„საზოგადოება დაინახავს, რომ პირველმა შედეგმა გააძლიერა ნაცები და მეორე ტურზე დაასუსტებს ნაცებსაც და მთლიანად ოპოზიციას“

„საზოგადოება დაინახავს, რომ პირველმა შედეგმა გააძლიერა ნაცები და მეორე ტურზე დაასუსტებს ნაცებსაც და მთლიანად ოპოზიციას“

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმური არაა და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა, ყალბი სურათის შექმნა იქნება“, - ასეთია ოპოზიციის გზავნილი, რომელიც ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და ამომრჩევლებს 8 ნოემბერს საერთო ეროვნულ აქციაზე იწვევს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობაზე წამოსვლა, რადგან ერთპარტიული პარლამენტი ვერ იმუშავებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად მოუწევთ დათმობა. ისე როგორც შარშან, როდესაც ქართული საზოგადოების კონსოლიდაციამ და ოპოზიციის ერთიანობამ აიძულა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომ გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე, ასევე აუცილებლად მოუწევთ დათმობაზე წამოსვლა იმიტომ, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ არის პარლამენტი, ეს პარლამენტი ვერ იმუშავებს და შიდა და გარე ზეწოლის შედეგად აუცილებლად მოუწევთ ამის გაკეთება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მე-10 მოწვევის პარალამენტში შესვლაზე უარს ამბობს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“, რომელმაც ხმების 3.15% მიიღო და პარლამენტში 4 მანდატის შეყვანას შეძლებს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, არჩევნები არის გაყალბებული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

„ლელოს“ პოზიცია არის ძალიან ნათელი, ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს. არჩევნების შედეგები არ გამოხატავს საზოგადოების განწყობებს და მათ ნებას. ეს არის დამახინჯებული შედეგები გამომდინარე იმ ძალადობიდან, იმ მოსყიდვიდან, იმ მუქარისგან, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს. ასეთი შედეგების ცნობა იქნება სრული უპასუხისმგებლობა იმიტომ, რომ ეს არ არის სასარგებლო ქვეყნისთვის, არის დამაზიანებელი. ასეთ შედეგებზე დაყრდნობით პარლამენტის ჩამოყალიბება იქნება ქვეყნისთვის ზიანის მომტანი და გააღრმავებს კრიზისს, რომელშიც ახლა ვიმყოფებით“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, არც მეორე ტურში გადიან და არც პარლამენტში შედიან ნაციონალები. როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, საქართველოში ამ არჩევნების მოპარვით, უკან უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა.

„ადამიანების მიერ ნებისმიერი საშულებით პროტესტის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია. ვიდრე, ბოლო ადამიანი იქნება, ვიქნები აქ. 8 ნოემბერს დაგეგმილი გვაქვს ძალიან დიდი აქცია, რომელიც იქნება ერთიანი ოპოზიციური. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოუერთდეს. აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. დარწმუნებული ვარ, მთელი ოპოზიციური სპექტრი არ მიანიჭებს ლეგიტიმაციას იმ გაყალბებას და მოპარულ, კრიმინალურ არჩევნებს, რომელიც ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა. შესაბამისად, არც მეორე ტურში გავდივარ, არც ამ მანდატებით პარლამენტში შევდივართ. ვიმედოვნებ, რომ ეს საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება იქნება“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

საპარლამენტო არჩვენებზე ამომრჩეველთა 1.22%-მა დაუჭირა მხარი „ლეიბორისტულ პარტიას“ და მის ლიდერს შალვა ნათელაშვილს, რომელიც დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გაუყალბეს შედეგები, ამიტომ იმედოვნებს, ამერიკელი ხალხი პრეზიდენტობიდან მოაცილებს ტრამპს, რომელიც პუტინის ლობისტია და, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილმა საერთო ენა გამონახა და ერთად ებრძვიან პირველ „მშრომელს“.

