რამდენად სამართლიანია იმ 8 ოპოზიციური პარტიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, რომლებიც უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე? ეს კითხვა სოციალურ ქსელში „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბოჟაძემ დასვა.
„9 ოპოზიციური პარტიიდან 8 არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, სამაგიეროდ აპირებს მომავალი 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულ მილიონობით ლარის დაფინანსება შეირგოს. ეს რამდენად სამართლიანია, 4 წელი ვაფინანსოთ საქართველოს მოსახლეობამ ის 8 პარტია, ვინც პარლამენტში არ შედის? არ შედიხართ პარლამენტში, მაშინ არ აიღოთ არც სახელმწიფო დაფინანსება“, - წერს ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტმა for.ge-თან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ რადგან ოპოზიციამ ეს არჩევნები ვერ მოიგო, ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნები არალეგიტიმურია.
ვლადიმერ ბოჟაძე: პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს არჩევნები თავისუფალ და კონკურენტუნარიანად შეაფასა. ასევე, ყველამ ვნახეთ ეუთოს დასკვნა, რომელსაც შემდეგ აშშ-ს საელჩოს შეფასება მოჰყვა. ასე რომ, ამ არჩევნებს საერთაშორისო მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია აქვს. ოპოზიცია, რომელიც ამ არჩევნებში დამარცხდა, მათ პოზიციას დღეს სერიოზულად არავინ უყურებს.
რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა, მე-10 მოწვევის პარლამენტს მუშაობაში ხელს არ შეუშლის. დღევანდელი მონაცემებით „ქართულ ოცნებას“ უკვე 75 დეპუტატი ჰყავს, მეორე ტურის შედეგად, თუკი ყველა ოლქი მოიგო, გარანტირებული 90 მანდატი ექნება. 90 მანდატი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პარლამენტის პირველი სხდომა შედგეს და დეპუტატების უფლებამოსილება განხორციელდეს. აუცილებელია, რომ პირველ სხდომას 76-ზე მეტი დეპუტატი ესწრებოდეს, რათა გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობა დაამტკიცოს. ერთადერთი რასაც „ქართული ოცნება“ ვერ იზამს, ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. ასე რომ, პარლამენტში თუ ცარიელი ადგილები იქნება, ეს მხოლოდ ოპოზიციას დააზარალებს და არა სხვას. თუმცა, ფაქტია, რომ ეს არჩევნები, ჯამურად, ოპოზიციამ მოიგო - პროპორციულში „ოცნებას“ 48%, ხოლო გაერთიანებულ ოპოზიციას კი 52% აქვს. მეორე ტურში ოპოზიციამ ყველა საარჩევნო ოლქი მოიგოს, უმრავლესობა უკვე ოპოზიციას ექნება და ისინი დააკომპლექტებენ მთავრობას. „ქართული ოცნება“ კი უმცირესობაში აღმოჩნდება.
მაშინ ოპოზიციას რატომ აწყობს აქციების გამართვა და პარლამენტში შესვლა კი არა?
- არ ვიცი, ეს მათ უნდა კითხოთ. სამართლებრივად 9 პარტიული პარლამენტი გვყავს. ასე არავინ აყალბებს არჩევნებს, სადაც მმართველი გუნდი 48%-ს იწერს და მის გარდა კიდევ 8 პარტია შეიყვანოს. იმ ოქმებზე, რომელზეც თავად ოპოზიცია დავობს, მივიღეთ ის შედეგი, რომ მცხეთაში შეიძლება მეორე ტური დაინიშნოს. ამ ოქმების გახსნის შედეგად, სადღაც „ოცნებას“ აკლდება ხმები, სადღაც ემატება. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. რადგან არჩევნები ოპოზიციამ ვერ მოიგო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნები გაყალბდა და არალეგიტიმურია. ამ ქვეყანაში ოპოზიციამ შეიძლება დიდი ხანი არჩევნები ვერ მოიგოს. 2012 წლიდან მოყოლებული ვერც ერთი არჩევნები ვერ მოიგო და მაინც და მაინც დღევანდელი გახდა გაყალბებული?
ოქმებზე საუბრობთ და ძალიან ბევრი ოქმი გვხვდება ოპოზიციის მხრიდან სოციალურ ქსელში, რომელზეც ამბობენ, რომ სწორედ ეს ოქმები არის გაყალბებული. მოყვება ამას რეაგირება და რამდენად შეიძლება იმოქმედოს ხმების რაოდენობაზე, როგორც მმართველი გუნდთან მიმართებაში, ასევე ოპოზიციის მიმართებაშიც?
