ფასადური დემოკრატიის „გამჭვირვალე“ კონკურსების ანატომია

ფასადური დემოკრატიის „გამჭვირვალე“ კონკურსების ანატომია

მსჯელობას და განსჯას წლების განმავლობაში აზროვნებაში დალექილის ინტერპრეტაციით დავიწყებ.

როდესაც ბუდიზმმა ტიბეტში საკმაო გავრცელებას მიაღწია, წარმოიშვა ორი ურთიერთდაპირისპირებული ბანაკი. ერთნი, რომლებიც მხარს უჭერდნენ მის დამკვიდრებას და მეორენი, არისტოკრატიის ის ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მათ განზრახვას და ცდილობდა მანამდე არსებული ტრადიციული რელიგიის შენარჩუნებას.

ერთ დღესაც ოპოზიციონერთა ლიდერი, მათი ფაქტიური მმართველი, ბუდისტებმა სტუმარად მიიწვიეს. მიპატიჟებულს არაფრის შეშინებია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დარწმუნებული იყო, ბუდისტები რწმენის გამო მას ვერ მოკლავდნენ.

მასპინძლებმა ამ არასასურველ სტუმარს დიდებული დახვედრა მოუწყეს. უფრო მეტიც, მათ ტერიტორიაზე არსებული მეფეთა აკლდამის დათვალიერების უფლებაც მისცეს.

მათი მოწინააღმდეგეთა თავკაცი აკლდამაში რომ შევიდა, მას გარედან კარი ურდულით გადაურაზეს. არა, ის არავის არ მოუკლავს, როგორ გეკადრებათ! ის იმ აკლდამაში თავისით მოკვდა.

ეს მაგალითი მხოლოდ ბრძოლის მეთოდების აღსაწერად მჭირდება.

თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის იშვით გამონაკლისს, აკად. გურამ შარაძის იდუმალებით მოცულ მკვლელობას, საქართველოში ხელოვანებს, ინტელექტუალებს, მეცნიერებს არავინ კლავს. ამას ვინ გაბედავს? რას იტყვის საზოგადოება, ჩვენი საზღვარგარეთელი მეგობრები! ინტელექტი, მეცნიერება, განათლება თავისით კვდება. რა შუაშია აქ იდეოლოგია, ბრძოლა! ამ ყველაფერს წლების წინ უბრალოდ კარი გადაურაზეს.

საკვირველია? სრულიადაც არა. საკვირველი ისაა, რომ ჩვენი საზოგადოების განათლებული ნაწილი, რომელსაც სურვილი აქვს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის, დღესაც შეშფოთებასაც კი არ გამოთქვამს ინერციით მომდინარე იმ იდეოლოგიის მიმართ ქვეყნისთვის სასიცოცხლო სივრცის გადაკეტვა რომ შეუძლია.

მისი შედეგები კი სავალალო აღმოჩნდა მეცნიერების, განათლების სისტემისთვის და სრული კატასტროფა ქვეყნისთვის. ხანგძლივი დროის განმავლობაში გაუსაძლისი პირობების გამო, ინტელექტუალური ელიტის ერთი ნაწილი გავიდა ქვეყნიდან, სამშობლოში უფუნქციოდ დარჩენილები კი სულს ღაფავენ.

ბატონებო, გადახედეთ სახელფასო პოლიტიკას! არ შეიძლება მაჟორიტარი დეპუტატის ხელფასი შვიდჯერ ან რვაჯერ აღემატებოდეს პროფესორის ხელფასს. არა მგონია, საკანონმდებლო ორგანოს ნებისმიერი წევრის საქმიანობა 8-ჯერ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე პედაგოგის მოღვაწეობა, რომელსაც შეუძლია ქვეყანას 300 არაგველიც აღუზარდოს და 300 გარეწარიც.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენს თავს აღარ ვჩივით, ახალგაზრდებს ნუ დავუკარგავთ სურვილს გახდნენ მეცნიერები!

გასაგებია, რომ გაჭირვებაა ქვეყანაში, მაგრამ რამდენადაა ეს გაჭირვება შესაბამისობაში გადანაწილებული საზოგადოების ყველა ფენისა და პროფესიის ადამიანებზე? იქნებ ამაზეც გვეფიქრა!

