ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნება“ ლიდერობს. მაზარი–შარიფის უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 111 ხმა, რაც არის ხმების 84,7%. რაც შეეხება მეორე, ბაგრამი–ხაბულის ბაზას, აქ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 697 ხმა, რაც არის 93%. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნება“ არჩევნებს იგებს ავღანეთში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წინასწარი მონაცემებით, 56.11% შეადგინა. ხმა 1 მილიონ 970 540–მა ამომრჩეველმა მისცა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა–ლეჩხუმსა და სვანეთშია 63,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში – 51%. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 24 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემით, პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები.
„ყველა დათვლილი უბნის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იგებენ. 17 უბანია დათვლილი ბოლნისი დმანისი–წალკა–თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში, მაჟოროტარების მონაცემები არის შემდეგი: გოგი მეშველიანი 52.02%; ორი უბანია დათვლილი ახალქალაქი-ნინოწმინდაში, სადაც სამუელ მანუკიანის მაჩვენებელი არის 69.92%; რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში დათვლილია ერთი უბანი - გოჩა ენუქიძე 86.21%; ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბულში 1 უბანია დათვლილი - ბეჟან წაქაძე 68.84%, გურიაში სამი უბანია დათვლილი - ვასილ ჩიგოგიძეს აქვს 62.61%. როგორც ხედავთ, ოთხივე შემთხვევაში პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები. საბოლოოდ, უნდა იყოს დათვლილი. ტენდენცია არის გამოკვეთილი, რომ რეგიონში დამაჯერებლად პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები. თბილისში არც ერთი უბანი არ არის დათვლილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო ნაცების უკანასკნელი გაფართხალება, რომლებსაც სრული აგონია აქვთ. მდინარაძის თქმით, ქვეყანას ასცდა დიდი უბედურება, ვინაიდან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მოიპოვა უპირატესობა.
„ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება, იმიტომ რომ ისინი 8 წელი ელოდებოდნენ რევანშს. მართლა მჯერა, რომ დარწმუნებულები იყვნენ, 8 წლის შემდეგ, ისინი ამ რევანშს მოახერხებდნენ. ახლა სრული აგონია აქვთ, სახეებზე შეგიძლიათ შეხედოთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მათი ლიდერის, მათი ბელადის რეაქციას შეგიძლიათ შეხედოთ, რას საუბრობს. კომენტარიც არ სჭირდება, უნდა მოუსმინო, რასაც საუბრობს რეალური მონაცემების ფონზე და მიხვდებით, რამდენად აგონიაში არიან ეს ადამიანები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი გუნდის გამარჯვებას არ აღიარებს გაერთიანებული ოპოზიცია. ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატურა მოხსნა. გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ აინტერესებს არც ერთი თანამდებობა, მათ შორის, არც პრემიერ–მინისტრის თანამდებობა საქართველოში, თუმცა აანონსებს, რომ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს სად იქნება ფიზიკურად. ამასთან, სააკაშვილი მიმართავს ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას ურჩევს.
„თუ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ სურს, შემოუერთდეს ამ ახალ ერთობას, რომელიც იქნება ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული, ჩვენ მათთვის კარი უნდა გავაღოთ. ეს არის ისტორიული დღე იმ პირობებში, როცა მე არ მომეცა საშუალება ქვეყანაში ჩამოსვლის, კამპანიის წარმოების. ამ პირობებშიც კი საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობით გამარჯვება ე.წ. „ქართულ ოცნებაზე“, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩემი ქვეყანაში არყოფნის პირობებშიც კი აიღო მინიმუმ 33%, ჩემი აზრით, ბევრად მეტი, რადგან მაჟორიტარებში ჩვენ მოგებული გვაქვს ყველა დიდი ქალაქი. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
გლდანში უპირობო „გამარჯვებაში“ დარწმუნებულია ნიკა მელია, რომლის განცხადებით, გლდანის რაიონში არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი. მელიას განცხადებით, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოატყუა „ქართული ოცნება“ შევიდა საარჩევნო ურნასთან და ხმა მისცა ოპოზიციას.
„წინასწარი მონაცემებით, გლდანი უპირობოდ არის გამარჯვებული პირველ ტურში. „ქართულმა ოცნებამ“ თვალი გაუსწორა რეალობას, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც შეიარაღებული დარბოდნენ გლდანის რაიონში, კალაძის ძმაკაცებს, არ უნდა ასცდეთ პასუხისმგებლობა არა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა რევანში, არამედ იმიტომ, რომ მომდევნო პერიოდში სხვებმა, რომ ეს არ გაბედონ. უნდა დადგეს ამ ადამიანების პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
დამარცხებას არ აღიარებენ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი მონაცემებით ზუგდიდში მმართველი გუნდის კანდიდატმა მოიგო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მალხაზ ჯალაღონია ამბობს, რომ იმ მონაცემებით, რაც პარტიას აქვს, ზუგდიდმა ყველაზე მეტი ხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“.
„შეიძლება ითქვას, რომ იყო ტოტალური გაყალბება. ძირითადი შედეგი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის რუსულ ოცნებას. იმ მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს, ზუგდიდმა ყველაზე მეტი ხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“, –განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მურმან დუმბაძე ამბობს, რომ აჭარის ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაიბარებს. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გამარჯვებულია.
„ბათუმში „ქართულ ოცნებას“ ყველა უბანს მოვუგებთ, ხმის დათვლას ველოდებით. „ოცნება“ ხელისუფლებიდან წავიდა. საქართველოს ყველა დიდ ქალაქებში ქუთაისში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ბათუმში ყველგან უპირატესობა გვაქვს. აჭარაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია იგებს.
ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-ანი ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ თუ 5%-ანი ბარიერი ვერც ერთმა პოლიტიკურ პარტიამ ვერ გადალახა, მათი ხმები გამარჯვებულებთან მიდის, ანუ ჩვენთან და „ქართულ ოცნებასთან“, ამ შედეგებით „ქართულ ოცნებას“აჭარაში ვუგებთ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ „იფსოს საქართველოს“ ეგზიტპოლის შედეგებს ენდობა. პარტია ახლა ცესკო–ს მონაცემების გაცნობის შემდეგ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. „მთავარი არხის“ მონაცემებით, ყველა დიდი ქალაქში იგებს „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე რამდენიმე რეგიონში გაიმართება მეორე ტური.
წინასწარი მონაცემებით, ცესკოს მონაცემები რადიკალურად განსხვავდება, რასაც ოპოზიცია, როგორც შედეგს არ აღიარებს და პროცესების ქუჩაში გადანაცვლებისთვის ემზადება, თუმცა ქუჩის პროცესების მართვას რომ ვერ შეძლებენ, ამას ადასტურებს რუსთაველზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია ვერ შედგა, შესაბამისად, სპეციალურად მომზადებული სცენა ზაალ უდუმაშვილის და 50–მდე მხარდამჭერის ამარა დარჩა.