ანკარის გენერალურმა პროკურატურამ ფრანგული სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ტელეკომპანია NTV-ს ცნობით, გამოძიების დაწყების მიზეზი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე ჟურნალში გამოქვეყნებული კარიკატურა გახდა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, თურქეთი კარიკატურის გამოქვეყნების გამო იურიდიული და დიპლომატიური ზომების მიღებას გეგმავს.
კარიკატურა, რომელიც გამოცემის ახალ ნომერშია, სავარძელში საცვალში მჯდომ ერდოღანს ასახავს. პრეზიდენტი ქალს ისლამურ კაბას უწევს და იძახის: „უ, წინასწარმეტყველო!“
Charlie Hebdo-ს პუბლიკაცია საფრანგეთის და რამდენიმე ისლამურ ქვეყანას შორის დაძაბული კონფრონტაციის ფონზე დაიბეჭდა. ამის მიზეზი კი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებები გახდა 47 წლის მასწავლებლის, სამუელ პატის მკვლელობის შესახებ, რომელმაც მოსწავლეებს წინასწარმეტყველზე კარიკატურები აჩვენა. კერძოდ, მაკრონმა აღნიშნა, რომ ისლამი კრიზისშია, მასწავლებელი კი „რესპუბლიკის განსახიერებაა“. „კარიკატურებსა და ნახატებზე უარს არ ვიტყვით“, - განაცხადა მაკრონმა.
ამის შემდეგ ერდოღანმა მაკრონი ისლამოფობიაში დაადანაშაულა, „ავადმყოფი“ უწოდა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმება ურჩია. მან თანამოქალაქეებს ფრანგული საქონლის ბოიკოტისკენ მოუწოდა.