ამომრჩეველმა საკუთარ არჩევანი დააფიქსირა. პოლიტიკურმა პარტიებმა, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე შეწყვიტეს. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა, პოლიტიკური პარტიები საკუთარი ამომრჩევლის მოხიბვლას ძირითადად გაუთვლელი, ყოველგვარ საექსპერტო ანალიზს მოკლებული საარჩევნო პროგრამებით ცდილობდნენ. ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მომავალი პარლამენტისგან რაიმე პოზიტიურს და ხელშესახებს არ ელის, ხოლო თუ რითი განსხვავდებოდა ახლანდელი საარჩევნო გარემო წინა წლებისგან, გიორხელიძე ამბობს, მნიშვნელოვანია, როცა ხელისუფლებისგან საფრთხე არ მოდის, ეს კი როგორც პარტიებს, ისე მათ მხარდამჭერებს თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს.
დემურ გიორხელიძე: სხვა არჩევნებისგან ერთადერთი სხვაობა ის არის, რომ ხელისუფლებისგან პოლიტიკური საქმიანობისთვის საფრთხე არ მოდის, ამას ხელოვნურად თუ ვინმე შექმნის. სხვა მხრივ, შინაარსი, დაპირისპირება, ლექსიკა, შეურაცხყოფა, ეს ყველაფერი 90-იანი წლების სცენარებია, რაც ანადგურებს პოლიტიკურ წრეებს და ძალიან ცუდია. ფაქტობრივად, ჩვენ ვდგავართ განახლების წინაშე და ნელ-ნელა ეს უნდა მოხდეს. ხალხი არის ძალიან უპასუხისმგებლო, როდესაც შეუძლია 37 წლის კაცს 97%-ით დაუჭიროს მხარი ქვეყნის პირველ პირად არჩევაზე, შედეგი კი რაც არის კარგად ვხედავთ. ჩვენ გვაქვს დიდი მიღწევა, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. სამწუხაროდ, დღესაც ჩანს, რომ ამ მონაპოვარს არ ვუფრთხილდებით, იმიტომ, რომ თუ ვინმე ამ დამოუკიდებლობას ვნებს, საზოგადოება არ დგას სახელმწიფოს დაცვაზე და ძალიან პრიმიტიული სიმპათია-ანტიპათიის ფარგლებში გაყოფილი და დაპირისპირებულია ერთმანეთთან. ასე დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები არ იქცევიან.
პარტიები, რომლებსაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის პრეტენზია აქვთ და ამისთვის ძალიან დიდ ფულად თუ ადამიანურ რესურსს იყენებენ, საინტერესოა მათი საარჩევნო პროგრამა როგორ ესადაგება ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და სამომავლო განვითარებას. თქვენ როგორ შეფასებას მისცემთ, არიან ტრადიციულად ზედაპირულები ყოველგვარი სერიოზული გათვლების გარეშე, თუ სამი ათეული წლის შემდეგ მაინც რაიმე პროგრესი იგრძნობა?
- სამწუხაროდ, ადამიანებს არ აქვთ ამბიცია ქვეყნის წინ წაწევის, განვითარების ორბიტაზე გაყვანის. როდესაც ყველა წარმატებული ქვეყანა აქტიური და ამბიციური ადამიანების მონდომებამ გაიყვანა იქამდე. პოლიტიკური პარტიების დღევანდელი პროგრამები სერიოზულ პროფესიულ განხილვას არ ექვემდებარება იმიტომ, რომ იმდენად არასერიოზული პროგრამებია, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია ქვეყნისთვის. ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული საგარეო პრობლემები. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და არც ერთი პარტია ახლოს არ ეკარება ამ თემას. არც ერთი პარტია არ ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგარეო პრობლემას, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორია და ჩვენი პოლიტიკა მკვდარია ამ მიმართულებით.