ვინც ხალხსა და მის რჩეულ შვილებს - მეცნიერებს, მწერლებს, ხელოვნებაში მაშვრალთ, მოსავლის ოსტატებს, გმირებს, მკვლევარებს, ექიმსა თუ მასწავლებელს, პატივს არა სცემს, ის არ არის თავად პატივისცემის ღირსი.

ნუ დაგვავიწყდება, რომ კაცთა მოდგმის გაჩენის დღიდან ერთ-ერთი კარდინალური საზრუნავი ადამიანებში სიბრძნის აღზრდა იყო. ამით ზომავდნენ ღირსებასაც.

ათენში უმდიდრეს კაცად ვინმე არქელიოსი ითვლებოდა. სოკრატეს ჰკითხეს, არქელიოსი ხომ უბედნიერესი კაციაო?

- არ ვიცი, მასთან საუბარი არა მქონიაო.

- სპარსეთის მეფე?

- ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი, რა ცოდნის პატრონიაო.

- ნუთუ სწავლა-აღზრდა და ცოდნა კაცის ღირსების საზომიაო? - ჰკითხეს ბრძენს.

- მე ასე მგონია და თქვენი არ ვიციო, - მიუგო სოკრატემ.

იმავე ელადაში ბრძენი სოლონი ამბობდა: „სხვის თავს დატეხილი უსამართლობა, რომ ყველამ საკუთარ წყენად მიიღოს, მაშინ მოვაო სამართლის მეუფება.“ რომში კი ციცერონი ქადაგებდა: „არავის ზიანი არ მიაყენო და თან სარგებლობა მოუტანო საზოგადოებას, ამ ორმაგ სიკეთეს შეიძლება ეწოდოს აქტიური ზნეობა“.

თუ არ შეგიძლია არგო შენს ხალხს, გტკიოდეს ერის ტკივილი, გიყვარდეს ადამიანი, რაღა აზრი აქვს შენს უწყინარობასა და თუნდაც არსებობას! უსარგებლოდ ხომ ქვაც გდია!

იმაში კი, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ქვეყანაში, როგორ გგონიათ ვინ არის დამნაშავე და რამდენად შესაძლებელია ამ საკითხებში გარკვევა და რაც მთავარია მათი გადაწყვეტა?

ბატონი კახა ლომაიას მინისტრობის დროიდან მოყოლებული განათლების სისტემაში კლანურმა მმართველობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. წლების განმავლობაში მკაცრად განსაზღვრული იდეოლოგიური წნეხის ქვეშ დგინდებოდა „ჩემიანი.“ „ჩემი კლანის კაცი“ - აი, ასეთი პრინციპით ხდებოდა ,,ვარდისფერ საქართველოში,“ რომელიც სულ უფრო და უფრო წითლდებოდა, საზოგადოებრივი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში კადრების შერჩევა. ასე იყო, რა თქმა უნდა, კომუნისტების დროსაც, მაგრამ წინა ხელისუფლებამ ამ მხრივ წარმოუდგენელი საქმეები აკეთა. გარდა საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირებისა და მათ მიერ შერჩეული კადრისა, სხვა აღარავინ არსად გაიკარა, თუნდაც იგი დარგის უთვალსაჩინოესი სპეციალისტი ყოფილიყო. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ ბევრი უცოდინარი და არაპროფესიონალი ადამიანი მოხვდა თანამდებობაზე. დღესაც ისინი არიან: უნივერსიტეტებში, თვითმმართველობებში, პარლამენტში წარმოდგენილნი.

საქართველოში 2003 წლიდან მიმდინარე მენტალური რევოლუციის მთავარი სამიზნე პატრიარქალური საზოგადოება და ძველი „დრომოჭმული“ მენტალიტეტი აღმოჩნდა. მისი შეცვლის აუცილებლობა შემდგომი პროგრესის აუცილებელ პირობად დაისახა. საზოგადოების შეცვლას კი მასში არსებული ღირებულებები უშლიდა ხელს, ეს ღირებულებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ენასთან, ეთნიკურ წარმომავლობასა და რელიგიასთან.

