თურქეთის პრეზიდენტი ფრანგი კოლეგის მიმართ არაკორექტული განცხადებების კეთებას განაგრძობს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფომრაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემანუელ მაკრონზე ქალაქ მატიალაში გამოსვლისას ისაუბრა, რომელიც მის Twitter-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
„ადამიანს, რომელის საფრანგეთს მართავს გზა აერია. მთელი დღე ერდოღანზე ფიქრობს. ჯერ საკუთარ თავს შეხედე და ნახე საით მიდიხარ. გუშინაც ვთქვი, რომ მას სამედიცინო შემოწმება სჭირდება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მანამდე კი პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა მაკრონი ისლამზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
შაბათს თურქეთის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ მის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს მუსლიმებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამო მკურნალობა სჭირდება. ამით ერდოღანი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მაკრონმა ისლამურ სეპარატიზმს ომი გამოუცხადა. საფრანგეთმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების გამო თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.