ოპოზიცია თუ პარლამენტში არ შევა შეექმნება თუ არა „ოცნებას“ პრობლემები და რა შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს რიგგარეშე არჩევნები

ოპოზიცია თუ პარლამენტში არ შევა შეექმნება თუ არა „ოცნებას“ პრობლემები და რა შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს რიგგარეშე არჩევნები

ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს და 31 ოქტომბრის არჩვენების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ამბობენ, რომ პატივს სცემენ საერთაშოროსო პარტნიორებს, თუმცა, საკუთარი ოპოზიციური დღის წესრიგით მოქმედებას აანონსებენ.

კონსტიტუციონალისტები კი for.ge-სთან ამბობენ, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილებას თუკი პარლამენტში არ შევლენ, მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება და სამართლებრივად პარლამენტის მუშაობაზე გავლენას ვერ მოახდენს. მათი თქმით, თუკი „ოცნება“ 76 მანდატს აიღებს, ის მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს და მუშაობას ჩვეულებრივად შეძლებს. კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ პარლამენტი უუნარო მხოლოდ მაშინ იქნება, თუკი ხელისუფლების დაკომპლექტებისთვის მანდატები არ ეყოფა და ამ შემთხვევაში მისი დათხოვნაც არის შესაძლებელი. ახლა კი, რიგგარეშე არჩევნების გამოცხადება იმ მიზეზით, რომ ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს, არ გამოვა.

„ევროპული საქართველო“ უკვე აცხადებს, რომ ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ეს უკვე გადაწყვეტილი აქვთ და დანარჩენი პარტიების არ იცის.

„ევროპული საქართველო“ არ აპირებს ამ პარლამენტში შესვლას. ეს შემიძლია გითხრათ ცალსახად. თუ ვინმე ყოყმანობს, ეს ლეგიტიმურია, მესმის ადამიანების, არ ვაპირებ მათ დამუნათებას, მაგრამ ვინც მერყეობს, მათ სიმტკიცეს შემატებს, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება“, - ამბობს გიგი უგულავა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია და მიმართავს ოპოზიციას, უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე, რათა ხელისუფლება იძულებული გახდეს რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.

„ჩვენი შეფასებით, ეს იყო ამაზრზენი არჩევნები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა და ამაში საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმარებოდა მმართველ პარტიას.

ჩვენ ვნახეთ უამრავი დარღვევის ფაქტი, პირდაპირ გამოქვეყნებულია ოქმები, სადაც „ქართული ოცნების“ ხმები რამდენჯერმე აღემატება უბნებზე მისული საერთო ამომრჩევლის რაოდენობას.

ლამის 24 საათი გავიდა არჩევნების დასრულებიდან და ცესკოს თბილისის შედეგების ნახევარი გამოქვეყნებული არ აქვს მაჟორიტარულ ოლქებში, ვინაიდან იციან, რომ ვერც ერთ ოლქში პირველი ტურები ვერ მოიგეს, ამიტომ აჯანჯლებს და ეხმარება „ქართულ ოცნებას“ სასურველი შედეგის ფორმირებაში.

ჩვენ, პარტია „მოქალაქეებს“ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, მივმართავთ ყველა პარტიას, ვინც ამ გაყალბებული შედეგებითაც გადალახა ბარიერი, უარი ვთქვათ პარლამენტში შესვლაზე და შევქნათ სამართლებრივი საფუძველი, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

ჩვენი კონსტიტუციით, თუ პირველ სხდომაზე 100 დეპუტატი არ შეიკრიბა, პარლამენტს არ ექნება უფლებამოსილება და ვერ გააგრძელებს თავის საქმიანობას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო“, - ეს ევროკავშირის განცხადებაა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს და დადებითად აფასებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავარია მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით, ისევე როგორც ყველა საჩივრისა და აპელაციის სამართლიანი, გამჭვირვალე და საგულდაგულო განხილვა.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ თუკი „ქართულ ოცნებას“ 76 მანდატი ექნება და ოპოზიცია შესვლაზე უარს იტყვის, მათ ხელისუფლების დაკომპლექტება და პარლამენტის მუშაობა მაინც შეუძლიათ. ხმალაძე ამბობს, რომ ხელისუფლების დაკომპლექტებას ოპოზიცია პრობლემას ვერ შეუქმნის, თუმცა ხელისუფლება ვერ მიიღებს იმ კანონპროექტებს, რომელსაც ხმათა 2/3 სჭირდება. კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ ამიტომაც პარლამენტის მუშაობა სრულყოფილი ვერ იქნება და გარკვეულწილად პრობლემები შეექმნება. თუმცა არ არსებობს კონსტიტუციით ნორმა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას ამის გამო შეუძლია, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვს.

