დავით ზურაბიშვილი: ოპოზიციამ ივანიშვილის მოსაზრებაზე ბეჭედი დაარტყა, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის სატელიტები უტევენ

დავით ზურაბიშვილი: ოპოზიციამ ივანიშვილის მოსაზრებაზე ბეჭედი დაარტყა, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის სატელიტები უტევენ

ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით, მხოლოდ იმას აღიარებს, რომ მიდის რევოლუციის, შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების გზით, ხელისუფლებას კი ამით არანაირი პრობლემები არ შეექმნება. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას ყოფილმა “რესპუბლიკელმა’, დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

მეტიც, მისივე თქმით. სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმით, ოპოზიციამ მმართველ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს დაუდასტურა მოსაზრება, რომ „ქართულ ოცნებას“  მიხეილ სააკაშვილი და მისი სატელიტები ებრძვიან,

- როგორ აფასებთ ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არ შევიდეს პარლამენტში?

- ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირებას აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ ხელისუფლება დათმობაზე მოგყავს, ან რევოლუციაზე მიდიხარ, გაქვს ამის უნარი და რესურსი. ახლა არც ერთია შესაძლებელი და არც მეორე.

ოპოზიცია ითხოვს არა ბიულეტენების გადათვლას ან ისეთ რამეს, რაც არჩევნების შედეგებს დააზუსტებდა, არამედ - გამოცვალე ცესკო, დანიშნე ის ხალხი, ჩვენ რომ გვაწყობს და მერე ჩავატაროთ არჩევნებიო.

ამაზე ხელისუფლება არ წავა. არც საერთაშორისო პარტნიორები დათანხმდებიან ამას. საპარლამენტო ტრიბუნაზე უარის თქმა, მით უმეტეს, ახლა, როდესაც ხელისუფლებას ისეთი უპირატესობა აღარ ექნება, როგორიც ადრე ქონდა, ელემენტარული უგუნურებაა.

- როგორ ფიქრობთ, რა შედეგი შეიძლება ქონდეს ამ გადაწყვეტილებას?

- როგორ აირჩევა პარლამენტი, ეს ამ ორგანოს ლეგიტიმურობას არ აუქმებს. ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით, მხოლოდ იმას აღიარებს, რომ მიდის რევოლიციის, შეხლა-შემოხლის და დაპირისპირების გზით. ხელისუფლებას ამით არანაირი პრობლემები არ შეექმნება. ერთადერთი, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ განახორციელებს. ორგანული კანონების მიღება - 76 ხმით შეუძლია. ერთადერთი უხერხულობა, რაც შეიძლება განიცადოს, ის იქმნება, თითქოს ოპოზიცია არ ეყოლება. უმრავლესობიდან 7 ან 8 კაცს ფსევდოოპოზიციად გააფორმებს და ერთი ოპოზიციური ფრაქცია ექნება.

ხელისუფლება ამდენი ხნის განმავლობაში ამტკიცებს, რომ სააკაშვილი და მისი სატელიტები ებრძვიან, რაც ახლა პრაქტიკულად, დაუდასტურეს ამ გადაწყვეტილებით. რასაც ამდენი ხანი ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, დაურტყეს ბეჭედი.

- ზოგს 2003 წელი ახსენდება, ზოგს  -2008 და 2012, თქვენ რომელ პერიოდს გაგონებთ ახლანდელი სიტუაცია?

- 2008 წელია ცალსახად, მაშინ წელიწადზე მეტი ხნით იყო რუსთაველი ჩაკეტილი. საკნები იდგა. მაგრამ რა შედეგი მოიტანა ამან? იგივე შედეგი ელოდება ამათაც. ოპოზიციის ქუჩის პროტესტი აუცილებლად გაილევა, გამოიწვევს ნიჰილიზმს და მხოლოდ ოპოზიცია წააგებს ამით.

გარდაუვალია ოპოზიციის მარგინალიზაცია. მე საერთოდ მგონია, რომ ლევან გაჩეჩილაძე უფრო მაგარი იყო ქუჩაში, ვიდრე ესენი არიან.

2003 წელი ნუ გონია ზოგიერთს, მაშინ მთელი ძალოვანი სტრუქტურები ოპოზიციის მხარეს იყვნენ -  პოლიციის ქალაქის სამმართველო, უშიშროება, ახლა კი ხელისუფლებას ყველანაირი რესურსი აქვს იმის, რომ თუ ვინმე რაიმეს ძალისმიერი გზით შეეცდები, რეაგირება მოახდინოს.