რას აპირებს ოპოზიცია არჩევნების დღეს და მის შემდგომ, თუკი არჩევნების შედეგები მათთვის სასურველი არ იქნება და „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით მოვა? ოპოზიციის ლიდერები მართალია, გვარწმუნებენ, რომ გაიმარჯვებენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება ხმებს გააყალბებს, ისინი ხალხის პროტესტს მიიღებს. რას გულისმობენ პროტესტში, კონკრეტულად, ჯერჯერობით, უცნობია.
ხელისუფლება კი საპირისპიროს ამტკიცებს - როცა აქტივისტები, პოლიტიკური პარტიები და მოსახლეობა ხმის მიცემის პროცესში იქნება ჩართული, ენმ ხმების პარალელური დათვლის შედეგად მიღებული მონაცემების დაცვის აბსურდული საბაბით ფსონს სიტუაციის რადიკალიზაციაზე და არეულობის შექმნაზე გააკეთებს. შესაბამისად, საარჩევნო უბნებზე დაპირსპირების პროვოცირებაა მოსალოდნელი. ასევე არჩევნების დღეს ისინი აქციის გამართვას და იმ ილუზიის შექმნას აპირებენ, თითქოს მათ ხმები წაართვეს.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს.
მისი თქმით, იგეგმება ერთი და იგივე საკითხებზე სხვადასხვა წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ საჩივრების დიდი რაოდენობით შეტანა, რათა ხელოვნურად შეიქმნას მაღალი სტატისტიკა საჩივრების კუთხით.
გარდა ამისა, რადიკალური პარტიები და მათი ფეიკ-დამკვირვებლები გეგმავენ საარჩევნო კომისიებიდან არჩევნების დღეს ჭარბი ინფორმაციის გამოთხოვას, რათა კომისიების წევრებმა ვერ შეძლონ ძირითად საქმიანობაზე ჯეროვანი კონცენტრირება და ამით, შეფერხდეს კომისიების საქმიანობა
საუბნო კომისიების პირველ სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დასწრება მოხდება, (მაგალითად, პარტიის მიერ დანიშნული და შემდეგ მოულოდნელად მოხსნილი წევრის მისვლა), რითაც სურთ შექმნან საბაბი სხდომების ლეგიტიმურობის საკითხის შესახებ სპეკულირებისათვის.
„იგეგმება სხვადასხვა პროვოკაციების მოწყობა უბნებზე, სადაც აღინიშნება ოპოზიციის მიერ მიღებული ხმების განსაკუთრებით დაბალი დინამიკა; იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრებისა და წარმომადგენლების სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით; იგეგმება საარჩევნო უბნებთან ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შემცირების მიზნით; იგეგმება კოვიდ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების განზრახ დარღვევა ამომრჩევლებს შორის შიშის გასაჩენად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელმოწერილი მემორანდუმის დარღვევით, იგეგმება საარჩევნო უბნების გარშემო ე.წ. პერიმეტრის წესის დარღვევა.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვარშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ამგვარი იდეები მხოლოდ ვარშალომიძისნაირი „ინტელექტუალის“ გონებაში შეიძლება მომწიფდეს და ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს“.
„თავისუფლება, თავისუფლება და მხოლოდ თავისუფლება!“ - ამ სიტყვებით მიმართა ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს.
ენმ - „ძალა ერთობაშია“-მ დედაქალაქის მთავარ გამზირზე არჩევნებამდე 2 დღით ადრე შემაჯამებელ შეკრება გამართა.
„ჩვენი სამოქმედო პროგრამა და მომავალი თაობების წინაშე ვალდებულებაა - თავისუფლება, თავისუფლება და მხოლოდ თავისუფლება... არ დავიხიეთ უკან არასდროს, ისტორიის არც ერთ ეტაპზე. ვერ გაგვაჩერა ვერც რუსეთის ტანკმა, ვერც რუსმა ჯარისკაცმა... რატომ ვერ გაგვაჩერეს იცით და რატომ მივდიოდით ყოველთვის წინ? იმიტომ, რომ თავისუფლებისაკენ სწრაფვა ჩვენი ერის ისტორიად იქცა“, - მიმართა მელიამ მხარდამჭერებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში არის ცვლილების სურვილი და კოალიციური მთავრობისთვის მზად არის ამომრჩეველი. ამიტომაც გაყალბების უფლებას ხელისუფლებას არ მისცემენ.
„ახლა გულწრფელად ვურჩევ, რომ, აი, თავში არ გაივლონ, უბრალოდ გავწვებით რუსთაველზე, ამ შეურაცხყოფას არ მივაყენებინებთ, არავინ არ დაგვჭირდება, არავინ ახალგაზრდებს არ გამოიყვანს გარეთ თვალების დასათხრელად. ხალხი ამას არ აპატიებს, შიმშილია, განვითარება შეწყვიტა ქვეყანამ, ეკონომიკური განვითარება, მაჩანჩალად გვიცნობენ, ხალხი შიმშილობს, პენსიონერები სულს ღაფავენ. მე რად მინდა გამოკვლევა, მთელი ზაფხული არ ჩამიმუხლავს, თუ იმ 19 დღეს არ ჩავთვლით, როცა კოვიდი მქონდა, ხალხის დიდი რაოდენობა მივა არჩევნებზე, მერწმუნეთ, ზუსტად ვიცი, დავდივარ მთელი ზაფხული ჩაუმუხლავად“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ოცნებას“ არჩევნების დღესაც და მის შემდგომ დღეებშიც რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა მოუწევს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ საკმაოდ წვრილმანებში ილაპარაკა ოპოზიციის მხრიდან რას შეიძლება ველოდოთ. მისი თქმით, თუკი ამის ნახევარიც განხორციელდა, ხელისუფლებამ როგორი კარგადაც არ უნდა ჩაატაროს არჩევნები, ოპოზიცია შეეცდება, შექმნას შთაბეჭდილება, რომ არჩევნები გაყალბდა. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ისინი არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვის ქვეშ დააყენებენ, ამიტომაც ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა მოახერხოს, რათა მათი ყველა მიმართულებით ინფორმირება მოხდეს.
