ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „წადი, წადი“. ასევე აქტივისტებმა იქვე აღმართულ რკინის ჯებირზე თამარ ჟვანიას და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით პლაკატები გააკრეს წარწერით - „გამყალბებელი ციხეში“ და ჯებირებს ქვები დაუშინეს. როგორც for.ge-თან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიცია აქციების შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.
ზვიად კუპრავა: რაც ჩვენ ცესკოსთან გავაკეთეთ, ეს ძალადობა არ არის. უბრალოდ, ხმაურს ვიწვევდით და ხელები დაგვეგლიჯა. ქვებს ვესროდით ჯებირს, რომელიც ცესკოს წინ აღმართეს. ქვები არავისთვის გვისვრია, ეს ტყუილია.
თქვენს ასეთ ქმდებას სამართალდამცველების მხრიდან შეიძლება რეაგირება მოჰყვეს და არ ელოდებით ამას?
- რა რეაგირება უნდა მოჰყვეს, როდესაც სამართალდარღვევა არ ყოფილა. შეჭრის მცდელობა არ გვქონია. უბრალოდ, ხმაურის გამოწვევის მიზნით, ქვას ვუტყამდით იმ ჯებირს, რომელიც აღმართული იყო ცესკოს წინ. ხმაურის გამოწვევა სამართალდარღვევა ნამდვილად არ არის.
თქვენი მიზანი აქციების გამართვაა?
- ჩვენი მიზანია პროტესტი. პროტესტი იმისთვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. პარლამენტი გამოცხადდეს არალეგიტიმურად. ეს არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, ხალხი ამ არჩევნებს არ ენდობა. ჩვენი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ პროტესტი, მიზანი არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
სასამართლოს რატომ არ მიმართავთ და რატომ არ იყენებთ სამართლებრივ ბერკეტებს?
- რომელ სასამართლოს უნდა მივმართოთ, ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს? ჩვენ რომ გვქონდეს სასამართლო, კი ბატონო, მივმართავდით, მაგრამ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს. რა სასამართლოზე მესაუბრებით, როდესაც თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელიც ჭამის გამო გაასამართლეს. ყველა გზას მივმართავთ, თუმცა, მთავარი ჩვენი გზა იქნება პროტესტი - პროტესტი ქუჩაში, პროტესტი რეგიონებში, პროტესტი საკრებულოსთან, პროტესტი პარლამენტთან, პროტესტი ცესკოსთან და ა.შ. ყველგან პროტესტი, ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ მივდივართ.
თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, რომ რევულუციისკენ მიგყავთ ეს გზა?
- მე არ ვიცი სად მივდივართ, ვიცი ის, რომ დემოკრატიის გზით უნდა ვიაროთ.
დემოკრატიად თქვენ ქუჩაში აქციების გამართვას თვლით?
- რა თქმა უნდა, ქუჩაში აქციების გამართვა დემოკრატიის ერთ-ერთი ნაწილია.
როდემდე აპირებთ ქუჩაში ყოფნას?
- ბოლომდე, ვიდრე არ გაბათილდება ყველა უბნის შედეგები, სანამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება. პროტესტი დაწყებულია.
როგორ ფიქრობთ ხალხი გამოგყვებათ?
- ხალხი კი არ გამოგვყვება, ჩვენ გავყვებით ხალხს, რადგან ეს ხალხის დაკვეთაა და მათ ნებას მივყვებით. ბევრად მასშტაბური აქციები იქნება, ვიდრე ეს იყო 20 ივნისის ღამეს.
აქციების ფონზე ვნახულობთ ასევე, რომ ოპოზიციაშიც დაპირისპირება მიმდინარეობს და როგორ აპირებთ ერთობის შენარჩუნებას?
- ოპოზიციაში დაპირისპირება კი არ არის, არამედ დისკუსია მიმდინარეობს. ცხვრები ხომ არ ვართ, რომ ყველა ერთ აზრზე ვიყოთ, ამიტომ დისკუსიები მიმდინარეობს. ეს ნორმალური პროცესია.
თქვენ კი მართავთ აქციებს და ითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარეს...
- ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ 2003 წელს საელჩოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ედუარდ შევარდნაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს, მაგრამ ახლა ხალხი გადაწყვეტს ყველაფერს. საერთაშორისო ორგანიზაციებს გავაგებინებთ, რომ ხალხი ამ არჩევნებს ლეგიტიმაციას არ აძლევს.
Aburjga Tasmanieliორი კითხვა მაქვს აქაურ სახელმოხვეჭილ, ავტორიტეტულ ბლოგერებთან და ჩემსავით რიგით "იუზერებთან:
1. კიდევ რა დანაშაული უნდა ჩაიდინოს პოლიტიკურმა პარტიამ - ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ მისი 25% ამომრჩევლის მხარდაჭერა დაკარგოს?!
2. კიდევ რა უნდა მოხდეს ქვეყანაში, რა ზიანი უნდა მიადგეს საქართველოს, ქართულ საზოგადოებას, რომ დარწმუნდეთ და დამეთანხმოთ - მსოფლიოს განვითარბის დღევანდელ ეტაპზე დემოკრატია ატარებს ანტისახელმწიფოებრივ, სრულიად დესტრუქციულ შინარსს!