- ცესკოს გვერდზე ატვირთული პირველადი ოქმებიდან, ბევრი მათგანი ჩასწორდა. რაც მთავარია, იმ ოქმებს, რომლებსაც აფრიალებენ, ხედავთ, რომ კომისიის თორმეტივე წევრის ხელმოწერაა. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ათობით დამკვირვებელი ამ ოქმებს ეთანხმებოდა, რომელიც ოპოზიციის თქმით დაუბალანსებელი იყო. დაუბალანსებელი ოქმების ნაწილის გაპროტესტება კანონიერია, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებში მონაწილეობას ყველა ვერ იღებს, კერძოდ მაჟორიტარების ნაწილში.
თუმცა, იცით, რომ დღეს უკვე ოქმები იხსნება სამგორში და ბათუმში. მცხეთაში რამდენიმე უბანი გაიხსნა, სადაც 500 ხმა „ოცნებას“ ჩამოაკლდა. მცხეთაში მაჟორიტარების ბიულეტინები კანონის დარღვევით გაიცა, რის გამოც შედეგები გაბათილდა. ამან კი შეიძლება მეორე ტური გამოიწვიოს. ეს სამუშაო პროცესია და არა მგონია საარჩევნო ადმინისტრაცია გაურბოდეს პასუხისმგებლობას. პირადად მეც მზად ვარ, ნებისმიერი უბანი, რომელიც გაიხსნება, როგორც დამკვირვებელი, პროცესში ჩავერთო.
საინტერესოა, თქვენ რომელ უბანზეც აკვირდებოდით, იქ თუ იყო დარღვევები?
- ჩვენი ორგანიზაცია ამ არჩევნებზე ბევრი დამკვირვებლებით არ ვიყავით წარმოდგენილი. ძირითადად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვიყავით. თუმცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 9 ათასამდე ოქმია შედგენილი და ამ 9 ათასი ოქმიდან, საკმაოდ ბევრ ოქმში ცდომილებაა. მაგალითად, საია მხოლოდ 117 ოქმს ასაჩივრებს, სამართლიანი არჩევნები კი, 200-ზე მეტ ოქმს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ყველა უბანი უნდა გავხსნათ. რაც მთავარია, საარჩევნო ადმინისტრაცია ყველასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. იმ დარღვევებზე, რაც უკვე გამოვლინდა, არ აქვს მნიშვნელობა უცოდინრობით მოხდა თუ არა, შესაბამის სანქციები მაინც გატარდება.
დღევანდელი მონაცემებით ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე და მანდატებზე უარს აცხადებს. ამ შემთხვევაში ეს ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაინც უნდა ფინანსდებოდეს?
- საპარლამენტო არჩევნებზე მოვიდა 1 970 540 ამომრჩეველი, 1 804 365 ხმა მისცა იმ 9 პარტიას, რომელმაც გადალახა 1% ბარიერი და უნდა შევიდეს პარლამენტში. ახლა ამ 9 პარტიიდან, 8 არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, სამაგიეროდ, აპირებს მომავალი 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულ მილიონობით ლარის დაფინანსება შეირგოს. ეს რამდენად სამართლიანია, 4 წელი ვაფინანსოთ საქართველოს მოსახლეობამ ის 8 პარტია, ვინც პარლამენტში არ შედის? არ შედიხართ პარლამენტში, მაშინ არ აიღოთ არც სახელმწიფო დაფინანსება.
თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკურ პარტიებს 25 ნომებრამდე აქვთ ვადა, რათა თქვან უარი, თუ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას და შესაბამისად, დაფინასების მიღება არ უნდათ. თუ არ იტყვიან უარს, მაშინ გამოჩნდება მათი პოლიტიკური და მორალური პოზიცია.
ზოგადად, პარლამენტში ბარიერის გადალახვა, იქ მოხვედრა და ფინანსების მიღება უკავშირდება სწორედ იმას, რომ პარტიამ ეს დაფინანსება მოახმაროს არა მარტო პარტიულ საქმიანობას, არამედ საპარლამენტო საქმიანობასაც. ისე არ უნდა მოხდეს, რომ დაფინასება მიიღონ და ეს თანხა სხვა რამეს მოახმარონ.