2 787 უბნის მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით 1%–იან ბარიერგადალახულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის 120–დან 116 მანდატი ნაწილდება. რჩება 4 თავისუფალი მანდატი, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ. ამ დროის მონაცემებით, ესენია: „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები“. 2 787 უბნის წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით განსაზღვრული დანარჩენი 116 მანდატი პარტიებს შორის ასე ნაწილდება:
„ქართული ოცნება“ (48.51%) – 62 მანდატი
„ნაციონალური მოძრაობა“ – (26.15%) – 33 მანდატი
„ევროპული საქართველო“ (3.8%) - 4 მანდატი
„ლელო“ (3.28%) – 4 მანდატი
„პატრიოტთა ალიანსი“ (3.23%) – 4 მანდატი
„სტრატეგია აღმაშენებელი“ (3.15%) – 4 მანდატი
„გირჩი“ (3. 07%) – 3 მანდატი
„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ (1. 41%) – 1 მანდატი
„ლეიბორისტული პარტია“ (1.02%) – 1 მანდატი.
ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით არსებულ 30 მაჟორიტარული ოლქიდან 29 ოლქში „ქართული ოცნება“ ლიდერობს და მმართველი პარტია მხოლოდ გლდანში, ნიკა მელიასთან მარცხდება. ოპოზიცია დამარცხებას არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ კარავი გაშალეს. ოპოზიციის მხარდამჭერები და ლიდერების ნაწილი პარლამენტის წინ რჩებიან.
ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, არჩევნები გაყალბებული და არალეგიტიმურია და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ამ არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება, რადგან ოპოზიცია უარს აცხადებს მანდატების მიღებაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, 99999ს განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს.
„დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილებით, ჩვენ მეორე ტურებში არ ვაპირებთ მონაწილეობას. რომელ მეორე ტურში უნდა მიიღოს ნიკა მელიამ მონაწილეობა?! გუშინ მთელი დღე ვიყავი გლდანის საარჩევნო ოლქში და მე იქ, რაც ვნახე, ეს არის ენითაღუწერელი ძალადობა ამომრჩეველზე. ნიკა მელია მიუხედავად ამ ძალადობისა, არის საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი. მან რეალურად მოიგო გლდანის მაჟორიტარული ოლქი. მეორე ტურში როგორ უნდა გავიდეს ნიკა მელია, როდესაც მას მოგებული აქვს უკვე ეს არჩევნები, რომელიც თამარ ჟვანიამ გადაწერა და ჩვენ ვაპირებთ, რომ ამის პრეზენტაცია მოვაწყოთ. ჩარევის ხარისხი იყო იმგვარი, რომელიც უკვე ზეგავლენას ახდენს არჩევნების შედეგებში რეალური ნების ასახვაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება, შევლენ თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტში, დღეს გახდება ცნობილი. ლიდერები გადაწყვეტილებას 2 ნოემბერს, 14:00 საათზე, საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადებენ. დავით ბაქრაძის განცხადებით, გადაწყვეტილება არის ცალსახა, რადგან შედიან ბრძოლაში.
„ვიწყებთ ბრძოლას მშვიდობიანად და ღირსეულად, როგორც ქართველებს გვეკადრება. არასდროს ვყოფილვარ და არ ვარ რადიკალური პოლიტიკის მომხრე, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, სად ვდგავართ და რას ვემსახურებით. ვდგავართ საკუთარი კომფორტის, შეგუების და კონფორმიზმის მხარეს, თუ შევდივართ ბრძოლაში და ვართ ღირსების, ჩვენი შვილების მომავლის მხარეს.
ამიტომ, გადაწყვეტილება არის ცალსახა – ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, ჩვენ ვდგავართ ჩვენი ღირსების, ჩვენი სამშობლოს და ჩვენი შვილების მხარეს. ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს არ მართავს ქართველი ხალხი და არა ერთი ოლიგარქი. ამიტომ, დღეს ვიწყებთ ბრძოლას მშვიდობიანად და ღირსეულად, როგორც ქართველებს გვეკადრება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
კონსტიტუციონალისტის ვახუშტი მენაბდის შეფასებით, ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე თუ უარი თქვა, ამას ექნება მხოლოდ პოლიტიკური და არა სამართლებრივი მნიშვნელობა, პარლამენტი მაინც შეიკრიბება.
„ბევრმა იკითხა: რა მოხდება, თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს და მანდატებზე უარს იტყვის? წინასწარ ვიტყვი, პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ ეძღვნება ეს პოსტი, სამართლებრივ ნაწილზე ვამახვილებ ყურადღებას. კონსტიტუციის მიხედვით: პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ის უფლებამოსილებას იძენს წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და სამანდატო კომისიას გადასცემს დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში (რომელი უბრალო უმრავლესობით მიიღება) არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში; საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ“, – ამბობს მენაბდე.
