ფეისბუქზე ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა “ამარკორდი” ახსენდა და მივხვდი, რომ ქართველები, ბოლო თვეებია, ფელინის სურათებში გადავსახლდით. ოღონდ ძნელი გასარკვევია, კონკრეტულად, სად ვართ უფრო მეტად – „ორკესტრის რეპეტიცია“, „და გემი მიცურავს“, თუ მართლაც – „ამარკორდში“.
საშინელება თითქოს უკან დარჩა, მაგრამ ჯერ კიდევ შავი ყორანივით მოგვჩახვის და გაურკვევლობის გამოც და ხალხის გადაღლის გამოც გროტესკი მძლავრობს. ამას განსაკუთრებულ ტონს აძლევს პრეზიდენტის უსასრულობამდე მისული აბსურდული „ბრიყვინგები“ (შოთა გლურჯიძის ტერმინი), როცა ის არც იმას გვაკლებს, რომ თავისი თავი დედა ტერეზად და ალექსანდრე მაკედონელად წარმოგვიდგინოს (იანუსივით) და მომავლის ისეთი აპოკალიფსურ სურათებს ხატავს, რომ წესით დედა ტერეზაც და მაკედონელიც ადგილზე დალევდნენ სულს დაზაფრულნი! რა თქმა უნდა ამას ემატება მისი თანაგუნდელების ქოროს ანალოგიურად ეგზალტირებული კივილ-გალობა. ამ ფონზე ძალიან ჭირს იმაზე კონცენტრირება, რა გზით უნდა წავიდეთ, სად რა შეცდომებია (რომ ახლაც არის, ფაქტია) და საერთოდ, რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ შეცდომა ნაკლები იყოს და პროგრესი მეტი… მიხეილ სააკაშვილი თავისი შლეგურ-მამობრივი გამოხტომებით მუდმივად გვაცხოვრებს მრუდე სარკეების გარემოცვაში და ჩვენ, თითქოს, მეტი არაფერი გვრჩება, რომ ალისას ასაკში დავბრუნდეთ და ვითამაშოთ, (მე პირადად დიდ დროს ღლაბუცობაში ვხარჯავ, ასე მგონია, რომ აღნიშნულ გაურკვევლობაში ეს საუკეთესო გამოსავალია) …
რადგან სხვა ალტერნატივა ან – უფრო უარესი კაფკაა და სრული სერიოზულობის ფონზე კიდევ უფრო მეტი ტკივილის განცდა თუნდაც იმისგან, რომ შვილდაკარგული დედის სიტყვები – „ჩემი შვილი ანაკლიაში ერთ-ერთ მშენებლობაში ჩააბეტონეს!“ სავსებით შეიძლება, რომ სრული სიმართლე იყოს!,
ან – ის, რომელიც ძმებმა ტავიანებმა დაგვიხატეს ფენომენალურ ფილმში „კეისარი უნდა მოკვდეს“. საქმე იმაშია, რომ არც ჩვენი თავი გვემეტება ამ როლისთვის და არც კეისარი – სიკვდილის შემდეგ გმირობისათვის… სულ უფრო მეშინია იმის, რომ მისივე თანაგუნდელებმა არ მიასაღონ, რათა შემდეგ საბოლოოდ არ აქციონ ნეობოლშევიკური ლიბერალიზმის ახალ ლენინად.
აი მეორე ჩემი ფრენდის ნააზრევი იმაზე, არის თუ არა საქართველოში დღეს დემოკრატია.
„წიკლაური და ნასარიძე ქუჩაში რომ დადიან და არ ეშინიათ, ვანო რომ ისევ გარეთ არის, ოჩიაურისნაირი ნაძირლები რომ თანამდებობებზე ინიშნებიან…. დემოკრატიაა, აბა, რა არის…“
ძველით ახალ წელს ია ანთაძემ ძალიან კარგი სტატია დაწერა თავის ბლოგზე – “ოპერაცია „აპრილი“” http://www.radiotavisupleba.ge/content/blog-ia-antadze-operation-april/24823277.html რომელიც ასე მთავრდება:
“ოპერაცია „აპრილის“ ოფიციალურ დახურვამდე კი მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც ერთხელ უკვე დავწერე: შიში სწრაფად განქარდა, ხალხი გააქტიურდა, მომავლის დაგეგმვაც შესაძლებელი გახდა, არც უიმედობაა, ახალი წელიც დადგა, მაგრამ გულში სიხარული არ არის…”
ვეთანხმები იას, ოპტიმიზმი გაჩნდა, მაგრამ ეს გაურკვევლობა დამთრგუნველია. თან თითქოს სისულელეა იმაზე ფიქრიც კი, რომ ეს უკვე უსასრულოდ ლუსტრირებული და სასაცილოდ ქცეული პრეზიდენტი აპრილისთვის ისევ ფენიქსივით აღდგება ფერფლიდან, მაგრამ თან ეს, წინა პერიოდებისაგან განსხვავებული უფრო დემოკრატიული რეალობა, როცა დამარცხებულები ყინჩად დადიან და მთელი მსოფლიოს გასაგონად დაბოლებას არ იშლიან, მაინც ტოვებს ნერვულ ეჭვიანობის საფუძველს… მით უფრო, რომ დღევანდელი კონსტიტუციის თანახმად ეს სავსებით შესაძლებელია, ხოლო მათი „გაფრენის მაღალი პოტენციალი“ არასდროს ეჭვს არ იწვევდა…
ჰოდა ვართ ასე… ქუთაისის პორტში შემოცურებული ტრანსატლანტიკური ლაინერის აჩრდილის მოლოდინში…