უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნას“ მონაცემებით, ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო.
„26 ოქტომბერს საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. ბელარუსებმა ეს ნაბიჯი გადადგეს იმიტომ, რომ მათი სიტყვა კანონია. კანონი, რომლის წართმევასაც ცდილობენ, მაგრამ ჩვენ მას აუცილებლად დავიბრუნებთ და ამაში ჩვენი მთავარი მშვიდობიანი იარაღი - სოლიდარობა დაგვეხმარება“, - განაცხადა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.
25 ოქტომბერს „სახალხო ულტიმატუმის“ ვადა ამოიწურა, რომელიც ტიხანოვსკაიამ ალექსანდრ ლუკაშენკოს წარუდგინა. ის მისგან პრეზიდენტის პოსტის დატოვებას და დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შეწყვეტას ითხოვდა.
23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.
ევროკავშირმა ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.