მის წინააღმდეგ საბრძოლველად კი ანტიისტორიზმი, როგორც იდეოლოგია ქვეყნის მოწყობის მთავარ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრივად მიიჩნევა თუ 2003 წლის ნოემბრიდან რატომ იწყებოდა საქართველოს ისტორია. გულუბრყვილობაა თუ დღესაც ვინმეს პრეზიდენტის ახირებად მიაჩნია 21-ე საუკუნის არქიტექტურული „შედევრებისთვის“ ადგილად ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის შერჩევა. მსოფლმხედველობრივად მთელი ამ ანსამბლის განთავსება საქართველოს გულის გულში მიზნად ისახავდა ადამიანთა მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდილიყო, როგორც „დრომოჭმული“ წარსულის იგნორირების თვალსაჩინო ნიმუში.

კულტურის სფეროს გარდა, მენტალური რევოლუციით მიღწეულ წარმატებებზე, ენასა და რელიგიასთან დაკავშირებითაც, ბევრს წერდნენ: ქვეყნის პრეზიდენტი, მისი მრჩეველები, „სასახლის პოლიტოლოგები,“ მათ შორის „ჩვენი მეგობრებიც“ და არცთუ უსაფუძვლოდ.

უცხო ენის შესასწავლად საზღვარგარეთიდან მოწვეულ ასეულობით მასწავლებლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ ე.წ. „ანგლიზაციამ“ ქვეყანაში არნახულ მასშტაბებს მიაღწია. რაც, რა თმა უნდა, მისასალმებელი იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო ქართული ენის დაკნინების ფონზე.

დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტიურად იბრძვიან მშობლიური ენის სიწმინდისთვის. იქნება ეს: ესპანური, ბერძნული, გერმანული, ფრანგული თუ ა.შ. მათ საშიშროება ემუქრებათ, რადგან მასმედიით ინგლისური და ამერიკული სიტყვები მრავლად ხვდება. უცხოური რეკლამები, ეტიკეტები და განცხადებები ენათა სიწმინდეს საფრთხეს უქმნის. გასაგებია, რომ გლობალურ სამყაროში, გახშირებული კონტაქტების გამო, მათგან მთლიანად თავის დაღწევა შეუძლებელია, თუმცა ამ დარგში მომუშავე ექსპერტების აზრით, ზომიერება და მშობლიური ენისათვის უპირატესობის მინიჭება აუცილებელია.

რაც შეეხება რელიგიას, რა გამოვიდა აქედან? რამდენი რეზოლუცია ან რეკომენდაციაც უნდა მიიღოს ევროსტრუქტურებმა, მორწმუნეს ვერ დაავალდებულებ, „პატივი სცეს“ იმას, რასაც მისი მრწამსით ცოდვა ეწოდება. თუ ცოდვას პატივსაცემ მოვლენად ჩავთვლით, იგი ცოდვა აღარ იქნება. როცა ცოდვაზე ვლაპარაკობთ, სულაც არ ვგულისხმობთ, რომ თავად უცოდველნი ვართ, მაგრამ სახელის დარქმევა ცოდვისთვის (და არა ცოდვილთან ანგარიშსწორება!) ჩვენი რწმენის საფუძველია.

ათი მცნება ყველა ქრისტიანისთვის ერთნაირად ჟღერს, მაგრამ როდესაც ათივე მცნების უარყოფისკენ მიდიხარ, რა დავარქვათ ამას? ცოდვის ცნების გამორეცხვა სრულიად თვალსაჩინო იყო უკანასკნელი წლების მსოფლიოში. აი, რისი მიბაძვისკენ მოგვიწოდებდნენ ე.წ. „მენტალური რევოლუციის“ შემოქმედნი. საქართველოში ხანგძლივი დროის განმავლობაში „სატელევიზიო ინტოკსიკაციის“ წყალობით „ტვინების გამორეცხვამ“, თანდათან შედეგს მიაღწია. ადამიანთა ცალკეული ჯგუფებისთვის - ცოდვასა და ე.წ. „ნორმას“ შორის საზღვრის წაშლა ჩვენი ადამიანური ბუნების ყველაზე ბნელ და ბინძურ გამოვლინებებად კი არ ჩაითვალა, არამედ პროგრესად.