ასევე, მეორე თემა - სიღარიბე, უმუშევრობა და ის მცირედი კეთილდღეობა, რომელიც ჩანს, ზოგს ავიწყდება, რომ ეს არის ქალთა შრომის შედეგი, იმიტომ, რომ 62%-ზე მეტი მიგრირებული ქართველებისა არის ქალები. ანუ, არანაირი სერიოზული ეკონომიკური პროგრამა არ არსებობს. ქვეყნები განვითარდნენ თითქმის ყველა ერთნაირი სცენარით. პიროვნული თავისებურებები ყველგან იყო, ეკონომიკურმა მეცნიერებამ დიდი ენერგია დახარჯა. რატომ არის ერთი ქვეყანა მდიდარი, მეორე ღარიბი, როცა ერთნაირი ხალხი ცხოვრობს? რაღაც სხვაშია საქმე. მსგავსი ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში არ ისწავლება, რაღაც იდიოტურ ნეო-ლიბერალურ ეკონომიკურ პარადიგმაზე გამოათაყვანეს ახალგაზრდობა და ამ სისულელეს იმეორებენ და პლუს ამას, პოლიტიკური პარტიები ლაპარაკობენ არანაკლებ ბევრ სისულელეს, რომ თურმე რაღაც პრიმიტიულად გადასახადების დაწევა, ბაზარში ჩაურევლობა, ამდენი ხელფასი და აყვავდება ქვეყანა. ასე, მსოფლიოში არსად მომხდარა და არც მოხდება. ეს არის ძალიან რთული და მნიშვნელოვანი თემა და შედეგი გვაქვს ნული. სერიოზული მდგენელი პოლიტიკური პროგრამისა, რასაც ქვია ეკონომიკის სწრაფი ზრდა, დასაქმების უზრუნველყოფა და ასე შემდეგ, ეს არის მხოლოდ ლოზუნგები, რაც გათვლილია ხალხის მიამიტობაზე და პროფესიული თვალსაზრისით კი არც ერთი პროგრამა არ ექვემდებარება სერიოზულ განხილვას.
გამოდის, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია?
- ესენი უკვე ვეღარ ჩამოყალიბდებიან. უბრალოდ საფრთხეები და თვითშენარჩუნების ინსტიქტი ქართველებს უნდა უბიძგებდეს იქითკენ, რომ ამ პოლიტიკურმა ძალებმა რომლებმა თავიანთი თავი თვითონ ჩაიყენეს ამ მდგომარეობაში, ისინი დააყენონ მხარდაჭერის გარეშე და ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოხდეს რაღაც სერიოზული ცვლილებები, ანუ გაჩენა რაღაც ძალებისა ახალგაზრდების და ძველების გონიერი შერწყმა იმ ადამიანებისა, ვისაც გააჩნია პოლიტიკური საქმიანობის პოტენციალი. ეტაპობრივად უნდა მოხდეს ახალგაზრდების მომზადება და გადაცემა მათზე სახელმწიფო მმართველობის, მაგრამ ის რაც მოხდა 2003 წელს... მინისტრობით დაიწყეს ადამიანებმა თავიანთი კარიერა და შედეგად რა მივიღეთ კარგად ვიცით. ამიტომ, ძალიან ბევრი რამ არის რაზეც ვერ ვმსჯელობთ. საარჩევნო წინა პერიოდი უნდა ყოფილიყო მსჯელობა, საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების ლიდერების, ტელეეთერიდან პოლიტიკური თოქ-შოუები, ამის ნაცლად კი ჩვენ გვქონდა ბრალდებები, შეურაცხყოფები, დემაგოგია. პრობლემა არის გადასაწყვეტი და ამ პრობლემას ემოცია არ წყვეტს. საერთოდ, პოლიტიკოსი რომელიც სიმპათიებით და ანტიპათიებით ლაპარაკობს, ეს პოლიტიკოსი არ არის და მისგან საზოგადოება რაიმე სერიოზულს არ უნდა ელოდოს. გასაგებია, რომ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს გარკვეული ორიენტაცია ექნებათ, მაგრამ ამ ორიენტაციის მიზანი ის არის, რომ სახელმწიფოში სიტუაცია შეიცვალოს უკეთესობისკენ, ჩვენ კი ასეთს ვერ ვხედავთ.
რას ელოდებით ახალი პარლამენტისგან, როგორი იქნება ის, როგორ წარმოგიდგენათ?
- მე არაფერს არ ველოდები. ხელისუფლება ფაქტობრივად არ შეიცვლება, რეალობა ასეთია. ხალხში არის უკმაყოფილება, არის უკმარისობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი არაშორსმჭვრეტელობით მოახერხა და საკუთარ თავს ავნო. ხალხს ჰქონდა უზარმაზარი იმედები და ხალხი ხედავს იმას, რომ ამ ეტაპზე, რაღაც რადიკალური ცვლილებები არ იქნება. ეს არის თვითშენარჩუნების ინსტიქტი, იძულებითი და ამაში ხელი შეუწყო ოპოზიციურმა ძალებმა, მათმა სრულიად გაუგებარმა წინასაარჩევნო კამპანიამ. ამიტომ, ოპოზიციის ამ პოზიციის გამო „ოცნება“, რა თქმა უნდა გაიმარჯვებდა, ეს არის რეალობა, ყოველგვარი სიმპათიების, ანტიპათიებისა და რაიმე პროპაგანდის გარეშე, რატომ? იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკა არ შეიძლება გაგრძელდეს.