აშშ გარე მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევისგან და მხარი დაუჭირონ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ, რობერტ ობრაიენმა განაცხადა.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის დროს განვაცხადე, რომ ბაქომ და ერევანმა ცეცხლის შეწყვეტის ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტილება არ აქვს. ყველა გარე მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ კონფლიქტში ჩარევისგან და ხელი შეუწყონ მოლაპარაკებებს“, - აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.