„გული არ გაიტეხოთ, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს გველეშაპზე. ჩვენ ცისკარას ქვეყანა ვართ, ცისკარა ყოველთვის ამარცხებდა იმ დევს, რომელიც წყალს არ აძლევდა სოფელს. რუსეთის პრეზიდენტმა, ჩვენი ქვეყნის მთავარმა ოკუპანტმა პუტინმა რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მეშვეობით და ჩვენი ვაჭარი თანამემამულეების ხელით, თავზე დაგვამხო ქვეყანა და საპარლამენტო არჩევნები. ამ კენჭისყრის შედეგები არის არალეგიტიმური, უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტის შეკრება გახლავთ დაუშვებელი.

უკვე დაწყებულია დიდი სახალხო წინააღმდეგობა, სახალხო პროტესტი და მოძრაობა, რომელიც აუცილებლად წალეკავს ოლიგარქის ძირგამომპალ რეჟიმს და მე დიდად ვიმედოვნებ, რომ ხვალ ამერიკელი ხალხი პრეზიდენტის პოსტიდან მოაცილებს ტრამპს, რომელიც პუტინის ლობისტია შეერთებულ შტატებში და რომელთანაც, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გამონახა საერთო ენა და ამას მოწმობს ბოლო დღეს გაკეთებული მთელი რიგი თბილი განცხადებები ვიღაც-ვიღაცებისგან“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს. შესაბამისად, ამ პირობებში მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს, დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები, რადგან არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს.

„2 მილიონი ამომრჩეველი, ვირუსის საფრთხის ქვეშ, რისკის ფასად, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა პოზიცია. ვიდრე პარტიები იტყვიან, რომ ეს დღეს არ ითვლება, ჯერ უნდა გააკეთონ ყველაფერი, იმისთვის, რომ სწორად დაითვალოს მონაცემები და თუ სადმე პრობლემა იყო ან გადაითვალოს ის უბნები, ან გაბათილდეს იმ კონკრეტულ უბნებზე შედეგები, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება თავიდანაც ჩატარდეს. ჯერჯერობით ეს მცდელობები არ ჩანს“,- ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

ამასთან, მისი თქმით, პარლამენტში არშესვლა ოპოზიციის მხრიდან შეცდომა იქნება, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა და არ შეიძლება ამ შეცდომის გამეორება და არ შეიძლება ხელისუფლება მარტო დატოვო პარლამენტში ყოველგვარი ოპონირების და კონკურენციის გარეშე.

„ეს უკვე ვქენით ერთხელ და კარგით არაფრით დასრულდა. დღეს ოპოზიციას იმაზე მეტი მანდატი აქვს მოპოვებული, ვიდრე ოდესმე და დღევანდელი კანონმდებლობით არსებული საკონტროლო მექანიზმების გათვალისწინებით, პარლამენტში ეს მანდატები იმაზე დიდი ძალაა, ვიდრე ოდესმე. ამ ყველაფრის გამოყენების ნაცვლად, უბრალოდ, იმის თქმა, რომ არ ითვლება 31 ოქტობრის დღე, მძიმე შეცდომა იქნება“,- აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ ოპოზიციაში გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან როგორც საარჩევნო რეჟიმს, ისე შემდგომ საპარლამენტო ცხოვრებას. უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, როცა საუბარია დარღვევებზე, ეს უნდა აისახებოდეს საჩივრებშიც, თუმცა, მთლიანობაში, დაახლოებით, 450 საჩივარია დაწერილი, რასაც აქვს თავისი განხილვის ვადა. მისი თქმით, ჩავთვალოთ, რომ პროპორციული არჩევნები არის უკვე შემდგარი და იმავდროულად ლეგიტიმურად ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

„სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად სცნო არჩევნების პირველი ტური, ამ ფონზე მათი პოზიცია აბსურდული ჩანს. იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან როგორც საარჩევნო რეჟიმს და შემდგომ, უკვე საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღებენ მონაწილეობას. თუ თეორიულად ვიმსჯელებთ, რა მოხდება სამართლებრივად იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდა, მოხდება ის, რომ არჩევნები შედგება, ჩატარდება მეორე ტურიც და პარლამენტის ფუნქციონირებასაც თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ ოპოზიცია მის ბლოკირებას მოახდენს, ვერანაირად ხელი ვერ შეეშლება. მაგრამ ეს არ არის მთავარი, მე ვფიქრობ, ხელის გადაწევის პრინციპით არ უნდა ვიმოქმედოთ, აქ მთავარია ის, რომ ოპოზიცია გონს მოეგოს. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს“, - აცხადებს გიორგი კახიანი.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, დღეს უჭკუო ოპოზიციონრობაშია პრობლემა და ასეთი დაბალი ქულები ოპოზიციამ, განსაკუთრებით მესამე სექტორის ოპოზიციამ მიიღო იმიტომ, რომ გაუთვლელი აქვთ ყველაფერი. მისი თქმით, ოპოზიცია მეორე ტურში რომც არ გავიდეს, მისი კანდიდატი მაინც რჩება ბიულეტენზე და მოსახლეობა მაინც გააკეთებს არჩევანს. ასე რომ, პოლიტოლოგის შეფასებით, მეორე ტურზე უარის თქმის ფორმალური საშუალება არ არსეობს.

„გავიბუტეო, ამიტომ არ წავალ არჩევნებზე და არ შევალთ პარალამნეტშიო, მაგრამ ფორმალურად, მაინც ჩატარდება მეორე ტური - ეს არის პირველი სისულელე, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს. მეორე სისულელე რასაც იძახიან - გავაუქმოთ ეს შედეგები და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნებიო. ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ხომ საერთოდ წააგებენ. იმისაც ვერ აიღებენ, რაც აიღეს. სოციალურ ქსელს თუ თვალს გადაავლებთ, ნახავთ, რომ ყველა გაოცებულია ნაციონალების მიერ აღებული ხმებით. ეს გაოცებული ხალხი ხელახლა რომ მივა ყუთებთან, ვინც ნაცები შემოხაზა, ისინიც აღარ შემოხაზავენ ნაცებს. ვინც სხვა შემოხაზა - ანუ, მესამე ნაწილის ოპოზიცია, ისინი „ოცნებას“ შემოხაზავენ, რომ ხმა არ დაიკარგოს.

ანუ, სურათი სულ სხვა იქნება და არ იქნება ოპოიციის სასარგებლო. ამაზე მეტყველებს საპრეიდენტო არჩევნების მეორე ტური, როდესაც განსხვავებული შედეგი მიიღო ოპოზიციამ და ეს იყო მისთვის წამგებიანი შეგედი. იგივე მოხდება ახლა. როგორც კი, საზოგადოება დაინახავს, რომ პირველმა შედეგმა გააძლიერა ნაცები, მეორე ტურზე ამომრჩეველი დაასუსტებს ნაცებსაც და მთლიანად ოპოზიციას. ამას დიდი გათვლა არ უნდა, მაგრამ ჭკუა უნდა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ოპოზიცია არ მოქმედებს გააზრებული ნაბიჯით და ამიტომ ვერ იღებენ საკმარის ხმებს, რადგან, მოსახლეობა როდესაც გაუაზრებელ ნაბიჯებს ხედავს, არ უნდა ამ სახელმწიფოს საჭე მისცეს გაუაზრებელ ადამიანებს. იმიტომ, რომ თვითონ ცხოვრობს ამ სახელმწიფოში.

„იძახეს ევროპელები ვართო და ჯერ გერმანიის ელჩს და ახლა მთელ ევროპას დაახურეს თავზე. დამატებითი არჩვენები გვინდაო და დავუშვათ რაღაცა მექანიმენით დაინიშნა მეორე ტური, შემდეგ ისევ დგება ლეგიტიმაციის საკითხი. ისევ ამ ევროპელებმა უნდა თქვან ლეგიტიმური არის თუ არა არჩევნები, იმ ევროპელებმა რომელსაც აფურთხებენ. ასე რომ, იმავე ჭაში აფურთხებენ, საიდანაც თვითონაც უნდა დალიონ წყალი.

ასეთი შეტევა აშშ-ის ელჩზე და დასავლეთზე, მიუთითებს, რომ 2003 წლისგან განსხვავებით, ეს საპროტესტო აქციები დასავლეთის დაკვეთა არ არის. უფრო და უფრო საფიქრებელია, რომ ასეთი დესტაბილიაციის მცდელობა, გამოვა თუ არა, ესეც სხვა საკითხია, მაგრამ ასეთი დესტაბილიზაცია რუსეთის დაკვეთაა და ეს იკითხება. დღეს დასავლეთმა მკაფიოდ აჩვენა, რომ დესტაბილიზაცია საქართველოში არ უნდა.