ამ ყველაფერმა კი ძალზედ სახიფათო ზღვარს მიაღწია, რადგან დღეს დემოკრატიის დამყარების და ხალხის დაცვის საბაბით ნებისმიერი ამდაგვარი უხამსობის პროპაგანდა ისე გაშარჟდა და გამარგინალდა, როგორც ერთ დროს დიადი საბჭოთა კავშირის მიერ დედამიწაზე სოციალისტურ -კომუნისტური სამოთხის დამყარების უტოპიური იდეები.

ამაზე კი ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ერის წარმომადგენელები მხოლოდ გულდაწყვეტით თუ ვილაპარაკებთ.

დღეს, როცა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმა - სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები და ხელშეუხებლობა, ადამიანის უფლებათა ტოტალური დაცვის ეპოქაში, ფაქტობრივად, ფიქციად იქცა, როდესაც დაუფარავად ლაპარაკობენ მსოფლიო პოლიტიკური რუკის გადასინჯვაზე, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მსხვერპლად არ შევწიროთ ამა ქვეყნის ძლიერთა ახირებას. გამოსავალი ერთია: მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, ან ძალა უნდა გავხადოთ სამართლიანი, ან სამართალი ძლიერი. ამას კი ერთ შემთხვევაში შევძლებთ თუ ჩვენს ურთიერთობებს დასავლეთთან და მსოფლიო თანამეგობრობასთან კიდევ უფრო გავაღრმავებთ. მაგრამ, ცხადია, თუ ამ ურთიერთობებს პარტნიორულ პრინციპებზე ავაგებთ და არა უფროს - უმცროსი ძმის პოზიციებიდან.

ნუ დაგვავიწყდება, რომ დასავლეთის მიმართ, ქართველებს მადლიერებასთან ერთად მოკრძალებული საყვედურიც გვეთქმის, თუნდაც წლების განმავლობაში ჩვენი დემოკრატიის შეფასებაში იმ ორმაგი სტანდარტების გამო, რომლის გამართლება თვით ყველაზე თავგადაკლულ „მედასავლეთელსაც“ რომ უძნელდება. ამასთან დაკავშირებით მახსენდება: ერთმა ქიზიყელმა გლეხმა თავის სათაყვანებელ „პატარა კახს,“ ერეკლეს რომ შეჰბედა: „მეფეო, შენ რომ ორს იტყვი, ერთი ჩემიც უნდა გაიგონოო!“

უკანასკნელ ათწლეულებში ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების სწრაფი ტემპების ფონზე, არაერთი ადამიანის გონებაში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ევროპელ ერებს საკუთარი სახელმწიფოებრიობა დიდად არ ადარდებდათ და თვითიდენტიფიკაციისადმი, რომელიც დაკავშირებულია წარსულთან, ენასთან, რელიგიასთან, ტრადიციასთან და სხვა ფასეულობებთან გულგრილი დამოკიდებულება გააჩნდათ. მსგავსი ილუზია გაუჩნდათ, ევროკავშირში მცხოვრებ მილიონობით მიგრანტებსაც. განსაკუთრებით ისეთ დიდ ჯგუფებს, როგორებიცაა, თურქული, არაბული და სხვადასხვა აზიური და აფრიკული ქვეყნებიდან მიგრირებულები. მათ მოისურვეს მასპინძელთა მიწაზე „პატარა სამშობლოების“ მოწყობა საკუთარი ტელევიზიებით, გაზეთებით, მაღაზიების ქსელით, მიზგითებითა და მინარეთებით. მათთვის კოსოვოს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების აღიარება ერთგვარ იმედის მომცემ სიგნალად იქცა. აღნიშნული ილუზიიდან „პატარა სამშობლოების“ მოსურნენი, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებმა სწრაფად გამოაფხიზლეს, საკანონმდებლოცვლილებებით.