„პროვოკაციები წინა არჩევნებზეც იყო და არც ახლა არ არის გამორიცხული. ასევე საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დამოუკიდებლობის ტესტი ვერ ჩააბარა და საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახერხეს. შესაბამისად, არ ვარ დარწმუნებული, ეს ორგანიზაციები, რომლებიც წლებია საქართველოში არჩევნებს აკვირდებიან, ამჟამადაც დამოუკიდებლობას შეინარჩუნებენ და მიუკერძოებლები იქნებიან.
ამიტომ ხელისუფლებას არჩევნების დღესაც და მომდევნო დღეებში რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა მოუწევს. „ოცნება“ უნდა გაუმკლავდეს, როგორც პარტიებს და მათ პარტიულ აქტივს, ასევე ვითომ დამოუკიდებელ ენჯეობს. აუცილებელია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებთან სწორი კომუნიკაცია იყოს. ყველა გადაცდომა და დარღვევა მათთვის მიწოდებული უნდა იყოს. აქ უკვე ინფორმაციული ომი მიდის, ვინ უკეთ მოახერხებს მათ დარწმუნებას“, - ამბობს ზაალა ანჯაფარიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ნაციონალებთან და ევროპელებთან აფილირებული ენჯეოები ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ქვეშ დააყენონ, ამიტომაც ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ საკმაოდ მძიმე დღეები გველის. ქუჩაში გამოსვლებიც იქნება და ის ადამაინები, რომლებიც მათ აქციაზე უკვე რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, უკან აღარ წავლენ, არჩევნების დღეს გარეთ ისევ გამოიყვანენ. შექმნიან ილუზიას, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.
„ესაა პარტიული აქტივი და ერთ, ორ დღეს როგორმე შეინახავენ, რათა ისინი 31 ოქტომბერს პარლამენტის წინ აქციაზე მიიყვანონ. შექმნიან ილუზიას, რომ თითქოს მათ გამარჯვება წაართვეს. დაიწყებენ იმ სცენარის გათამაშებას, რომელიც 2003 წელს უკვე ვნახეთ. პირინციპულად ეს გარემო რაც ამ დღეებში იქმნება იმ სიტუაციას მაგონებს, თუმცა არ მგონია ხალხმა მათ მასობრივად მხარი დაუჭიროს. პირიქით, შესაძლოა, იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც ნაციონალების დაბრუნება არ უნდათ, საპირისპირო აქციებიც კი მოაწყონ. ამიტომაც „ოცნებას“ საკმაოდ მძიმე სიტუაციასთან გამკლავება მოუწევს. მაინც ვიტოვებ იმედს, აქამდე საქმე არ მივა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დასავლეთი რა პოზიციას დაიკავებს. კიდევ ერთი დესტაბილიზაციის კერის გაჩენა საქართველოში მათთვის მისაღები არ უნდა იყოს“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია, თუმცა არჩევნების შემდგომი დღეებში, შესაძლოა რთული სიტუაცია შექმნას. მისი აზრით, ოპოზიცია ქუჩაში საკუთარი პარტაქტივის გამოყვანას შეეცდება და შექმიან ილუზიას, რომ ხალხი მათ ხმებს იცავს. საყვარელიძე ამბობს, რომ გამორიცხულია მოსახლეობა „ნაციონალური მოძრაობის“ დაძახილზე გარეთ გამოვიდეს და მასობრივი აქციები დაიწყოს. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათ ნაციონალებისგან დისტანცირება ვერ შეძლეს და ხალხი მათაც ერთ კონტექსტში განიხილავს. ამიტომაც გამოსვლები იქნება, თუმცა თუ ხელისუფლება რამე საბედისწერო შეცდომს არ დაუშვებს, ვერაფერს იზამენ.
„ფაქტია, რომ რაღაცისთვის ფონი იქმნება და ამას ყველა ვხედავთ. ამიტომ ამ ფონს ვინც დაიჯერებს, იმ ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ. ეს ხომ მათ მხრიდან პირველი შემთხვევა არ არის. არ მგონია ბევრი ხალხი გამოვიდეს, ძირითადად, ეს უფრო პარტიული აქტივი იქნება. ხალხი „ნაციონალების“ ხმების დასაცავად გარეთ არ გამოვა. ჩვენ ამის ნათელი მაგალითი სარალიძის საქმეშიც ვნახეთ. საწყალ შვილმკვდარ მამას ხალხი მაშინვე გაემიჯნა, როგორც კი მის გვერდით ნაციონალები დაინახეს. ქუჩაში რაღაც აურზაური იქნება, მაგრამ ბევრი ვერაფერი გამოუვათ. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, მოსახლეობა მათ ცალკე ვერ განიხილავს. ვერც ერთმა მათგანმა მესამე ცენტრის ჩამოყალიბება ვერ შეძლო. „ოცნებამ“ კი ზუსტად ამით მოიგო და თუ რამე შეცდომა არ დაუშვა, ბევრს ვერაფერს დააკლებენ. მოსახლეობა ხედავს, რომ კარებთნ „ნაციონალური მოძრობა“ დგას, ამიტომაც „ოცნება“ რომ გაუშვას, მათთვის კარის გაღებას ნიშნავს. შესაბამისად ხალხი მზად არაა, რომ ქვეყანა ისევ ამ პარტიას ხელში ჩაუგდოს“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან.