დღეს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. რეგისტრირებული 3526023 ამომრჩეველი 150 დეპუტატს აირჩევს. რეგისტრირებული ამომრჩეველისგან 14 ათას 170 საზღვარგარეთ, მეცხრედ მიიღებს მონაწილოებას არჩევნებში 1991 წლის შემდეგ.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 57 პოლიტიკური პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი იღებს. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას. ივანიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, რევანშზე ორიენტირებული ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს.
„პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით უნდა დაიცვან ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დაუშვან, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა“, – აღნიშნა შემაჯამებელი საარჩევნო კამპანიის დასასრულს ბიძინა ივანიშვილმა.
მმართველი გუნდის ინფორმაციით, ოპოზიცია რევანიშისთვის ემზადება და ამისთვის მობილიზებილი ჰყავთ ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები, რომელსაც დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინი და ნიკა მელია ხელმძღვანელობს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს გეგმავს.
კობახიძე მოუწოდებს დამკვირვებლებს, რომ პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე. ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მისი თქმით, პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში.
„დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინს და ნიკა მელიას მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისაკენ. ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა“, –აცხადებს ირაკლი კობახიძე.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იმ პირების ვინაობას ასახელებს, რომლებიც, მისი ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ პროვოკაციების და დესტრუქციული ქმედებებისთვის ემზადებიან, ეს ადამიანები არიან – ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ვარლამ (ვალერი) ლორთქიფანიძე, შენგელი (ვიტალი) ბექაური, არჩილ ომიაძე, ბესო ნადირაძე. ასევე კობახიძემ გამოაქვეყნა მოპოვებული ფოტოსურათები, სადაც მითითებულია ხსენებული ჯგუფების კონკრეტული წევრები. ამ სიის მსგავსად, კობახიძის განცხადებით, დაჯგუფებაში ირიცხება სამასზე მეტი წევრი.
ბრალდებას უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია, რომელმაც სოციალური ქსელით უპასუხა კობახიძეს და ასე მიმართა: „ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ, ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს დევი ჭანკოტაძე, რომელიც ამბობს, რომ კრიმინალი ყვავის, ხალხს ეშინია ქუჩაში გამოსვლის, განსაკუთრებით ქალბატონებს, თუმცა არავითარი აჯანყების და გადატრიალების მოწყობა არ იგეგმება.
„ირაკლი კობახიძეს შეუძლია, ხვდილიდან საღამომდე ჩემთან ერთად იაროს და ნახოს, რას და როგორ ვაკეთებ. არავითარი აჯანყებები და გადატრიალებები. არ ვიცი, რა ელანდება ამ კაცს. ერთადერთი სიები შეიძლება იყოს ის, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ცსკ–ში რეგისტრაცია გაიარა. ისინი ჩვეულებრივი დამკვირვებლები არიან. მასში ჩვენი ვეტერანებიც შედიან, სხვა ხალხიც. მათი ერთადერთი ფუნქცია ისაა, რომ უბნებზე გაყალბება არ დაუშვან. მე დაბადებიდან იარაღით დავდივარ, კანონი მაძლევს მაგის უფლებას და კობახიძეს ნაღდად არ შევეკითხები, ვატარო იარაღი თუ არა“, – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ისეთ შოკშია, არ იციან, ვის რა დააბრალონ. შაშკინმა იმედი გამოთქვა, რომ პირველი ნოემბრიდან ირაკლი კობახიძე პოლიტიკიდან წავა.
„არ ვიცი, რამ შეაშინა ან რა მოელანდა ბოროტ კლოუნ კობახიძეს. ამ ადამიანს ფსიქიატრის სერიოზული დახმარება სჭირდება. ჩანს რომ შოკშია. როგორც ჩანს, ბიძინას ფული მოპარეს, ახლა არჩევნებსაც აგებენ. ახლა ისეთ შოკში არიან, არ იციან, ვის რა დააბრალონ. იმედი მაქვს, ბოროტი კლოუნი კობახიძე მაინც სიტყვის კაცად დარჩება და ზეგიდან აღარ შეგვაწუხებს. ხომ დაგვპირდა, რომ პირველი ნოემბრიდან პოლიტიკიდან წავალო, ხოდა იმედი მაქვს, წავა“, – აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად შსს–ს მიერ მიღებულია შესაბამისი ზომები. შს სამინისტრომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადების საფუძველზე, რომელიც გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას ეხება, ფაქტების შესწავლა დაიწყო. ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის გამოკითხვები.