სომხეთის პრეზიდენტი: საერთაშორისო თანამეგობრობამ თურქეთი უნდა აიძულოს, დატოვოს სამხრეთ კავკასიის რეგიონი

სომხეთის პრეზიდენტი: საერთაშორისო თანამეგობრობამ თურქეთი უნდა აიძულოს, დატოვოს სამხრეთ კავკასიის რეგიონი

საერთაშორისო თანამეგობრობამ თურქეთი უნდა აიძულოს, სამხრეთ კავკასიის რეგიონი დატოვოს, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა გამოცემა The National-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ თურქეთზე ზეწოლა უნდა განახორციელოს, რათა მან ჩვენი რეგიონი დატოვოს თავისი იარაღით, დაქირავებული მებრძოლებითა და ცინიზმით. საერთაშორისო თანამეგობრობამ აზერბაიჯანზე ზეწოლა უნდა განახორციელოს, რათა მან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაიცვას. თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ გამოცხადებული ომი კავკასიაში მეორე სირიის გაჩენის რისკებს შეიცავს, რამაც რეგიონში და რეგიონის გარეთ უფრო დიდი ესკალაცია შეიძლება გამოიწვიოს“, - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.