჩემს გარდა ფული არავის აქვს პარტია რომ დააფინანსოსო და მე მოვიგებ არჩევნებსო. ახლა ცდილობს მინიმალური სახსრებიც კი წაართვას პარტიებს, რაც დიდი ხანია ჩემს პარტიას გაუკეთა“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელსაც ეკუთვნის ინიციატივა, რომ პარტიები, რომლებიც საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს აცხადებენ, დაფინანსება შეუწყდეთ, აცხადებს, რომ ეს ინიციატივა განჩნდა არა მხოლოდ საექსპერტო წრეში, არამედ საზოგადოებაში და იგივე ოპოზიციის ამომრჩეველში გაჩნდა მოსაზრება, რომ რად გვინდა ასეთი დეპუტატები, რომლებიც პარლემეტში შესვლაზე უარს აცხადებენ.
„ანუ, შალვა ნათელაშვილის პრინციპი, რომელიც 2008–2012 წლებში იყო – გააცდინე და დაფინანსდი, არ უნდა იყოს. იმიტომ, რომ შალვა ნათელაშვილმა 4 წლის განმავლობაში 100 ათასობით ლარი აიღო იმაში, რომ არ დადიოდა. ამიტომ, თუ მათ რეალურად არ უნდათ შესვლა პარლამენტში, უფლებამოსილების ცნობისთანავე სათითაოდ დაწერონ განცხადებები ცესკოში და ჩაეხსნან, მაგრამ ამას ისინი არ გააკეთებენ, რადგან მოეხსნებათ კვალიფიციური პარტიების სტატუსი და მილიონობით დაფინანსება ჩვენი ჯიბიდან“, – აცხადებს გია აბაშიძე.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ეს ყველაფერი ხდება ადგილიობრივი არჩევნებამდე 1 წლით ადრე და ბუნებრივია, ამას არ გააკეთებენ.
„ჩვენი უცხოელი პარტნიორები და მათი მეგობრებიც ამერიკელი საექსპერტო წრეებში ამბობენ, რომ უნდა შევიდნენ და გამოიყენონ საპარლამენტო ტრიბუნა, სხვა ალტერნატივა არ არის. ოპოზიცია, რომ 2008 წლის პარლამენტში არ შევიდა, ამით ძალიან ბევრი დაკარგა. იმიტომ, რომ ეს არის ტრიბუნა, მათ შორის საერთაშორისო ტრიბუნაც, საპარლამენტო დელეგაციებში მონაწილეობა და ა.შ. ანუ როდესაც ასეთი უპასუხისმგებლობით იქცევიან, არ მინდა, რომ ჩემი ჯიბიდან ფინანსდებოდნენ ასეთი უპასუხისმგებლო პარტიები“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
ცვლილება რომელიც შევიდა საარჩევნო კოდექსში და კონსტიტუციაში 1%–იანი საარჩევნო ბარიერის შემოღების შესახებ, ამ პროცესს მოჰყვა დაფინანსების ცვლილებაც. ექსპერტ ლადო ბოჟაძის განცხადებით, როდესაც დაწიეს ბარიერი 1%–მდე, რომლის მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი პარტია შესულიყო პარლამენტში, ამიტომ მიღებული იყო გადაწყვეტილება, მათ შორის დაფინანსების წესიც შეცვლილიყო და ამ პროცესით დაფინანსება ეკუთვნის ყველა პარტიას, ვინც გადალახავს 1%–ს.
„იცით, რომ 2024 წლიდან გადავდივართ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 5%–იანი საარჩევნო სისტემით. ამიტომ ეს საპარლამენტო ვადა და ეს დაფინანსება პარტიებმა უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ შეძლონ, გაძლიერდნენ, რომ მოხვდნენ პარლამენტში.
ახლა ჩვენ ვიღებთ შედეგს, როდესაც არჩევნებზე მოვიდა 2 მილიონი ამომრჩეველი, თითქმის 1 მილიონმა აირჩია 8 სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში, მათ ჰქონდეთ საპარლამენტო ტრიბუნა და ამაშინ ხელფასების და საპარლამენტო ხარჯების გარდა, ჰქონდეთ დაფინანსება, რომ უკეთ მოემზადონ 2024 წლის არჩევნებისთვის.
ამ ფონზე, ჩვენ ვიღებთ მილიონი ამომრჩევლის იმედგაცრუებას, იმიტომ, რომ არავინ პარლამენტში შესვლას არ აპირებს და საპარლამენტო საქმიანობის განხორციელებას. ამ ეტაპზე კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომ პარლამენტში თუ არ შეხვალ, ასეთ შემთხვევაში დაფინანსებას არ მიიღებ, მაგრამ ბუნებრივია, და ალბათ, გონივრულიც იქნება დაფინანსების შეწყვეტა“, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.
მისი შეფასებით, ლოგიკურია კითხვა – რატომ უნდა შევინახოთ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ ემსახურონ ქვეყანას, უარს ამბობენ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებაზე.
„ბუნებრივია, ეს კითხვა არსებობს საზოგადოებაში. ამაზე ფიქრი და მსჯელობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. მათ შორის როცა შეიკრიბება ახალი პარლამენტი. აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანს აქვს სამსახური, სადაც არ დადის, არანაირ ვალდებულებას არ ასრულებს და ამაში იღებს არა მარტო ხელფასს და პრემიას, არამედ პარტიამ მილიონობით ლარი უნდა აიღოს იმაში, რომ არაფერს არ აკეთებს. ასე რომ, ეს საკითხი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება. პარტია, რომელიც მიიღებს შესაბამის მანდატებს და არ მიიღებს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობას, შეუწყდეს დაფინანსება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლადო ბოჟაძემ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე საუბარი რიტორიკაა, რასაც ერთადერთი ამოცანა აქვს – იქნებ ვიღაც შეაშინონ და პარლამენტში შეათრიონ. როგორც ექსპერტი აცხადებს, ხელისუფლება ახლა პარტიებზე ზეწოლისთვის სუსტი წერტილების მოძებნას ცდილობს, რომელთა შორისაა ფინანსური შეზღუდვა.
„ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ის ქვეყანას სტერილურად ვერ მართავს, ლეგიტიმაცია არ ექნება და ადრე თუ გვიან, იმ ტიპის მძიმე კრიზისი მოხდება, რაც მათ წალეკავს. მიზანი არის, რომ ზოგი აცდუნონ, ზოგი – შეაშინონ, ზოგს რაღაცაზე მოელეპარაკონ. ერთია ის, რაც საჯაროდ კეთდება და მეორე, რა მოქმედებებს ატარებენ კულისებში, სპეცსამსახურების მეშვეობით.
ჯერჯერობით სუსტი და არაფრისმომცემი მუქარების ამოცანა არის ერთადერთი – პარლამენტში როგორმე ვიღაც შეათრიონ! პარლამენტი ამ სახით ლეგიტიმური ვერ იქნება. ხელისუფლებამ ეს მშვენივრად იცის, ამის ეშინია და ცდილობს, ასეთი მეთოდებით ვიღაც შეიტყუოს“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.