აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში საფრანგეთის მსგავსი ტერაქტები დაიწყება.
„ჯო ბაიდენი მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილებიდან დევნილებს ჩვენს ქვეყანაში მოიწვევს. ის რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს კარებს გაუღებს. სამი დღის წინ, საფრანგეთში თავი მოჰკვეთეს ადამიანს, დღესაც მსგავსი ფაქტი განმეორდა. ბაიდენის გეგმის პირობებში, საფრანგეთის მსგავსი საზარელი თავდასხმები ჩვენს ქალაქებში მოვა. არ მინდა ხმამაღლა ამაზე საუბარი. ხეზე დავაკაკუნებ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში სიტყვით გამოსვლისას.
აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. საყოველთაო არჩევნების ფარგლებში ამერიკელები ქვეყნის პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატორების 1/3-სა და 13 გუბერნატორს აირჩევენ.
საფრანგეთში, ნიცაში მდებარე ტაძარში მომხდარი ტერაქტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთ ქალს თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა, რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 21 წლის ტუნისელია. არსებული ინფორმაციით, საუბარია ვინმე ბრაჰიმ აუისაუიზე, რომელიც საფრანგეთში იტალიის გავლით ოქტომბერში ჩავიდა.