საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციური სპექტრი უნდობლობას უცხადებს. „ქართული ოცნების“ გარდა, ყველა ოპოზიციური პარტია, რომლებმაც 1%-იანი ზღვარი გადალახეს, მანდატებს თმობს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
ფაქტობრივად, ქვეყანაში, დაახლოებით, 2008 წლის სცენარი მეორდება, როცა არჩევნებში მოპოვებული შედეგებით ვესკოსა და ხელისუფლებაზე განაწყენებულმა პარტიებმა მანდატები დათმეს და პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაიტანეს.
რას კარგავს ოპოზიცია პარლამენტში არშესვლით – როცა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნას, ქუჩის ტრიბუნით ანაცვლებს
როგორც პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, ოპოზიციური პარტიები კარგავენ პოლიტიკური ინსტრუმენტის მთავარ იარაღს – საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენების შესაძლებლობასაც.
„რასაც ოპოზიცია კარგავს, ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, პოლიტიკურად ებრძოლოს პარლამენტში „ქართულ ოცნებას“. უფრო ეფექტური იქნებოდა, რომ ოპოზიციას პარლამენტისა და ქუჩის გზით ებრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩემი აზრით, სჯობდა, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესულიყვნენ.
პარლამენტში არ შესვლით ოპოზიცია კარგავს რესურსებს, მოახდინონ უფრო ეფექტური გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. მათ, შესაძლოა, ამომრჩეველიც დაკარგონ, მაგრამ შესაძლოა, მოიპოვონ კიდევაც.
ისინი კარგავენ პროცესებზე ზემოქმედების უნიკალურ შანსს. მათ აჩუქეს “ქართულ ოცნებას” დამატებით 16 ხმა, ასე არ შეიძლებოდა, ბოლომდე უნდა ებრძოლათ. იმის ნაცვლად, რომ პარლამენტში ყოფილიყო“ქართული ოცნების“ 76 დეპუტატი, ახლა 90 იქნება. ეს ყველაფერი არის ოპოზიციის დამსახურება.
თუ ოპოზიცია ვერ მიაღწევს ვადამდელ არჩევნებს, მაშინ მეორე ვარიანტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება. გაჰყვება კი მათ ადგილობრივ ამომრჩეველი არჩევნებში, როცა ახლა გადააგდეს?! ამომრჩეველი პანდემიის დროს გამოვიდა ქუჩაში და ხმა მისცა პარტიებს, მათი მეორე ტურში გაიყვანა. პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას ხალხი სწორად გაიგებს?! რა თქმა უნდა, ფულზე მეტად პარტიები ამომრჩევლის ნდობას კარგავენ. მათ ამომრჩეველს უნდა დაუსაბუთონ, მათ მიერ მიღებული გადაწვეტილება, რატომ არის სწორი.
მანდატებზე უარის თქმით, თამაშობენ თუ არა ოპოზიციური პარტიები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ თამაშს
ზაქარეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ოპოზიციურ პარტიას აშანტაჟებს და დაბალ პროცენტიანი ოპოზიციური პარტიებიც, ბუნებრივია, სააკაშვილის პოლიტიკურ ანკესზე არიან წამოგებულები.
„რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციური პარტია მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” დააშანტაჟა ყველა პარტია. მათ ყველა პარტიას უთხრეს, ხომ ხედავთ, ვინ არის დღეს მთავარი ოპოზიციაში. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტან „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ პარტიამ თავისას მაინც მიაღწია. როგორც კი არ შევიდა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში, სხვა პარტიების საკანონმდებლო ორგანოში შესვლამაც აზრი დაკარგა”,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
პროცესების ქუჩაში გადატანით, იზრდება თუ არ საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლისა და რევოლუციური სცენარის განვითარების შანსი
როგორც ექსპერტმა განაცხადა, ასეთ შემთხვვევაში, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ალბათობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მთავარი მიზანი საქართველოში რევოლუციის მოწყობაა.
“სააკაშვილს ჰქონია, რომ საქართველოს ისტორიაში კარგად არის შესული. მე მგონია, რომ საქართველოს ისტორიაში შესულია, მაგრამ ცუდად. მან ჩააბარა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი.
თუ ოპოზიცია ვერ ახერხებს ვადამდელ არჩევნებს, ოპოზიციას სხვა ვარიანტი არ რჩება, გარდა მეორე ვარიანტისა, ეს არის რევოლუცია. საქართველოში რევოლუციის სუნი დატრიალდა. სააკაშვილი კი მხოლოდ ამისთვის ემზადება, იმედია, ქვეყანაში ეს სცენარი ვერ განხორციელდბა”,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ქვეყანაში იგივე სცენარი 2008 წელს განვითარდა, როცა შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის გამო, არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა.