ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა, „მასობრივ მობილიზაციას“ აცხადებს. აანონსებს საპროტესტო აქციებს, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვან მასშტაბებსაც მიაღწიოს. ამის თქმის საფუძველს იძლევა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევიდნენ და „ქართულ ოცნებას“ კოალიცია არ შეუქმნან, რადგან „მმართველმა გუნდმა არჩევნები ტოტალურად გააყალბა“. ამის ფონზე კი, ხელისუფლება ამბობს, რომ: „არჩევნებმა, მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, დემოკრატიულად ჩაიარა“, - გაყალბებას თუ ფულის დარიგებას, რაზე ოპოზიცია მიუთითებს, „ადგილი არ ჰქონია.“
ამასთან, ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობს. მმართველი გუნდი ოპოზიციას გადაწყვეტილებას არ უწონებს და მოუწოდებს, „ხალხის არჩევანს პატივი სცენ.“ ხელისუფლება რატომღაც დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია საბოლოოდ პარლამენტში მაინც შევა, თუმცა რა აძლევს ამ პროგნოზის გაკეთების საფუძველს, უცნობია.
რაც შეეხება უშუალოდ ცესკოს შედეგებს, უკვე ცნობილია ხმების 100% ქვეყნის მაშტაბით, რომელიც ასე გადანაწილდა:
პროპორციული სისტემით ძალთა გადანაწილების რაოდენობა ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48.15%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27.14%; “ევროპული საქართველო” – 3.78%; “პატრიოტთა ალიანსი” – 3.14%; “ლელო” – 3.15%; “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.15%; “გირჩი” – 2.89%; “მოქალაქეები” – 1.33%; “ლეიბორისტული პარტია” – 1%.
უშუალოდ დედაქალაქში, 8-ვე ოლქში, მეორე ტური ჩაინიშნა.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ნოემბერს ღამითვე გააკეთა განცხადება და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშალა. მან მოსახლეობას საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდა:
„ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო. როგორც კი დაღამდა, როგორც კი ხალხი მოეშვა და მოწყდა ტელევიზორებს, ივანიშვილმა დაიწყო გაყალბება“, - თქვა სააკაშვილმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებს „მასობრივი მობილიზაციისკენ“ მოუწოდა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ამაში რას გულისხმობდა:
„ხდება არჩევნების მოპარვა, ხდება ოქმების გადაწერა ოლქებში. მივმართავ ჩვენს წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე, ოლქებში. დაიცავით ხმები. დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას, მიდის არჩევნების მოპარვა და უნდა დავიცვათ“, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
ოპოზიციამ საპროტესტო აქციები უკვე დააანონსა. მათი თქმით, თავისუფლების მოედანზე ამ დღეების განმავლობაში საპროტესტო აქციები გაიმართება, რაც კვირას, 8 ნოემბერს მასშტაბური აქციით დაგვირგვინდება. ოპოზიციის ლიდერები არც იმას გამორიცხავენ, რომ აქციებმა უწყვეტი ხასიათი მიიღოს, იმ შემთხვევაში, თუკი მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
რამდენად არის მოსალოდნელი საპროტესტო აქციებმა მასშტაბური სახე მიიღოს და საერთოდაც, მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ, For.ge პოლიტიკურ ექსპერტებს გაესაუბრა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციის საყოველთაო დაუმორჩილებლობა მოსალოდნელია. იგი არ გამორიცხავს, რომ 17 წლის წინანდელი სცენარი განმეორდეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის ეპოქა „ვარდების რევოლუციით“ დაასრულა.
„ის, რომ სააკაშვილი აქციას დააანონსებდა, მოსალოდნელი იყო. მან ამის თაობაზე ღია ტექსტით 29 ოქტომბერს განაცხადა „ნაცმოძრაობის“ და მისი გაერთიანებული ოპოზიციის შემაჯამებელ შეხვედრაზე, როდესაც პირდაპირ ითქვა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელი შედეგი დაიდებოდა, დაიწყებდნენ აქციებს და მიმართავდნენ რევოლუციურ სცენარს. ეს უკვე პრაქტიკაში ხორციელდება. მე ის უფრო გამიკვირდებოდა, რომ არაფერი გაეკეთებინათ და შეგუებოდნენ არჩევნების შედეგებს, რომელიც, ჩემი აზრით, ასახავს იმ რეალობას, რაც დღეს ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეშია. რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა მხარდაჭერა, ვფიქრობ, რომ ფართო მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ საკუთარი მომხრეების მობილიზებას დიდი ალბათობით შეძლებენ ისე, როგორც 2003 წელს გააკეთეს.
ვვარაუდობ, რომ მას შეუერთდებიან ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც არ შექმნიდნენ კოალიციას მმართველ გუნდთან და რომლებიც გუშინ ასევე აცხადებდნენ, რომ არ ეთანხმებიან არჩევნების შედეგებს. მივიღებთ დაახლოებით ისეთ სურათს, რა სურათიც გვქონდა 2003 წელს. ფაქტობრივად, მეორდება იგივე სცენარი - დროშიც კი ემთხვევა. მოვლენების შემდგომი განვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მდგრადი აღმოჩნდება თავად სახელმწიფო და ინსტიტუტები ამ ზეწოლის და პროტესტის მიმართ.