დიახ, ერთია, რა იყო გუშინ და ვნახოთ რა ხდება ახლა? მოვისმინოთ გერმანიის ამჟამინდელი კანცლერის მერკელის ამასწინდელი განცხადება: “მულტიკულტურების დრო დამთავრდა, ჩვენ ყველამ გერმანიაში მცხოვრებმა უპირველესად პატივი უნდა ვცეთ გერმანიის ნაციონალურ კულტურას”.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმაც აღიარა, რომ დასავლეთ ევროპაში გატარებული მულტიკულტურების პოლიტიკა ჩავარდა. შესაბამისი განცხადება კემერონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც გააკეთა. ეს კი, დამეთანხმებით უკვე აღარაა შემთხვევითი ამბავი.
კულტურათა შერევისა და გაერთიანებულ სამართლებრივ სივრცეში ერთად მოქცევის კონცეფცია, ევროკავშირის საერთო კონსტიტუციის უარყოფის შემდეგ ეჭვქვეშ დადგა, მაგრამ უკანასკნელ პერიოდამდის აღნიშნული პრობლემა ასე ცხადად არ ჩანდა ზედაპირზე.
კულტურათა თვითმყოფადობისა და საკუთარი სახის შენარჩუნების ინსტიქტმა აჯობა ევროკავშირის საერთო სახელმწიფოდ გადაქცევის ტენდეციას. ევროკავშირი შეჩერდა ინტეგრაციის იმ ფაზაზე, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებაში ცნობილია, როგორც ინტეგრაციის უმაღლესი სტადია - ერთიანი სავალუტო გაერთიანება და ესეც რამდენად სიცოცხლის უნარიანი იქნება ამას დრო აჩვენებს.

ფაქტია, მულტიკულტურიზმის კრახის შემდეგ ,,ინტელექტუალური მოდელი“ იცვლება. მულტიკულტურიზმი, ანუ ანტიისტორიზმი ჩვენს თვალწინ ისევ უბრუნდება ნაციონალურ ჰეროიკას. ბებერი ევროპა უკან, ეროვნული ფესვებისკენ ბრუნდება.

ამან კი, შეიძლება ითქვას, სულზე მოგვისწრო. მართალია, წავიდა ის დრო, როდესაც ამა თუ იმ სახის ,,იზაცია,” თავს ზემოთ დაკიდებული მახვილის ქვეშ მიიღებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ წლების განმავლობაში „ჯვაროსნული ლაშქრობა“ დანარჩენი სამყაროსთვისაც მულტიკულტურების დამკვიდრებისათვის არანაკლები თავგამოდებით ხდებოდა. ხოლო იმის განსაზღვრისთვის, თუ რა მოგვცა შედეგად, შედარებისთვის, ვფიქრობ, ასეთი მაგალითიც გამოდგებოდა:

მოგეხსენებათ, ნორმები ისეთი მყარი არ არის, როგორც ღირებულებები, მაგრამ მათი ზემოქმედების ძალა საზოგადოებაზე არა ნაკლებ მნიშვნელოვანია. ამაში კი ადვილად დავრწმუნდებით, მითუმეტეს, თუ მის შეცვლას მოვინდომებთ. სოციოლოგმა არნოლდ გარფინკელმა ამის ჩვენება ერთი ექსპერიმენტის ჩატარებით გადაწყვიტა. Mმან სტუდენტებს სთხოვა, მშობლებისთვის ფამილარული მიმართვის მაგივრად ოფიციალურად მიემართათ. მისტერ, მის და ა.შ. და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიმართვა სიყვარულის და პატივისცემის ხარისხს სრულებითაც არ აკნინებს, მშობლემისთვის ის სრულიად უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა. უფრო მეტიც აღშფოთებაც კი გამოიწვია.

ჩვენ კი ჩვენს შემთხვევაში ნორმაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ღირებულებებზე. მის განმარტებას კი ტენდენციურობაში რომ არ ჩამომერთვას, ქრეგ კალჰუნს, დონალდ ლაითს, სუზენ კელერს მივანდობ. აი რას წერენ ისინი: ,,ღირებულებები ის მტკიცე და ურყევი კრიტერიუმებია, რომლებიც კარგისა და ცუდის, სასურველისა და არასასურველის, კეთილისა და ბოროტის გარჩევაში გვეხმარება.

