მეექვსე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდის ცენტრში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს ეძებს. მოახერხა თუ არა ბრალდებულმა მეორედ გაქცევა, ოფიციალურად ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მედიაში გავრცელებული იფორმაციით, წუხელ სპეცრაზმს ზუგდიდი რაიონის სოფელ გრიგოლეთიდან ბანკზე ყაჩაღობაში ბრალდებული პირი ხელიდან კიდევ დაუსხლტათ. პარალელურად, მედიაში ძებნილის სავარაუდო ვინაობა დასახელდა. მედიის ცნობით, პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ბადრი ესებუაა და 2008 წლის ომის მონაწილე ყოფილი სამხედროა.
„რეზონანსს“ ადგილობრივები უდასტურებენ, რომ ბადრი ესებუას სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა რას ეძებდნენ და რა იპოვეს, ჯერჯერობით უცნობია. საგამოძიებო მოქმედებები ესებუას სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამოკითხეს მშობლები, ახლობლები და მეზობლები. არის თუ არა ის ეჭვმიტანილი, მათ ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არა აქვთ, სხვა რაიმე დამატებით დეტალების გახმოვანებისგან მეზობლები და ნათესავები თავს იკავებენ.
„რეზონანსის“ ინფორმაციით, 32 წლის ბდრი ესებუა თავდაცვის სამინისტროში უკვე ერთი წელია აღარ მუშაობს. ის სენაკის მეორე ქვეით ბატალიონში წარსულში მოღვაწეობდა. ადგილობრივები იმასაც ადასტურებენ, რომ ესებუას 20 ათასამდე ვალი ჰქონდა და მის გადახდას ვერ ახერხებდა.
როგორც „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია ამტკიცებს, მას აქვს ინფორმაცია, რომ ესებუა ბანკის ძარცვის შემდეგ სახლში აუღელვებლად დაბრუნდა და ამ ხნის განმავლობაში ის სოფელ გრიგოლეთში იმყოფებოდა. აღნიშნულს გამოცემასთან ადგილობრივებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ 23 ოქტომბერს ესებუა მისსავე ეზოში დაინახეს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ თავდამსხმელსა და ესებუას შორის აღნაგობით გარკვეული მსგავსება არსებობს. თუმცა, ამაზე დაზუსტებით საუბარი არ შეუძლიათ. ბადრი ესაბუას ახლობლები და ოჯახის წევრები კი კატეგორიულად უარყოფენ, რომ ძარცვა მისი ჩადენილი იყოს. ისინი იმასაც ამბობენ, რომ ესებუა ტანად უფრო მაღალია და აღნაგობაც სხვანაირი აქვს.
„ბადრი ესებუა სენაკის მეორე ქვეითთა ბრიგადაში მსახურობდა, თუმცა ამჟამად ის მოქმედი სამხედრო არაა. სპეცოპერაციის ჩატარება არ მომხდარა. თუმცა სახლი რომ გაჩხრიკეს, ეგ ვიცი. მეზობლები ამბობენ, რომ ის 22-შიც და 23-შიც მის ეზოში დაინახეს. ეს ბიჭიც და მისი ოაჯხის წვერები, ნათესავები, ყველა ყოფილი სამხედროები არიან.
“დადებითად დავახასიათებ ოჯახსაც და ბიჭსაც. 2008 წალის ომის მონაწილეები არიან. ამიტომ, ძალიან რთულია ადამიანი ასე ღიად დაადანაშაულო. თითქოს გავს რაღაცით მძარცველს, მაგრამ ეს ბიჭი ტანით უფრო მაღალია. ვალები აქვს, როგორც ვიცი, მაგრამ საქართველოში ვალი ყველას აქვს, ამის გამო ბანკის მძარცველიაო, ხომ ვერ ვიტყვით“,-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.
სავარაუდო თავდამსხმელის ბადრი ესებუას ძმის ბიძინა ესებუას განცხადებით კი, მისი ძმა თბილისში სამკურნალოდ იმყოფება და მედიის კითხვებს თავად გასცემს პასუხს. ძმა ამბობს, რომ სავარაუდო დამნაშავე დაახლოებით 1 კვირის წინ დედაქალაქში წავიდა.
"ჩემი ძმა მოვა ხვალ, სავარაუდოდ, თვითონ გააკეთებს მერე დანარჩენ კომენტარს. არ ვიცი ზუსტად სად იყო 21-ში, მაგრამ, მსგავსებაც არანაირი არ არის, სიმაღლეში და ტანადაც სხვა აღნაგობა არის. თბილისში სამკურნალოდ არის, ორშაბათს თუ სამშაბათს წავიდა, არ მახსოვს ზუსტად," - განაცხადა ბადრი ესებუას ძმამ.
ყოფილ მძევლები არ გამორიცხავენ, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუა იყოს, თუმცა, ამაზე დაზუსტებით საუბარი არ შეუძლიათ.
ყოფილი მძევალი ლაშა შენგელია აცხადებს, რომ მსგავსებას ვერანაირად ვერ დაინახავს, რადგან მძარცველი სრულიად შენიღბული იყო. მას მხოლოდ თვალები უჩანდა და ისიც შეღებილი ჰქონდა.
„ახლა სურათს რომ დავაკვირდი, საერთოდ მსგავსება ვერ აღმოვაჩინე. ჩემზე დაბალი იყო. მე ვერ ვაკეთებ იდენტიფიკაციას, გამომდინარე იქიდან, რომ იყო შენიღბული, ერთადერთი თვალის გუგას ვხედავდით. მე სხვანაირი წარმომედგინა. ფოტოზე 20-25-ის ჩანს და უფრო მეტის წარმომედგინა და მეტის შთაბეჭდილებას ტოვებდა," - განაცხადა ყოფილმა მძევალმა ლაშა შენგელიამ.
ასევე ყოფილი მძევალი ირაკლი კვარაცხელია ამბობს, რომ მასაც ზუსტად რაიმეს თქმა უჭირს. თითქოს ესებუას და მძარცველის აღნაგობა ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ზუსტად ვერ იტყვის, რომ ისაა.
“იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერი თითქმის დაფარული ჰქონდა ამ ადამიანს, შესაძლებელი იყო მხოლოდ მისი აღნაგობის ნახვა და თვალების, ამ მონაცემებიდან გამომდინარე, მე შემიძლია მხოლოდ ვიღაცეები გამოვრიცხო, ან არ გამოვრიცხო. ამ ადამიანს მე ვერ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ მისი აღნაგობა და თვალის ჭრილის სხვაობას იმდენად ვერ ვხედავ, რომ ეს ადამიანი გამოვრიცხო," - ამბობს ყოფილი მძევალი ირაკლი კვარაცხელია.