„პირვე რიგში, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული არჩევნების შედეგები საბოლოოდ როგორი იქნება. რამდენად იქნება მიჩნეული, რომ ეს არჩევნები სამართლიანად და კონსტიტუციური ნორმების ყველა დაცვით ჩატარდა. ვთქვათ და გამოცხადდა, რომ ყველაფერმა ნორმის დაცვით ჩაიარა და ცესკოს მიერ გამოცხადებული ოქმების მიხედვით პარლამენტში 100 და უფრო მეტი დეეპუტატი შევიდა, მაშინ პარლამენტი ლეგიტიმურობას იძენს.

უნდა მოხდეს პირველი შეკრება და სხდომა ჩატარდეს. სხდომა უფლებამოსილია გადაწყვეტილებები მიიღოს, თუ მას 76 ან მასზე მეტი დეპუტატი დაესწრება. ამის შემდეგ კი ამ სხდომამ პარლამენტის უფლებამოსილება უნდა ცნოს. თუ მან პარლამენტის ასი ან ასზე მეტი დეპუტატის უფლებამოსილება სცნო, ის ლეგიტიმურია.

ახლა რაც შეეხება „ოცნებას“, თუ მან 76 მანდატი აიღო და ოპოზიციამ სხდომის დასწრებაზე უარი თქვა, მმართველი გუნდი მათ უფლებამოსილებასაც სცნობს და მთავრობის დაკომპლექტებასაც შეძლებს“, - ამბობს ხმალაძე.

მისივე თქმით, ამის შემდეგ ოპოზიციის წევრებს შეუძლიათ პარლამენტს ან ბოიკოტი გამოუცხადონ, ან განცხადება დაწერონ და მანდატზე უარი თქვან. ხმალაძე ამბობს, რომ მანამდე, სანამ მათი უფლებამოსილება თავად ამ მე-10 მოწვევის პარლამენტისგანვე ცნობილი არ იქნება, ისინი ვერ იტყვიან, რომ პარლამენტის წევრობისგან გადადგნენ.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეც for.ge-სთან აცხადებს, რომ თუ ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ მანდატებზე უარს იტყვიან, საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტი მაინც დაკომპლექტდება და მის მუშაობას ამით ხელი ვერ შეეშლება. მენაბდე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტს 60 კაცითაც დაკომპლექტება შეუძლია და კონსტიტუციით ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ამით მის მუშაობას ვერ შეაფერხებენ. ასევე ამის გამო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოსალოდნელი არაა. კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ პარლამენტი უუნარო მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი მას მთავრობის დაკომპლექტება არ შეუძლია. სხვა, არც ერთ შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნა არ ხდება და ვერც რიგგარეშე არჩევნები ვერ დაინიშნება.

„კონსტიტუციის მიხედვით ასე ხდება, რომ პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ის უფლებამოსილებას იძენს წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

ეს ნორმები აჩვენებს, რომ უფლებამოსილების ცნობა არჩეული პირის სტატუსთან შეუთავსებლობას ეხება და არა მის სურვილს საბოლოოდ დაიჭიროს ან არა დეპუტატის ადგილი.

ამდენად, თუ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ამას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება და არა სამართლებრივი. პარლამენტი მაინც შეიკრიბება, თუნდაც 60 დეპუტატი გადადგეს. ასევე სამართლებრივად თუკი პარლამენტი მთავრობას აკომპლექტებს, ის უუნარო არაა და მისი დათხოვნა ვერ მოხდება. მხოლოდ იმის გამო, რომ ოპოზიცია მას ბოიკოტს უცხადებს, რიგგარეშე არჩევნები ვერ დაინიშნება“, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

trampi ნეტავ არ შევიდნენ ....
გასაწყვეტი უნდა გაწყდეს აბა ესე იწილო ბიწილო როდემდის??
ქოცებოოოო...................... ოპტომ უტვინოებოოო
4 წლის უკან