პოლიცია ამ დრომდე 21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ თავდასხმაში ეჭვმიტანილ 32 წლის ბადრი ესებუას ეძებს. უწყებამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის ბანკის ძარცვაშია ბრალდებული და შემთხვევის საღამოდან მისი იდენტიფიცირება უკვე მომხდარი იყო.
თუმცა რატომ არ ახდენდა გამოძიება მის საჯაროდ იდენტიფიცირებას და რატომ აირჩიეს დამალვის ტაქტიკა, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსებისთვის ცოტა გაუგებარია. მათი აზრით, პირიქით, დამნაშავის ვინაობა საჯაროდ ცნობილი უნდა იყოს, რადგანაც არ არის გამორიცხული ის იყოს შეიარაღებული და მოსახლეობას კვლავ საფრთხეს უქმნიდეს. ასევე მოსახლეობა მისი დახმარებისგან თავს შეიკავებს. ანალიტიკოსები იმასაც ამატებენ, რომ სპეცოპერაციაში ანტიტერორისტული სპეცრაზმი უნდა ჩაერთოს და ბრალდებულის სათანადო შეფასება მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დრო ისევ სამართალდამცველების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. თუმცა მოგებულ სიტუაციაში არც დამნაშავეს მიიჩნევენ, რადგანაც მას ამხელა ფულით, ჯერ ერთი, ქვეყნის დატოვება გაუჭირდება და მეორეც, თუ მოკავშირეები არ ჰყავს, დიდხანს დამალვას ვერ შეძლებს.
სოფელ გრიგოლიშში, ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას სახლში სპეცოპერაცია დასრულებულია. ჩხრეკა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამოღებულია სხვადასხვა ნივთმტკიცებულებები, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიტანეს. დაკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მამა და ორი ძმა. ასევე, ნათესავებიდან ასაკოვანი ქალი. ჩხრეკა დასრულებულია ბადრი ესებუას ძმების საცხოვრებელ სახლებშიც.
საპოლიციო ძალებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. ზუგდიდის სამმართველოს უფროსი არ აკონკრეტებს კონკრეტულად, რა მტკიცებულებებზეა საუბარი.
დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. ეს არის ერთადერთი გვარი, რომელიც ბევრად ადრე გავრცელდა, ვიდრე ამას გამოძიება დაადასტურებდა. უწყების განმარტებით, 21 ოქტომბერსვე იყო შსს-სთვის ცნობილი პიროვნების სახელი და გვარი.
უსაფრთხოებსის საკითხების ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ აირჩიეს სამართალდამცველებმა ის ტაქტიკა, რომ ბრალდებულის ვინაობის გასაჯაროებაზე თავი შეიკავეს. კარგია, რომ ხელისუფლებამ ბანკში ჩადენილ დანაშაულს ტერორიზმის კვალიფიკაცია მიანიჭა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ მომენტში სუს-ის ანტიტერორისტული სპეცრაზმი და მისი ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე უნდა ჩართულიყვნენ, რადგანაც ეს დანაყოფი სწორედაც რომ მსგავსი შემთხვევებისთვის არის გაწრთვნილი და სწორედ ამ ქვედანაყოფს ჰქონდა უნარი, ეს ადამიანი განეიარაღებინა.
„თუ ადამიანის იდენტიფიცირება მომხდარია , მას აქვს დანაშაული ჩადენილი და ის ძებნაშია, მე ვერ მივხვდი რატომ აირჩიეს ტაქტიკა, რომ მისი ვინაობა არ დაესახელებინათ. პირიქით, მოსახლეობა უფრო შეძლებდა, რომ პოლიციას დახმარებოდა. ასევე არსებობს საფრთხე, რომ ის ისევ შეიარაღებული იყოს და ჩვენი მოქალაქეების ტყვედ აყვანას არ შეეცადოს. ყველა ტერორისტების იდენტიფიკაცია ხდება და ასევე მათი ფოტოები ქვეყნდება. მე მგონია, რომ ჩვენი სამართალდამცველები ამ პირის სათანადოდ შეფასებას ვერ ახდენენ.
საქმეში თავიდანვე ის ხალხი უნდა ჩაერთოთ, რომლებიც ამ საქმეში ერკვევიან. შესაძლოა, დაბნეულობაა თავად ძალოვან სტრუქტურებში და ამ დროს დამნაშავე სარგებლობს. მე როდესაც თავიდანვე შევხედე, ვთქვი, რომ ჩვენს წინაშე იყო სამხედრო პირი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე ტერორისტულ აქტს ახორციელებდა. არა აქვს მნიშვნელობა მოთხოვნა პოლიტიკურია თუ ფინანსური, როდესაც ხალხის სიცოცხლით სახელმწიფოს აშანტაჟებ, ატერორებ, უკვე ტერორისტი ხარ“, - ამბობს მაისაია for.ge-სთან.
მისივე თქმით, აქამდე რომ მუხლის ტერორიზმით გადაკვალიფიცირება მომხდარიყო და ის ქვედანაყოფი ჩაერთოთ, რომელიც ამისთვის არის გაწვრთნილი, აქამდე დაკავებული იქნებოდა. მაისაია ამბობს, რომ გახსნილი ხელყუმბარის გაუვნებელყოფაც შეეძლოთ და საქართველოში ამის ბევრი სპეციალისტია.