ტრადიციულად, პროვოკაციაზე უარს არ ამბობს ნიკა მელია, რომელმაც პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური.
„მე, უბრალოდ, აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას, გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ. ზუსტად ვიცი, ვიჯდები ციხეში, თუ ვიქნები გარეთ თქვენთან ერთად, ერი გაიმარჯვებს და ვიქნებით გამარჯვებულები. მე ვერ მოვთხოვ ჩემს ოჯახის წევრს, რომ ვიბრძოლოთ მაშინ, როდესაც მე ვარ სამაჯურშებმული. ასე რომ, ნახვამდის სამაჯურო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ელექტრონული სამაჯურის მოხსნით, მელიამ დაარღვია კანონი. როგორი იქნება შსს–ს გადაწყვეტილება, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უნდა დაამარცხონ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე. მისი თქმით, ელქტრონული სამაჯურის მოხსნა ეს არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ მძიმე პროვოკაციაა.
„სამართალდარღვევასთან ერთად კიდევ უფრო მძიმეა, რომ ეს არის ძალიან მძიმე პროვოკაცია. როცა ამ ასაკის კაცი მუდმივად გამოირჩევა პროვოკაციებით, ეს ძალიან მძიმედ მეტყველებს მასზე და მის თვისებებზე. უნდა დააკავონ თუ არა მელია – ეს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა, თუმცა, პოლიტიკურად ეს არ იქნებოდა სწორი, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე, ამის შემდეგ რა ზომები მიიღება სამართლებრივად, ეს არის სხვა საკითხი, მაგრამ პოლიტიკურად არ მგონია მიზანშეწონილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციისგან განსხვავებით, არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოში აშშ–ის საელჩო. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.
თუმცა, მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. აშშ ყველა პარტიას მოუწოდებს, გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურსა და შემდგომი არჩევნებისას.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია“, – აღნიშნულია აშშ–ის განცხადებაში.
ეუთოს პოზიციას, რომ არჩევნები კონკურენტული და მთლიანობაში თავისუფალი იყო, მაგრამ არ უნდა უგულებელვყოთ მრავალი დარღვევაც, იამბობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომლის განცხადებით, ეს არჩევნები და მისი შედეგები საქართველოს დემოკრატიული პროგრესისთვის და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გადამწყვეტია.
„სწორედ ამიტომაც ჩაერთო საერთაშორისო საზოგადოება 8 მარტის შეთანხმების ფასილიტაციის პროცესში, ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე. ამ მიზეზების გამო ჩვენ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებში ყურადღებით ვაკვირდებოდით წინა საარჩევნო პერიოდსა და, რა თქმა უნდა, არჩევნების დღეს. იმის მიუხედავად, რომ ჯერ ყველა ხმა დათვლილი არ არის და მხოლოდ წინასწარი შედეგები გვაქვს, დასკვნების გაკეთება მაინც შეგვიძლია“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის შეფასებით, პირადად არ არის მოხიბლული არსებული სისტემით და არც ასეთი როლის მინიჭება მიაჩნია მართებულად საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
„ამერიკის საელჩოს გვერდზე შევიხედე და – ჰოი, საოცრებავ! ნაცები გვარამიას თამადობით ამერიკის ელჩს უტევენ და ლანძღავენ მისი განცხადების გამო. იგივე რეაქცია აქვთ ეუთო–ოდირის მიმართაც. მე პირადად არ ვარ მოხიბლული არსებული სისტემით და არც ასეთი როლის მინიჭება მიმაჩნია მართებულად საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
უმცროსი ძმის სინდრომი მაღიზიანებს მრავალი მიზეზის გამო. მაგრამ ესენი რომ აქ ქოსატყუილობენ საკუთარი პროდასავლურობის შესახებ და იმავე დასავლეთის ელჩებს სასტიკად ლანძღავენ თუ მათი პოზიცია არ აწყობს, ეს არის ძალიან სასაცილო. ხომ გახსოვთ, რა დღეში ჩააგდეს სტრასბურგის სასამართლო, ჰაიდი ტალიავინი, გერმანიის ელჩი კნირში და სხვანი მრავალნი. ახლა დეგნანს გადაეკიდნენ. ესენი რომ შეშლილები არიან – გასაგებია, მაგრამ ეს, ამდენი ჩვენი თანამემამულე რომ გადაიყვანეს ჭკუიდან, ესაა ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა“, – წერს სოსო მანჯავიძე.
კენტ ბრაუნის მერე პირველად ვნახე ამერიკის ელჩი, რომ ობიექტური აღმოჩნდა....მალადეც მაგას
არადა არჩევნებში დიდი შიში მქონდა მაგისი, მეგონა ეგეც ლიბერალ--ფანდარასტ--მიშისტი იყო
ეტყობა ბოკერიამ ვერ დაკერა