პროკურატურამ  ნიკა მელიას მიმართ ყველა შემზღუდავი ღონისძიება გააუქმა - არაეფექტურია და ვერ ვაკონტროლებთო!

პროკურატურამ  ნიკა მელიას მიმართ ყველა შემზღუდავი ღონისძიება გააუქმა - არაეფექტურია და ვერ ვაკონტროლებთო!

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000–ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლე დალი მეტრეველმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულება დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.

ბრალდების მხარე მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ის პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა და აცხადებდა, რომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება საერთოდ უნდა გაუქმებულიყო. გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა.

მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

ბრალდებული ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, პროკურატურა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების პარალელურად, მისთვის დაკისრებული შემზღუდავი ღონისძიებების გაუქმებას ითხოვს, რაც ადვოკატის განცხადებით, სამართლებრივი აბსურდია.

როგორც კონდახიშვილი აღნიშნავს, სახელმწიფო ბრალდება მელიასთვის დამატებით შემზღუდავი ღონისძიებების – ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ელექტონულ მონიტორინგს, სახლიდან გასვლისთვის საგამოძიებო უწყების ინფორმირებასა და თანხმობას, პასპორტის ჩამორთმევასა და საჯარო სივრცეში კომენტარების გაკეთების აკრძალვას აღარ ითხოვს.

„სრულიად სამართლებრივი აბსურდია, პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გაუქმებას ითხოვს, პროკურატურა მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნიკა მელიამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიება და მოიხსნა სამაჯური, სასაცილოა, მაგრამ ამის გამო გააუქმა ყველა შემზღუდავი ღონისძიება, არაეფექტურია და ვერ ვაკონტროლებთო და მიგვაჩნია, რომ თანხის გაზრდით – 100 000 ლარის ფარგლებში შევძლებთ მის შეჩერებას და აღკვეთის მიზნების შესრულებასო. ეს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ლოგიკური აბსურდია.

პროკურატურას დავეთანხმე იმ ნაწილში, რომ შემზღუდავი ღონისძიებები უნდა გაუქმდეს, ეს არის აბსურდი, როგორ შეიძლება პარლამენტის წევრს შეუზღუდო მოქალაქეებთან შეხვედრა, საჯარო გამოსვლა, სახლიდან გამოსვლა, სახლიდან გასვლას პროკურატურა აკონტროლებდეს, ჩამოართვა პასპორტი. ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული შეზღუდვები, ელექტრონული მონიტორინგიდან დაწყებული, საჯარო სივრცეში გამოსვლის უფლების ჩამორთმევით, არაკონსტიტუციური და უკანონო იყო“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ბრალდებული ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე აცხადებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებოდა და ელექტრონულ სამაჯურს არ გაიკეთებდა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარეს, რომ წელიწადნახევარი სამაჯური ტყუილად ეკეთა. ამბობს, რომ მხოლოდ იმას ნანობს, რომ ეს სამაჯური ადრე უნდა „მოეწყვიტა და მოეშორებინა“. მელიას განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ხელისუფლება ჩამოშლილია, რადგან მათ თავად აღიარეს, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები უკანონო იყო.

„სახლში რაღაც დანადგარი მიყენია, რომელიც აკონტროლებს ჩემს შესვლა–გამოსვლას სახლში და ამასთანავე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აკრძალული მქონდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიტყვით გამოსვლა, ანუ მიტინგზე გამოსვლის უფლება არ მქონდა. მაგრამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამ ყველაფერს, გარდა საზღვარგარეთ გასვლისა, ვაკეთებდი და, როგორც ჩანს, დარწმუნდნენ საკუთარ უსუსურობაში და ეს ყველაფერი გააუქმეს ანუ პასპორტსაც კი მიბრუნებენ, ის დანადგარი სახლიდან მიაქვთ.

მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ეს სამაჯური ადრე უნდა მომეწყვიტა და მომეშორებინა. ხელისუფლება ნამდვილად ჩამოშლილია, ამაში დავრწმუნდი. ასევე, გავიმარჯვებთ ძალიან ცოტა ხანში, ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქესთან ერთად და ივანიშვილს დავანიშნინებთ ახალ არჩევნებს. ყველა მოსამართლე გახდება კანონმორჩილი და ბიძინა ივანიშვილიც დაკარგავს ხელისუფლებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ბრალდებული მელიას მამა ამტკიცებს, რომ მისი შვილი სამშობლოს სიყვარულის გამო ისჯება. ამბობს, რომ მთავრობისთვის პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია უფრო საშიში იქნება, ვიდრე გარეთ მყოფი.

„კაცი, რომელიც თავდადებულია სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის, კაცი, რომელიც 5 თვე არ მინახავს და პირველად ვნახე შტაბში, არჩევნების დღეს, თქვენც ხედავდით, თუ რა უპირატესობით იგებდა და შემდეგ როგორ დატრიალდა ყველაფერი. შეუძლებელია, რომ მშვიდად უყურო ამ სიტუაციას, მით უმეტეს, რომ შენი შვილია. ჩემი შვილია და ყოველთვის ჩემს თავს ვუსვამ ხოლმე კითხვას – რატომ ჩემი შვილი? მაგრამ, თუ არა ჩემმა შვილმა, ვინ უნდა გააკეთოს ის ქართული საქმე, რასაც ის აკეთებს? ბავშვობიდან ლიდერი იყო. არ უნდა ამ მთავრობას ასეთი ადამიანები, საქართველოს კი სჭირდება იმიტომ, რომ სხვანაირად დავიღუპებით“, – აცხადებს ანზორ მელია.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პროკურატურამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებას ითხოვდა, თუმცა არაფერს ამბობენ და არ იმჩნევენ იმას, რომ მელიამ ელექტრო სამაჯურის მოხსნით დაარღვია კანონი.

ზაალ უდუმაშვილი ხელისუფლებას აფრთხილებს, ნუ იფიქრებს, რომ ნიკა მელიას დაკავებით პროცესების განეიტრალება მოხდება.

„ეს ემსახურება იმას, რომ ნიკა მელია, არა მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის, არამედ მთლიანად ოპოზიციის გამორჩეული ლიდერი იყოს განეიტრალებული, ამაზე ოცნებობს ივანიშვილი უკვე დიდი ხანია, მაგრამ დღემდე ვერ მოახერხა და ახლა ცდილობს ამ მეთოდით რაღაცნაირად ნიკა მელიას იზოლაცია მოახერხოს. ამ ყველაფერს მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები, ის პროცესები, რომელიც უკვე დაწყებულია -  ვგულისხმობ ოპოზიციის ერთიანობას, სტრატეგიას, რომელიც კიდევ უფრო დაჩქარდება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყნისთვის საჭირო კომპრომისი განსხვავებულ ძალებს შორის, ზოგადად მთავრობასა და ოპოზიციას შორის ნორმალურია, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც თუ რომელიმე ხელისუფლება გადალახავს, აქ არ შეიძლება დათმობა. მისი თქმით, ოპოზიციის გონივრული გათვლაა, რომ ეს კომპრომისი იქნებოდა კატასტროფა ქვეყნისთვის და არა რომელიმე პარტიისთვის.

„ეს წაახალისებდა შემდგომ ზიანს ჩვენი მოქალაქეებისთვის რასაც ვხედავთ 8 წლის განმავლობაში. საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ, ამიტომ პროტესტი იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც ხელისუფლების შესაცვლელად იქნება საჭირო. ჩვენი გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს ამას.

შეიძლება იყოს პაუზები, მაგრამ უნდა იცოდეს ივანიშვილმა, რომ აქ რაღაც საზოგადოების დაღლაზე ვერ გათვლის. მათ ელით უმძიმესი კვირეები და თვეები წინ. რამდენი ლიდერიც არ უნდა დაიჭიროს, ეს მის პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ისეთი კრიზისი იქნება, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები იქნება გამოსავალი მისთვისაც კი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნინო ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ სამაჯური, რომელიც ნიკა მელიამ გუშინწინ მოიხსნა, უკანონოდ ეკეთა, ის უკანონოდ იყო დასჯილი. ამბობს, რომ ჭკუა ეყოთ და უკან დაიხიეს, იმიტომ რომ თუ მელიას დაპატიმრებას შეეცდებოდნენ, ეს იქნებოდა ცეცხლზე ნავთის დასხმა.

„ნიკა მელიას დაკავება ხელისუფლებისთვის უარესი იქნება. ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ის სამაჯური, რომელიც ნიკა მელიამ მოიხსნა, მას უკანონოდ ეკეთა, ის უკანონოდ იყო დასჯილი, პარლამენტმა მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება. ეს იყო პოლიტიკური დევნა, რაც ხორციელდებოდა ნიკა მელიასთან მიმართებაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე ინიციატივით გამოდის ნიკა მელიას და ყველა ადამიანს, ვისაც აქციების დროს დააჯარიმებენ, ფინანსურად დაეხმარონ. ასევე, დავით ჭიჭინაძე გამოდის ინიციატივით, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასაშვებად ფულის შეგროვების კამპანია დაიწყოს.

„გამოვდივართ ორი ინიციატივით – ნიკა მელიას და ყველა იმ ადამიანს, ახალგაზრდებს, ვინც ამ აქციების დროს იქნება დაჯარიმებული, დავეხმაროთ ყველას უკლებლივ და ერთობლივად ავიღოთ ის ფინანსური ტვირთი, რასაც მათ „ოცნების“ ხელისუფლება, „ოცნების“ პროკურატურა დააკისრებს. დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად ფულის შეგროვების კამპანია.

ანუ, როგორც ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის დროს აგროვებდა ხალხი ფულს, როდესაც „ქართუ ბანკის“ ანგარიშების დაყადაღება ხდებოდა, ახლა მის გაშვებაში მივიღოთ მონაწილეობა. ბოლოს და ბოლოს, მოვუგროვოთ ის თანხა, რომელიც მისთვის საკმარისი იქნება, იქნებ დატოვოს ეს ქვეყანა და ქარვასლად აღარ აქციოს, რადგან, რასაც ბოლო წლებია ვუყურებთ, ღირსება მათთვის არაფერს წარმოადგენს, მხოლოდ ფინანსური ინტერესები. ეს კი იმის დასტურია, რომ საკუთარ ხალხს ეს ადამიანი არ იცნობს“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.