„როგორც ჩანს, მას თანამზრახველები ჰყვადა. ისინი შესაძლოა, როგორც ბანკის შიგნით, ასევე მის გარეთ ყოფილიყვნენ. მას ყველაფერი წინასწარ გათვლილი ჰქონდა, ამიტომაც ისიც მეეჭვება, რომ ეს მხოლოდ ფულისთვის გაეკეთებინა. არ არის გამორიცხული, რომ ამით სისტემის უუნარობასაც ამტკიცებს. სანამ მისი დაკავება და მოტივაციის გამოაშკარავება არ მოხდება, ბევრი ვერსიები შეიძლება გამოიკვეთოს. ეს არის კარგად დაგეგმილი აქცია და ეს ადამიანი სისტემის მოუმზადებლობას აჩვენებს. ფაქტია, რომ არსად არ წავიდა და სახლში მივიდა. თუ ამ სპეცოპერაციის ჩატარება არ შეუძლიათ, გადადგნენ ან კიდევ სხვას დააცადონ საქმის კეთება - იმას ვინც ერკვევა. ესაა ტერორიზმი და მისი კალიფიკაცია ადრე რომ მომხდარიყო, ამდენი ხანი დევნა არ დასჭირდებოდათ. ხელისუფლებამ შეძლო, რომ ბესლანის მსგავსი ტრაგედია არ მივიღეთ. ალბათ, სააკაშვილი რომ ყოფილიყო, სისხლის გუბეებს ვიხილავდით. პუტინივით დაადუღებდნენ იქაურობას. ამაზე მადლობა ხელისუფლებას, მაგრამ ამ სიტუაციის აქამდე დასრულებაც შესაძლებელი იყო, სწორი კვალიფიკაცია და მეთაურობა რომ ჰყოლოდა ამ ოპერაციას“, - ამბობს for.ge-სთან მაისაია.
თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მთელი დაგეგმილი ოპერაცია, როგორც ჩანს, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფონზე მიმდინარეობდა. შესაბამისად, სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება არ მიიღეს.
მისი აზრით, მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილება იყო რომ ის გაუშვეს. ალბათ, სხვა სიტუაციაში ბანკს შტურმით აიღებდნენ და სცენარიც სხვაგვარად დასრულდებოდა. პოლკოვნიკი ხელისუფლების ქმედებას ერთი მხრივ ამართლებს და ფიქრობს, რომ 19 ადამიანის სიცოცხლე როცა სასწორზე დევს, გარისკვა არ ღირს. შესაბამისად, დევნის ოპერაცია უფრო წარმატებული უნდა იყოს. მისი აზრით, მართალია ორი დღე არაფერი ვიცოდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიცია არ მოქმედებდა.
„არ გამოვრიცხავს, რომ სამართალდამცველები სახლსაც უთვალთვალებდნენ და მის გამოჩენას ელოდნენ. ვფიქრობ, მისი ლიკვიდაცია არ უნდა აწყობდეთ. ეს რამდენჯერმე წარუმატებელი დაკავება, შსს-ს პოზიციებს ასუსტებს, ამიტომ ეს დაცინვა და ამაზე ქილიკი არ შეიძლება. ამ ინსტიტუტის მიმართ ასეთი ცინიკური დამოკიდებულება ჩვენვე დაგვაზიანებს. უბრალოდ, ამ დამნაშავესთან არ უნდა დავაგვიანოთ და ასეთ წამგებიან სიტუაციაში ყოფნა ძალიან საფრთხილოა.
რაც შეეხება კითხვას, ამ დღეების განმავლობაში ეჭვმიტანილი მტკიცებულებებს გაანადგურებდა თუა არა, რთული სათქმელია, რადგანაც მშობლებთან ამ შეიარაღებას და მით უმეტეს ფულს არ შეინახავდა. თუმცა სახლში დნმ-ის კვალს იპოვიდნენ. ამიტომ დროში არ უნდა გაიწელოს ეს საქმე, რომ ავტორიტეტი პოლიციას არ დაეკარგოს“, - ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი.
მისივე თქმით, ძალიან რთულია წინასწარ განისაზღვროს რას იზამს ახლა ბრალდებული და რა შეიძლება მოიმოქმედოს. მისი თქმით, როდესაც სამხედროს თავდაცვას ასწავლიან, მან ეს კრიმინალისთვის არ უნდა გამოიყენოს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, საქმე საკმაოდ მძიმე ფაქტთან გვაქვს.
„მისი საქციელი ახლა საკმაოდ ამოუხსნელია. მას ორი პრობლემა აქვს. ერთი - ფული აქვს და ის უკვე პრობლემას უქმნის, რადგანაც კრიმინალებთან ვერ მივა, მას თანხის გამო გაანადგურებენ. მეორე - ხალხში ვერ გამოვა უკვე იდენტიფიცირებულია. შესაძლოა ტყეში დაიმალოს და როგორც ვნახეთ, მას ამის უნარები აქვს. შესაძლოა, არჩევნებს დაელოდოს და მერე ქვეყანა დატოვოს. მას შეუძლია გადავიდეს ჩრდილოეთით ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. თუმცა სადაც არ უნდა წავიდეს, ეს ფული მისთვის პრობლემა იქნება.
საერთოდ, ასეთ საქმეზე მარტო როგორ წავიდა რთული სათქმელია. მაშინ გენიოსია ან გაუმართლა. სხვა დროს მისი ლიკვიდაცია მოხდებოდა. ყველამ იცის, რომ 7 საათი გახსნილი ხელყუმბარით ვერ იჯდებოდა. თუ დაშვებით ვისაუბრებთ, მას შიგნითაც და გარეთაც ჯგუფი უნდა ჰყოლოდა. საზოგადოება ისედაც აჭრილია და ამ დამნაშავის რომანტიზება ხდება.
ძალიან იშვიათია იპოვო ასეთი მყარი ფსიქიკის ადამიანი. რა გარანტია ჰქონდა, რომ მის ხელყუმბარას დაიჯერებდნენ? ბევრი უცნაურობაა და ალბათ, ამაზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს“, - ამბობს ბარბაქაძე.