ღირებულებები ის მუდმივი, ხშირად გაუცნობიერებელი და გამოუხატავი სტანდარტებია, საიდანაც გარკვეული ქმედებები, მიზნები, მოვლენები აღმოცენდებიან ხოლმე. ისინი, ჩნდებიან გარკვეულ სიტუაციაში და რჩებიან მთელი ცხოვრების მანძილზე. ღირებულებები ადამიანების მუდმივი თანამგზავრი ხდება.“

მიმაჩნია, რომ მცდარია აზრი, თითქოს ევროკავშირში მულტიკულტურიზმის შინაარსი, ძირითადად ხიზნების პრობლემასთან იყოს დაკავშირებული. გავითვალისწინოთ ისიც, რომ მკვლევართა შორის გავრცელებული შეხედულებით, გლობალიზაცია და მულტიკულტურიზმი ერთმანეთს არ გამორიცხავს.

ჩვენისთანა მცირერიცხოვან ერებისთვის ,,მენტალური რევოლუციით“ თავს მოხვეული ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა და ,,მკვდარი მიმბაძველობა“ ხელოვნურად შექმნილი ,,მითიური სამყაროს“ მიმართ, საგანგაშო გახდა, რადგან ეროვნული კულტურის გაქრობა საფრთხის წინაშე რეალურად დააყენა.

საზოგადოება, რომელიც თავისავე წარსულს ზურგს აქცევს, კულტურულ და ისტორიულ ამნეზიაში ვარდება და იდენტიფიკაციის უნარს ჰკარგავს, რამეთუ როგორც კოლექტივის, ასევე ცალკეული ინდივიდის იდენტობა მეხსიერებასთან არის დაკავშირებული. დიახ, ჩვენ კვლავაც დამოკიდებულნი ვრჩებით ისტორიაზე. მხოლოდ წარსულში უკან დაბრუნებით არის შესაძლებელი უკეთ გავიგოთ საკუთარი თავი.

ხოლო ის კულტურები და საზოგადოებები, რომლებიც საკუთარ წარსულს ზურგს აქცევს, კავშირს წყვეტს ღირებულებებთან. ფასეულობები ხომ წარსულის საჩუქარია.

თავის „ისტორიის ფილოსოფიაში“ ჰეგელმა გამაოგნებელი ისტორიული კანონზომიერება აღმოაჩინა, მისი აზრით: ,,ცივილიზაციების ნგრევას და გადაშენებას მათივე ძირითადი პრინციპების ავადმყოფური ინტენსიფიკაცია იწვევს“. ეს თვალსაზრისი შემდგომ სხვა მკვლევარებმაც გაიზიარეს.

ცნობილია, რომ ყოველ ცივილიზაციას წინ უსწრებდა სხვა ცივივილიზაციები. ცნობილმა ინგლისელმა ისტორიკოსმა არნოლდ ტოინბმა 21 შემთხვევა გამოიკვლია, როდესაც ასპარეზზე მოსული ახალი ცივილიზაცია გაცილებით ნაკლებად განვითარებული იყო, ვიდრე წინამორბედი და თავისი კულტურითა და განვითარების დონით კოჭებამდიც კი ვერ სწვდებოდნენ მათ ვის ადგილსაც იკავებდნენ. ა. ტოინბმა დაასკვნა, რომ თითოეული ცივილიზაციის შიგნით თავს იჩენდნენ და თანდათან ძლიერდებოდნენ თვითგანადგურებისაკენ მიმართული იდუმალი ძალები. და ეს საკმარისი გახლდათ, რომ მისი დაცვა შეუძლებელი გამხდარიყო. როგორც ჩანს საქმე ისტორიულ კანონზომიერებასთან გვაქვს.

ამიტომ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებით თუ უნებლიედ, თავადვე არ ვიქცეთ ჩვენივე ცივილიზაციის მესაფლავეებად, რათა ქართული კულტურის, ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება არა ცალკეულ ადამიანთა, არამედ ქართველი ერის უმეტეს შვილთა უმთავრეს საზრუნავად იქცეს?

უწინარესად სახელმწიფოებრივი პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ როგორც განათლების, ისე კულტურის სფეროში, სადაც ეროვნულობის პრიორიტეტი მკაფიოდ იქნება განსაზღვრული და განმარტებული და რაც მთავარია საზოგადოებისთვის გასაგები: ვემიჯნებით იმ იდეოლოგიას თუ მსოფლმხედველობას, რაც წლების განმავლობაში იყო დღემდე, თუ ინერციით მას კვლავაც ვაგრძელებთ?