ერთადერთი ვისაც უნდა დესტაბილიზაცია, ქრონიკულად და განსაკუთრებით ახლა, ეს არის რუსეთი და მით უმეტეს, როცა ყარაბაღის პროცესი მიდის გვერდზე, რა თქმა უნდა, ამ ყარაბაღის პროცესების მიმართ ვიცით, ოპოზიციამ რა განცხადებებიც გააკეთა. ფაქტია, რომ ასეთი ჩარევები და ოპოზიციის მხარეს პოლიტიკური სასწორის გადახრა რუსეთის ინტერესებშია და ოპოზიციის ქცევაც ამას ადასტურებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. მისი თქმით, მთლიად დაწერილია 450-მდე საჩივარი, ეს არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე ადრე. და თუ რაიმე დაირღვევები იყო, რასაკვირველია, არსებობს სამართლებრივი რეაგირების გზა. მაგრამ საჩივრების განხილვამდე გადიხარ ქუჩაში და იწყებ ყვირილს, ეს უკვე ნიშნავს, რომ შენი მიზანი არ არის არჩევნები.

„ეს არის ყიზილბაშური მიზანი - რაც ნიშნავს „წითელ ხუთიანს“. მტრული მიზანი აქვთ, სახელმწიფოს ოკუპაცია უნდათ, ოკუპანტები არიან. რას აკეთებენ - დადგნენ პარლამენტის წინ, რაღაცა ტერიტორია მიითვისეს. პარალელურად, საინფორმაციო ოკუპაციას ეწევა „მთავარი არხი“. რაღაცა კორტრსახელმწიფოს ქმნიან. მიზანი რა აქვთ?- ჯერ პარლამენტი აიღონ შტურმით და მერე მთელი ქვეყანა. დაახლოებით ის, რაც 2003 გააკეთეს. შევხედოთ, რა არის ეს „მთავარი არხი“, სინმადვილეში ეს არის კონტრსახელმწიფო. გვარამია არის გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, ცესკო და ყველაფერი. ეს არის სიგიჟის დაფუძნება, სიგიჟეა, ობიექტური რეალობისგან აბსოლუტურად მოწყვეტილი. ნაცები იქცევიან როგორც ოკუპანტები, საკუთარ სახელმწიფოს ებრძვიან და არა „ქართულ ოცნებას“. მიზანი არის სახელმწიფოს ოკუპაცია. რასაკვირველია, თუ მათ არჩევნების ბედი აღელვებთ, მიყვნენ იმ გზას, რაც ცივილიზებულ სამყაროშია მიღებული და თუ საპროტესტო მუხტის საფუძველი აქვთ, ჯერ უნდა ამოწურონ ყველა სამართლებრივი პროცედურა, მაგრამ ამას ისინი არ აკეთებენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

 

Maverick „2 მილიონი ამომრჩეველი, ვირუსის საფრთხის ქვეშ, რისკის ფასად, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა პოზიცია. ვიდრე პარტიები იტყვიან, რომ ეს დღეს არ ითვლება, ჯერ უნდა გააკეთონ ყველაფერი, იმისთვის, რომ სწორად დაითვალოს მონაცემები და თუ სადმე პრობლემა იყო ან გადაითვალოს ის უბნები, ან გაბათილდეს იმ კონკრეტულ უბნებზე შედეგები, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება თავიდანაც ჩატარდეს. ჯერჯერობით ეს მცდელობები არ ჩანს“,- ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

პასუხი:
მცდელობები იმიტომ არ ჩანს, რომ ბიძია-ბაბუების ზეწოლით "ქ.ოცნებისთვის" მიცემული ჩვენი ხმები ვითომ პრჭოპოზიციას შეუშხუპუნეს, მათ მადა ჭამაში მოუვდათ, "ქ.ოცნება" ვინუჟდენზე შესვეს და ახლა საკუთარი ჯოკერი შეტენეს!
4 წლის უკან