კვლევითი სამსახური Rasmussen-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს ჯო ბაიდენს 1%-ით უსწრებს.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 48%-ი მზად არის, მხარი დაუჭიროს დონალდ ტრამპს, ხოლო 47%-ი კი ჯო ბაიდენს უჭერს მხარს. გამოკითხულთა 3%-ს პრეზიდენტის პოსტზე სხვა კანდიდატის ხილვა სურს, ხოლო 2%-ს თავისი დამოკიდებულება ჯერ არ განუსაზღვრავს.
გამოკითხვა 21-25 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1 500-მა ადამიანმა მიიღო. როგორც გამოკითხვის ორგანიზატორები აღნიშნავენ, სექტემბრის მეორე ნახევრიდან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გამოკითხვებში დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს გაუსწრო.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას კვლევითი სამსახური Rasmussen-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჯო ბაიდენს რესპონდენტთა 49%-ი უჭერდა მხარს, ხოლო დონალდ ტრამპს - 46%-ი.
აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. საყოველთაო არჩევნების ფარგლებში ამერიკელები ქვეყნის პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატორების 1/3-სა და 13 გუბერნატორს აირჩევენ.