2003 წელს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ აღმოჩნდენ მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, იქ არსებობდა სხვა მომენტებიც, მათ შორის საგარეო ფაქტორები, რამაც განაპირობა ის, რომ მათი საპროტესტო აქცია და რევოლუციური სცენარი წარმატებით დასრულდა.
ახლაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საერთაშორისო დამკვირვებლების და სტრატეგიული პარტიორების პოზიციაზე. თუ ისინი იტყვიან, რომ არჩევნები, მიუხედავად არსებული დარღვევეისა, მაინც ჩატარდა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად და შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად, საპროტესტო აქციებს ლეგიტიმაციის საფუძველი არ ექნება და სავარაუდოდ, რაღაც პერიოდი გაგრძელდება, შემდეგ ჩაიფერფლება. თუმცა, თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთდა კრიტიკული შეფასებები, მაშინ სავარაუდოდ სცენარი ხელისუფლებისთვის არასაკეთილდღეოდ განვითარდება. ზუსტად ასეა, ყველაფერი „ვარდების რევოლუციის“ სცენარისკენ მიდის“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია თვლის, რომ „ვარდების რევოლუცია“ უკიდურესი შედეგი იქნება, რასაც თავად ნაკლებად ელოდება. როგორც For.ge-სთან აღნიშნა, მოსალოდნელია საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რაც ხელისუფლებისთვის და საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას წლების განმავლობაში ებრძოდა, ძალიან ცუდად დასრულდება.
„ჩემი ვარაუდი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარდების შესახებ მართლდება. არჩევნებზე გადაცდომებს აშკარად ჰქონდა ადგილი და ამის შემდეგ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გადაიკიდა მთელი ოპოზიციური სპექტრი, თავიანთი პოტენციური სტრატეგიული მოკავშირეებიც კი. მთავარია ახლა ეუთო-ოდირის დასკვნა, რომელმაც თუ თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა, „ლუკაშენკოზაციის“ პროცესის მომსწრე გავხდებით.
„ვარდების რევოლუციის“ სცენარი ყველაზე რადიკალური სცენარი იქნება. მიმაჩნია, რომ „ოცნებას“ გაუჭირდება კოალიცური მთავრობის ჩამოყალიბება. გვექნება სახეზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ეს ყველაზე ოპტიმისტური სცენარია. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ალბათ ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდება.
იმ დონემდე როგორ უნდა მიიყვანო მდგომარეობა, რომ „ნაცმოძრაობა“ დააყენო სხვა პოლიტიკური პარტიების დონეზე?! - ეს არის ყველაზე ტრაგიკული ვითარება. ჩვენ ვიხილეთ დაძაბული არჩევნები და არაორდინალური სიტუაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს სერიოზული მხარდაჭერა. გაუვიდეს ის, რაც გაუვიდა ახლა.
მახსოვს, ცესკო 23:00 საათზე უკვე დებდა პირველად მონაცემებს, თუმცა, ახლა, ეს მონაცემები მხოლოდ დილის 09:00 საათზე გახდა ცნობილი. ეს გარკვეული ეჭვების საფუძველს ქმნის. დილის 9 საათზე რომ აცხადებს პირველად შედეგებს, უჩვეულოა. თანაც, ემთხვევა „იმედის“ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგებს.
დღევანდელი ვითარება არ აძლევს „ოცნებას“ იმის საშუალებას, რომ ჩამოაყალიბოს მთავრობა. თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ეს ძალიან ცუდი იქნება როგორც „ოცნებისთვის“ ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ნაცების რეჟიმს ებრძოდა“, - განგვიცხადა ვახტანგ მაისაიამ.
ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა.
1. კიდევ რა დანაშაული უნდა ჩაიდინოს პოლიტიკურმა პარტიამ - ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ მისი 25% ამომრჩევლის მხარდაჭერა დაკარგოს?!
2. კიდევ რა უნდა მოხდეს ქვეყანაში, რა ზიანი უნდა მიადგეს საქართველოს, ქართულ საზოგადოებას, რომ დარწმუნდეთ და დამეთანხმოთ - მსოფლიოს განვითარბის დღევანდელ ეტაპზე დემოკრატია ატარებს ანტისახელმწიფოებრივ, სრულიად დესტრუქციულ შინარსს!
ის კი არადა ამ სისხლმოწყურებულმა ნაცებმა, ეს თალაკვაძე და მდინარაძე(სხვებიც) რომ ოპტომ შესანსლონ, ღირსებიც იქნებიან, ღირსები და ალალიც ნაცებისთვის
აუუუუუ რას გადაყლაპავენ ნაცები მაგათ--- თვალს არ დაახამხამებენ
ხუმრობა ხომ არა---- 8 წელი სისხლი მოენატრათ სისხლი, ადამიანის სისხლი