დიდი გულისტკივილი მინდა გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მენტალური რევოლუციისგან „ჩარეცხილი“ ჩემი კოლეგების მრავალწლიანი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის კარგა ხანია კაზუისტიკაშია მოქცეული. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ წლების განმავლობაში „ფასადური დემოკრატიისათვის“ „გამჭვირვალე“ კონკურსების წყალობით, ქუჩისთვის გამეტებული პროფესორ-მასწავლებელთა დაჟინებული მოთხოვნა, გადასინჯულიყო და მისცემოდა სამართლებრივი შეფასება პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე ჩატარებულ, ფაქტობრივად არ შემდგარ კონკურსების შედეგებს, დღემდე არ განხორციელდა. კინკლაობას, საერთო გზის დასახვისთვის მათ შორისაც არ უჩანს დასასრული. არადა ბრძოლა უსამართლობასთან, დიდი ხანია თავის ლოგიკურ დასასრულს ელოდება.

ჩვენ ხომ მშვენივრად გვესმის, რომ ამ ადამიანების მიერ „ჩადენილი დანაშაული“ ქვეყნის წინაშე ის იყო, რომ არ შეიძლებოდა მათი განათლების სისტემასთან მიკარება და ამიტომაც დაითხოვეს სამსახურებიდან, რადგანაც როგორც თვითონ, ისე ხშირ შემთხვევებში მათი სპეციალობებიც ხელისუფლების მიერ შექმნილ პროკრუსტეს სარეცელზე არ ეტეოდნენ.

სამართლიანობის აღდგენა მოითხოვს ამასთანავე, გაირკვეს და დადგინდეს იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხიც, თუნდაც მორალურის, ვინც წლების განმავლობაში, სხვებს მათთვის წინასწარ დაწერილი სცენარით კონკურსებს უტარებდა. მეტი დამაჯერებლობისთვის ასეთ კომისიებს დროდადრო კვალიფიციურ სპეციალისტებსაც შეურევდნენ ხოლმე, მაგრამ მათი უპრინციპობა დანაშაულზე უფრო მეტად შეფასდა.

პრობლემის გადაწყვეტა უნივერსიტეტების ადმინისტრაციასთან „შინაურული მოლაპარაკებით“, მიღწეულიყო სამართლიანობის აღდგენა, ვერ მოხერხდა, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აქ საქმე გვაქვს არა ერთეულ შემთხვევებთან, არამედ მსოფლმხედველობრივი პრობლემებით შექმნილ მასობრივ დანაშაულთან. ის ხელისუფლება იქცეოდა ისე და შედეგიც მიიღო ისეთი, როგორც ამას მისი იდეოლოგია კარნახობდა.

ამიტომ აუცილებელია დღემდე ჩატარებული კონკურსები ყველგან და უწინარესად განათლების სფეროს ყველა რგოლში ბათილად გამოცხადდეს, რათა ჩატარდეს ახლიდან. ჩვენ გვჭირდება „გამჭვირვალე“ კონკურსები არა „ფასადური დემოკრატიისთვის,“ არამედ ობიექტურად ჩატარებული კონკურსები ქვეყანაში კონკურენტურანიანი გარემოსთვის.

თუ მიბაძვაზეა საუბარი, უცხო კულტურებიდან იქნებ ის გადმოვიღოთ, რაც მართლაც დასაფასებელია და ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას ასე ესჭიროება.

დღესდღეობით ამერიკულ კულტურაში, ღირებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძირეული – კონკურენტულობა და წარმატებულობაა.

პოლიტიკაში, სპორტში, ბიზნესში, სკოლასა და ყოველდღიურ ყოფაში: ამერიკელები თამაშობენ, სწავლობენ, შრომობენ თუ იბრძვიან – ამას აკეთებენ მხოლოდ გამარჯვებისთვის. ეს იმ ენერგიის დაუშრეტელი წყაროა, რომლის წყალობითაც ამერიკა ზესახელმწიფოდ იქცა. სხვა ქვეყნების კულტურაში კონკურენტულობის, როგორც ღირებულების ასეთი მძაფრი განცდა სრულიად უცხოა.

იქნებ, როგორც ქვეყნის აღორძინების უმთავრესი პირობა, ჩვენც დაგვემკვიდრებინა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში კონკურენტულობა, როგორც ღირებულება.

