საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მიაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ–გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება.
საქართველოს ამომრჩეველმა მე–10 მოწვევის პარლამენტი აირჩია. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნა არჩეული. არჩევნებში 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი იყო რეგისტრირებული. სანამ ცესკო ოფიციალურ შედეგებს გამოაქვეყნებს, უკვე არსებობს ეგზიტპოლის შედეგები, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიგო „ქართულმა ოცნებამ“.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ამერიკული ორგანიზაცია – „Public Opinion Strategies“–ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 55%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 23%
„ევროპული საქართველო“ – 3%
„ლელო – მამუკა ხაზარაძე“ – 3%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 3%
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3%
„გირჩი“ – 3%
„ლეიბორისტული პარტია“ – 1%
„დემოკრატიული მოძრაობა“ – 1%
„მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 1%
სხვა პარტიები – 5%.
„რუსთავი 2“ დაკვეთით ბრიტანული ორგანიზაცია „Survation“ – ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები:
„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – 52.26%
„ნაციონალური მოძრაობა“ – 25.33%
„ევროპული საქართველო“ – 4.20 %
„გირჩი“ – 3.52 %
„ლელო – მამუკა ხაზარაძე“ – 2.61%
„გიორგი ვაშაძე–სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.37%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 2.29%
„ლეიბორისტული პარტია“ – 1.22%
„ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები“ – 1.02 %
რადიკალურად განსხვევებულია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 41%, „ნაცმოძრაობამ“ – 33%, „ევროპულმა საქართველომ“ – 5% , „ლელომ“ – 4% მიიღო. „მთავარი“ არხის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო თბილისი და მათ შორის დიდი ქალაქები.
რაც შეეხება „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს, რომელიც „Edison Research“ – მა ჩაატარა, შედეგები ასე გადანაწილდა.
„ქართული ოცნება“ – 46%;
„ნაციონალური მოძრაობა“ – 28%;
„ევროპული საქართველო“ – 5%;
„ლელო“ – 3%;
„გირჩი“ – 3%;
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2%;
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%;
წინასწარი შედეგები, უმრავლეს ოლქებში გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა. პირველივე ტურში გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაიმარჯვა ზუგდიდის საარჩევნო ოლქში. ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას თქმით, საარჩევნო პროცესი ზუგდიდში მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და დღის განმავლობაში ხმაური და დაპირისპირებები მხოლოდ ენმ–ს პროვოკაციების შედეგია. ზუგდიდის მერი ასევე უარყოფს ინფორმაციას თანხის დარიგებისა და ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზების შესახებ.
ამომრჩევლებს გამარჯვებას ულოცავს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომლის განცხადებით, მმართველი პარტია მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში.
„განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას, ჩამოყალიბებული სოლიდური გუნდი მივიღეთ. ქართველმა ამომრჩეველმა გააკეთა ღირსეული არჩევანი. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“ როგორც იყო სახალხო, ისევე იქნება სახალხო და დარჩება ხალხის სამსახურში“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
„ჩვენ გავიმარჯვეთ! მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა!“, – ამომრჩევლებს „ფეისბუქით“ მიმართა პრემიერ–მინისტრმა. გიორგი გახარია წერს, რომ ყველამ ერთად, პანდემიის ფონზეც, სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა.
„მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და ვიმსახურებთ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად დავიკავებთ. მადლობა ყველას. ჯერ ოფიციალური შედეგები არ გამოცხადებულა, თუმცა, უკვე ვიცით, რომ დღეს გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის წინსვლა, მშვიდობიანი, ევროპული მომავალი“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ გუნდი ხვალიდან ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას გააგრძელებს. კახა კალაძეს განცხადებით, არც ერთ კრიმინალურ პარტიას არ მიეცემა იმ ბოროტების გაგრძელების საშუალება, რაც 2012 წელს დაამთავრეს.
„ჩვენთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ. კიდევ ერთხელ გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებთ. ხვალიდან რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და ქვეყნის აღმშენებლობას.
არც ერთ კრიმინალს, არც ერთ კრიმინალურ პოლიტიკურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა, არ მიეცემა ის ბოროტება, რაც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წელს დავამთავრეთ. გილოცავთ და გამარჯვებებს გისურვებთ!“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
თავის მხრივ გამარჯვებას ზეიმობს ზაალ უდუმაშვილი, რომელიც იმედოვნებს, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და დამარცხების შემდეგ, მშვიდობიანად გადააბარებს ხელისუფლებას ოპოზიციას. უდუმაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება არ აღიარებს ოპოზიციის გამარჯვებას, მაშინ ხალხი აიძულებს მას ამის აღიარებას.
„აქ არ არის საუბარი ვარაუდებზე, აქ არის საუბარი კონკრეტულ რიცხვებზე, ჩვენ კი არ ვწინასწარმეტყველებთ, როგორი იქნება შედეგები, ჩვენ ვეყრდნობით იმ მონაცემებს, რომელიც მოგვდის კონკრეტული უბნებიდან. ოპოზიცია იგებს დამაჯერებლად. ვიგებთ თბილისშიც, ვიგებთ სხვა დიდ ქალაქებშიც და ახლა უბრალოდ საუბარია კონკრეტულად როგორი იქნება ეს გამარჯვება. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, შეწყვიტონ ძალადობა. ყველას მოვუწოდებ, ნუ შეასრულებთ უკანონო დაკვეთებს ხელისუფლების მხრიდან, დადექით ხალხის გვერდით“, – განაცხდა ზაალ უდუმაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძეს განცხადებით, შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და არ გააჩნია ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში. მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხმების დათვლის პროცესს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
„უკვე გამოცხადდა რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგი და ყველა ამ შედეგს აერთიანებს ორი რამ. პირველი – ამ შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში და აქ მე არ ვთვლი ხელისუფლების დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს. საუბარია „ედისონზე“ „იფსოსზე“ და ჩვენს ეგზიტპოლებზე. ყველა ეგზიტპოლში იყო ძალიან მაღალი პასუხი უარზე და შემდეგ მოხდა ალოკაცია, რომელიც ყოველთვის იძლევა მაღალ ცდომილებას.
ასეთ პირობებში, როდესაც ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები, როდესაც ყველა ხმა და ყველა პროცენტი არის მნიშვნელოვანი იმის დასათვლელად, თუ როგორ დაჯდება ჯამურად ხმები და ვის ხელში იქნება ხელისუფლება, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ხმების დათვლას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ვიბრძლოთ თითოეული ხმისთვის და დავიცვათ თითოეული ხმა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.