იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოზეფ ბაიდენი გაიმარჯვებს, შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებას ისევ შეუერთდება.
პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის თქმით, აშშ კვლავ შეთანხმების წევრი სახელმწიფო იქნება და მისი ადმინისტრაცია „მწვანე ენერგიაში“ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩადებს.
პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება აშშ-მა ოფიციალურად დღეს დატოვა. შეთანხმება ითვალისწინებს გლობალური ტემპერატურის შენარჩუნებას პრეინდუსტრიულ მაჩვენებელზე არა უმეტეს 2 გრადუსისა, რადგანაც მეცნიერების აზრით, ამ ნიშნულზე მაღალი მაჩვენებელი პლანეტის ეკოსისტემის განადგურებას გამოიწვევს.
ამ დროისთვის ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებით ჯო ბაიდენი ლიდერობს. დემოკრატიული პარტიის კანდიდატს 264 ხმა, მოქმედ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს კი 214 ხმა აქვს.
გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან, სულ მცირე, 270 ხმას მოიპოვებს.
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბმა მიჩიგანის შტატში ხმების დათვლის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.