საამისოდ კი, სულ ცოტა, უნდა შემუშავდეს სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ გარკვეულ კრიტერიუმებზე დამყარებული, ,,საყოველთაო ჭეშმარიტებაზე“ დაფუძნებული ხარისხის შეფასების მექანიზმი. გასაგებია, რომ იგი ყველას „ინდივიდუალურ ჭეშმარიტებებს“ ვერ დააკმაყოფილებს, თუმცა მოგვცემს შესაძლებლობას, როგორც უმაღლესი სასწავლებლების სწავლების ხარისხი, ისე იქ დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაცია დადგინდეს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვოლუნტარიზმისათვის ადგილს აღარ დატოვებს. ამ მხრივ, უდავოდ დასაფასებელია, რასაც განათლების სამინისტროსთან ერთად ბ-ნი გია დვალი აკეთებს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის იოლი საქმე და იმედია საზოგადოება ამ თემას კიდევ უფრო მეტ დროს დაუთმობს და განსჯის საგნად აქცევს: თუ ვის შეიძლება ვანდოთ თითოეულმა ჩვენი პროფესიული საქმიანობის შეფასება. განათლების სისტემის ძირეულმა რეფორმირებამ უნდა მოგვცეს შესაძლებლობა განათლების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნას, რათა ჩვენი შვილების აღზრდა მივანდოთ არა შემთხვევით პირებს, არამედ დარგის საუკეთესო სპეციალისტებს.

ქართული ანდაზა ამბობს „ისეთმა ფურმა დამწიხლოს ჩემზე მეტს რომ იწველებაო“.

ობიექტურად ჩატარებული კონკურსები და არჩევნები, ერთი მხრივ არ მისცემს „თვითკმაყოფილების“ უფლებას გამარჯვებულს, ხოლო დამარცხებული, ვისაც უყვარს თავისი პროფესია, სამომავლოდ უკეთ მომზადებული, კვლავაც შეეცდება იბრძოლოს მომდევნო კონკურსში გამარჯვებისთვის.

იმედია დამეთანხმებით, რომ პრობლემის გადაჭრის ეს გზა, არც პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეიძლება შეფასდეს ვინმეს მიერ და არც ხელების გადაგრეხად. თუმცა, სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ასეთ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მოწინააღმდეგენი მაინც მრავლად იქნებიან. მათ შორის უწინარესად მედროვეების, ე.წ. „ადამიანი ფლუგერების“ სახით, რომლებიც საითაც ქარი ქრის, იქით რომ ირხევიან. ასეთები კი, როგორც სხვა სფეროში, განათლების სისტემაშიც მრავლად არიან წარმოდგენილნი. ეს ტიპიური აღმოსავლური ფენომენია და დასავლური კულტურა, მას, როგორც ასეთს არ იცნობს. საზოგადოების ამ კასტის აქტიურობა ყველა დროში, ნაცნობ-მეგობრების მხარდაჭერით, ახერხებდე მოვლენების ეპიცენტრში ყოფნას და ამით, სულ ცოტა ხელშეუხებლობას მაინც აღწევდე, ნამდვილად სულისშემძვრელია. პოეტის სიტყვებით თუ ვიტყვით: „რაც იყო გუშინ/ რაც გუშინწინ, ის არის დღესაც, ისევ ავარდა მედროვეთა მდარე მაზანდა“.

რადგან მხოლოდ ერთი მიმართულებით გონების ვარჯიში, „ააწყო საკუთარი ცხოვრება, როგორც გიტარა“ და ქვეყნის და სხვათა ბედი ფეხზე დაიკიდო, არ არის საკმარისი პირობა ამ ადამიანების კვალიფიკაციის შესაფასებლად. კონკურენტურანიანმა გარემომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ეს უნარ-ჩვევები რუდიმენტული უნდა გახადოს.

ვიმედოვნებ, კონკურსებში მონაწილეობის მიღების სურვილი ასევე არ ექნება მათ, ვინც თავს დარგის სპეციალისტად არ მიიჩნევს, მაგრამ საკუთარი ამბიციით არც სხვებს აწუხებს.

ასე რომ მთავარია დავიწყოთ, დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს!