სადამდე გასტანს ოპოზიციის ერთიანობა და რომელი პარტია იქნება პირველი, რომელიც არჩეულ გზას გადაუხვევს?

სადამდე გასტანს ოპოზიციის ერთიანობა და რომელი პარტია იქნება პირველი, რომელიც არჩეულ გზას გადაუხვევს?

ოპოზიცია ერთიანობას ინარჩუნებს და როგორც თავად ამბობენ, საერთო გადაწყვეტილების წინაშე ურყევია. პოლიტიკურმა ლიდერებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოპოვებულ დეპუტატის მანდატებზე უარი თქვეს და მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ არც პარლამენტში შევლენ და არც „ქართულ ოცნებას“ შეუქმნიან კოალიციას.

თუმცა, ჩნდება მნიშვენლოვანი კითხვა, სადამდე გასტანს ოპოზიური სპექტრის ერთგვარი სიმტკიცე და ერთობა? - გვახსოვს როგორც დაქსაქსული ოპოზიცია, ასევე ერთიანიც, თუმცა, ჩვენი მეხსიერება იმ ფაქტსაც ინახავს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მათმა გაერთიანებამ ბოლომდე ვერ გასტანა. მეტიც, გარკვეული უთანხმოების შედეგად გაერთიანებულ ოპოზიციას, სადაც 11 პარტია შედიოდა, რამდენიმე პარტია გამოეყო. „ლეიბორისტულ პარტიაში“ შეკრება და საუბარი საბოლოოდ ისე დასრულდა, რომ ისინი დღესაც ერთად იბრძვიან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

ოპოზიციამ 3 ნოემბერს ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიები მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად აფასებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. ოპოზოციური სპექტრის მხრიდან მსგავსი შეთანხმება და დოკუმენტზე ხელის მოწერა აქამდეც გვახსოვს და ფაქტია, რომ მაშინ მათმა გაერთიანებამ შედეგი ვერ გამოიღო.

ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ოპოზიციის ერთობა დიდხანს ვერ გასტანს, მეტიც, ერთგვარ გაერთიანებაში ბზარი უკვე გაჩნდა, რომელიც რეალურად გვანახებს, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი.

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბრობს, ოპოზიციაში ბზარი ორი დღის წინ გაჩნდა, როდესაც „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქომაგი გუბაზ სანიკიძე, რომელიც აქამდე ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკით იყო დაკავებული, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირსპირდნენ.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე დისკუსია არა კამერების წინ საჯაროდ, არამედ დახურულ კარს მიღმა უნდა გამართულიყო, თუმცა, ოპოზიცია „აზრზე არ არის რას აკეთებს“.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, მთელი ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ იმიტომ გაერთიანდა, რომ მათ გარეშე რეიტინგი ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ და ცდილობენ, სააკაშვილს „ამოეფარონ.“

„ოპოზიციის ერთობას დიდი სიმტკიცე რომ არ ახასიათებს, გუშინაც გამოჩნდა. საერთოდ, აზრზე არ არიან რას აკეთებენ. ის შეხვედრა, რომელიც დახურული კარს მიღმა უნდა ყოფილიყო, კამერების წინ სტუდიაში მოაწყვეს და ერთმანეთს დაუწყეს „გაჯგიმვა.“ ხელს აწერენ დაფაზე მარკერით, რაც დოკუმენტაციად არ ჩაითვლება და ა.შ. ერთ-ერთმა მათგანმა დაიჩივლა კიდევაც, თუ რას ეტყვის ხალხს, რას აპირებს ოპოზიცია.

მთელი ეს ორომტრიალი არც ერთს არ აწყობს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დაწყებული, თუმცა, ასევე არ აწყობს მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც აქ სასწრაფოდ სჭირდება რევოლუცია, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანს. შესაბამისად, მან უკვე წამოწია საპროტესტო აქციების ტალღა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბებულია. არა და თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ არ არის გაყალბებული. თუმცა, რა უყონ სააკაშვილს?! - არა სააკაშვილში, არამედ იმ 25%-შია პრობლემა, რომელიც სააკაშვილს აღმერთებს. ოპოზიციამ იცის, რომ ეს 25% სააკაშვილზეა ორიენტირებული. როგორც კი სააკაშვილის სახელს მოშორდნენ მისი ყოფილი თანაპარტიელები, ყველამ დაკარგა რეიტინგი. ამიტომ, ყველა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელს „ეწებება“, რადგან თავად რეიტინგის მოპოვების თავი არ აქვთ.

ყველაფერი მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ოპოზიციას თუ ქუჩაში ბევრი ადამიანი დაუდგა გვერდით, გააგრძელებენ დიდხანს, თუ მათთან მისულების რაოდენობა მცირე იქნება, შეამცირებენ თავიანთ პროცესს და იფიქრებენ სხვა რამეზე. ყველაფერს წყვეტს საზოგადოება“, - თქვა მან.

საყვარელიძე თვლის, რომ შესაძლოა, გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“ იყოს ის ერთ-ერთი პირველი, რომელიც ოპოზიციის დასახულ მიზანს გადაუხვევს და პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს. მისივე თქმით, ვაშაძეს შესაძლოა მიჰყვეს სხვა ოპოზიიური პარტიებიც.

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს ამის ტენდენცია (პარლამენტში შესვლის) და ბევრს გამოუჩნდება ანალოგიური ტენდენცია“, - აღნიშნა რამას საყვარელიძემ For.ge-სთან.

საყვარელიძის მოსაზრების საპირისპიროს აცხადებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ერთობა ამ ეტაპზე შენარჩუნდება. მისივე თქმით, გარკვეული უთანხმოება, თუკი მსგავსი რამ მოხდება, შემდეგ არის მოსალოდნელი და არა ახლა.

„ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტი. შეიძლება ოპოზიციაში იყოს რომელიმე პარტია, რომელიც გადაწყვეტს ხელისუფლებასთან შექმნას კოალიცია, თუმცა, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე მაინც არ მგონია, რომ ვინმემ მოისურვოს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიცია, ყოველ შემთხვევაში მოცემულ ეტაპზე.

შესაძლებელია შემდეგ იყოს აზრთა სხვადასხვაობა, თუ ისევ მოხდა ცალკეულ უბნებზე პროცენტული მაჩვენებლის დაკლება თუ სხვა. ჯერჯერობით ეს საკითხი არ განიხილება.

შესაძლებელია „პატრიოტთა ალიანსი“ წავიდეს გარკვეულ დათმობაზე. პარტია უკმაყოფილოა იმით, რომ მიიღეს 3% და არა მეტი. დარწმუნებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაუყალბა არჩევნები, - მათაც აქვთ გარკვეული ინტერესები. „პატრიოტთა ალიანსს“ არ აქვს იმდენი ხმა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შევიდეს კოალიციაში“, - განაცხადა ნიკა ჩიტიძემ For.ge-სთან.

trampi ოცნება ახია თქვენზე ყველაფერი ახია.......
ის კი არადა ამ სისხლმოწყურებულმა ნაცებმა, ეს თალაკვაძე და მდინარაძე(სხვებიც) რომ ოპტომ შესანსლონ, ღირსებიც იქნებიან, ღირსები და ალალიც ნაცებისთვის
აუუუუუ რას გადაყლაპავენ ნაცები მაგათ--- თვალს არ დაახამხამებენ
ხუმრობა ხომ არა---- 8 წელი სისხლი მოენატრათ სისხლი, ადამიანის სისხლი
4 წლის უკან